მოსამართლე ნინო გალუსტაშვილმა 11 პოლიტპატიმარი პატიმრობაში დატოვა

აღკვეთის ღონისძიების გადახედვის საკითხი სასამართლოში ყოველ ორ თვეში ერთხელ განიხილება. თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნინო გალუსტაშვილმა ამჟამადაც პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა.
ჯგუფური ძალადობის ბრალდებით დაკავებული 11 დემონსტრანტის პატიმრობის საკითხი მორიგ ჯერზე გადაისინჯა და უცვლელი დარჩა. მათი ადვოკატები ბრალდებულების გათავისუფლებას მოითხოვდნენ, პროკურატურა კი პატიმრობის ძალაში დატოვებას ითხოვდა.. მოსამართლე ნინო გალუსტაშვილმა 11 პოლიტპატიმარი: ანდრო ჭიჭინაძე, ონისე ცხადაძე, გურამ მირცხულავა, ჯანო არჩაია, ლუკა ჯაბუა, რუსლან სივაკოვი, რევაზ კიკნაძე, გიორგი ტერაშვილი, ვალერი თეთრაშვილი, სერგეი კუხარჩუკი და ირაკლი ქერაშვილი პატიმრობაში დატოვა.
საქმე არსებითი განხილვის ეტაპზეა გადასული. დღევანდელ პროცესზე დაცვის მხარემ შესავალი სიტყვა წარმოთქვა. ამასთან, სხდომაზე გადაისინჯა სინდისის პატიმრებისთვის შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება.
სასამართლო სხდომას ესწრებოდნენ დაკავებულებიც.
ანდრო ჭიჭინაძეს, ონისე ცხადაძეს, გურამ მირცხულავას, ლუკა ჯაბუას, ჯანო არჩაიას, რუსლან სივაკოვს, რევაზ კიკნაძეს, გიორგი ტერაშვილს, ვალერი თეთრაშვილს, სერგეი კუხარჩუკსა და ირაკლი ქერაშვილს პროკურატურა ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას ედავება.
მათ 4-დან 6 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.
ადვოკატების თქმით, გამოძიება დასრულებულია, მტკიცებულებების განადგურებისა და სხვა საფრთხეები (მიმალვა, მოწმეებზე ზემოქმედება) აღარ არსებობს.
სხდომას ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო არ ესწრებოდა რეზო კიკნაძის ადვოკატი გუჯა ავსაჯანიშვილი, ამიტომ პოზიცია თავად ბრალდებულმა დააფიქსირა. რეზო კიკნაძემ თქვა, რომ არც მიმალვას და არც განმეორებითი დანაშაულის ჩადენას არ აპირებს. შემდეგ მან მოსამართლეს მიმართა და უთხრა, რომ ციხის ადმინისტრაციით დაწყებული ბადრაგით დამთავრებული, მათ ყველა კარგად ახასიათებს.
„ნაკაშიძე მგონია თავი “თეთრი ბაირაღებიდან”… გთხოვთ, როცა გადაწყვეტილების მიღებას დააპირებთ, ცარიელი სიტყვების გამო არ მიიღოთ გადაწყვეტილება… შეიძლება ადამიანი რაღაც პერიოდი იყოს ხელისუფლებაში, იღებდეს გადაწყვეტილებებს და შერჩეს, მაგრამ არსებობს საუკეთესო მსაჯული – ისტორია. თქვენ შეგიძლიათ ისტორია დაწეროთ და შეხვიდეთ ისტორიაში და მიიღოთ გადაწყვეტილება, რომელიც სამართლიანია და ღირსებას აღუდგენს ფუნქციადაკარგულ სასამართლოს“, – თქვა რეზო კიკნაძემ.
პროკურორებს მიმართა ონისე ცხადაძემ. მისი თქმით, მათ ახლა აქვთ შანსი.
“თქვენ ადამიანობას ტოვებთ გარეთ, ადამიანობა რომ შემოიყოლოთ, ასე არ იქნებოდა ყველაფერი…. თქვენს ადგილას რომ ვიყო, ამ შანს საუკეთესოდ გამოვიყენებდი…
ადამიანი შეიძლება იყოს ან პესიმისტი, ან რეალისტი, ან ოპტიმისტი… თუ ხარ ოპტიმისტი, ნებისმიერ საქმეში განვითარდები. იყავით ოპტიმისტები და ჩვენ გავიმარჯვეთ“, – თქვა ცხადაძემ.
სინდისის პატიმარმა ანდრო ჭიჭინაძემ დღევანდელ სასამართლო პროცესზე სიტყვით ისარგებლა და ისაუბრა როგორც მის მიმართ პროკურატურის მიერ წარდგენილ ბრალდებაზე, ასევე უშუალოდ პროტესტის მნიშვნელობაზე.
პროცესზე მან ასევე გაიხსენა 28 ნოემბრის შემდეგ საპროტესტო აქციებზე ყოფნის პერიოდი. მან პროკურატურის ბრალდებას ერთი მხრივ – გაუგებარი, მეორე მხრივ კი – სასაცილო უწოდა.
ანდრო ჭიჭინაძის სიტყვა სრულად:
“მე შემიძლია ვილაპარაკო პროტესტის მოტივაციაზე, იმ ფორმებზე, როგორც ვუყურებ პროტესტი, ზოგადად, რა ფორმებში შეიძლება გამოიხატებოდეს და როდის დაიწყო ეს პროტესტი. პროტესტი არ დაწყებულა არც 28 ნოემბერს, არც მანამდე, კანონზე როცა აქციები იყო, პროტესტი დაიწყო მაშინ, როდესაც ვიყავი ძალიან პატარა და მოკლეს სანდრო გირგვლიანი, რომელიც იყო ჩემი ოჯახის ახლობელი და მე ვხედავდი იმ პერიოდში, როგორ იბრძოდნენ ჩემი ოჯახის წევრები, ერთის მხრივ, მაგრამ მეორეს მხრივ ვხედავდი იმ შიშს, რა შიშიც იმ დროს არსებობდა, მე მგონი, ახსნას არავის სჭირდება, საიდან გამომდინარე და რა ხდებოდა იმ პერიოდში ზოგადად.
მაშინ დაიბადა პირველი კითხვა – რატომ შეიძლება ადამიანის აზრის გამოხატვა რაღაც საშიშროების მომტანი [იყოს], რატომ შეიძლება ადამიანმა საშიშროება იგრძნოს, როცა უნდა აზრის დაფიქსირება და ამას ვერ აკეთებს, იმიტომ რომ ყველას გვახსოვს, არც თუ ისე დიდი პროტესტი იყო ისეთ ამბებზე, რაზეც აუცილებლად უნდა ყოფილიყო ისეთი პროტესტი, როგორიც, მაგალითად, დღეს არის.
ასევე, მე უბრალოდ გამკვირვებია იმ ადამიანების, ვინც კრიტიკულად არ არის განწყობილი მარტო მთავრობის და პირობითად, მინისტრების ან ვიღაცის მიმართ კი არა, პირველ რიგში, საკუთარი თავის მიმართ, იმიტომ რომ, სხვა შემთხვევაში, თუ კრიტიკული არ ხარ პირველ რიგში შენი თავის მიმართ, ეს არის კონფორმიზმი და მეტი არაფერი, რბილად რომ ვთქვათ, კიდევ შეიძლება სხვა რაღაცების აღნიშვნაც და თქმაც, მაგრამ ამ სიტყვას გამოვიყენებ.
რაც შეეხება უშუალოდ 28 ნოემბერს და ამის მერე განვითარებულ მოვლენებს – თითქმის ყოველ დღე შეიძლება ერთი ან ორი დღე ყოფილიყო მაქსიმუმ, როცა მე ამ აქციებზე არ ან ვერ გავედი, დანარჩენ დღეებში იქ ვიყავი, ძირითადად პირველი სკოლის ტერიტორიაზე, ჩემ მეგობრებთან ერთად, უამრავ ადამიანს შეუძლია დაადასტუროს ის, რომ მე ძირითადად ამ პერიოდში, თითქმის სულ, 29 ნოემბრის გარდა სკოლის ტერიტორიაზე ვიყავი. დაახლოებით 200 ადამიანია, ვისაც შეუძლია ამ ყველაფერზე ლაპარაკი. […]
ერთადერთი დღე იყო, როცა ლოკაცია შევიცვალე – 29 ნოემბერი. მაშინ, როდესაც გავიგე, რომ ჩემი ოჯახის წევრი იდგა უშუალოდ ჭიჭინაძის ქუჩაზე, პოლიციასთან ახლოს. ასვლისთანავე, სხვათა შორის, არ გამომყვა იქიდან, დარჩა იქ, ისე მოხდა, რომ 5 წუთში ასვლიდან გამოფრინდა შუშის ბოთლი, სარაჯიშვილის და მომხვდა ფეხში. ეს ყველაფერი აღწერილია სამედიცინო დასკვნაშიც. […]
იმის მერე 5-6 დღე ჩვეულებრივ გავდიოდი აქციაზე და იგივე ლოკაციაზე ვიდექი, პირველ სკოლასთან, არცერთი წამი ეჭვი არ მქონდა, რომ ვინმეს რამე კითხვა დაებადებოდა, რომც მქონოდა ამის ეჭვი, მაინც გავიდოდი, ეს არ არის პრობლემა, უბრალოდ, ნამდვილად, დარწმუნებული ვარ, ვერავინ წარმოიდგენდა იმას, ვინც აქ ზის, რა მდგომარეობაშიც აღმოვჩნდი იმას, თუმცა მანამდეც ვთქვი, კაცები ვართ და ყველაფერს გავუძლებთ, უბრალოდ, რაღაც სამართლებრივი საფუძველი უნდა არსებობდეს – მთლად ასეც, ცოტა სასაცილოა.
იმ პერიოდში დაახლოებით 4-ჯერ ან 5-ჯერ ტელევიზიასთან მქონდა ინტერვიუები, ყველგან ხაზს ვუსვამდი, რომ ეს ის პროტესტია, სადაც პროტესტი უნდა გამოვხატოთ მშვიდობიანად, სხვადასხვა მშვიდობიანი პროტესტის ფორმის საშუალებებით. მათ შორის, 5 დეკემბერს, როცა ჩემ სახლში შემოვიდნენ, ერთი საათით ადრე მქონდა ერთ-ერთ ტელევიზიასთან ინტერვიუ, სადაც მკაფიოდ გავუსვი ხაზი, რომ პროტესტი აუცილებლად უნდა იყოს მშვიდობიანი.
სულ ეს არის. არ ვიცი, პროკურატურის ბრალდებაზე რა უნდა ვთქვა, არ ვიცი. გაუგებარია ერთი მხრივ, მეორე მხრივ – სასაცილოა. მესამეს მხრივ – დელ კუპერი რომ მოიყვანონ ტვინ პიქსიდან და ქვეცნობიერის გამოძიება რომ დაიწყოს, მაინც ვერ იპოვის იმას, რასაც გვედავებიან”, – თქვა ანდრო ჭიჭინაძემ.
შეგახსენებთ მოსამართლე ნინო გალუსტაშვილმა პატიმრობის შეცვლისთვის საჭირო ახალი გარემოებები ვერ დაინახა და დაკავებულები პატიმრობაში დატოვა.
ჯგუფური ძალადობის ბრალდებით დაკავებული ერთი ჯგუფის საქმე, რომელშიც ანდრო ჭიჭინაძე, ონისე ცხადაძე, რეზო კიკნაძე, გურამ მირცხულავა, ლუკა ჯაბუა, ჯანო არჩაია, რუსლან სივაკოვი, გიორგი ტერაშვილი, ვალერი თეთრაშვილი, სერგეი კუხარჩუკი და ირაკლი ქერაშვილი ფიგურირებენ, არსებითი განხილვის ეტაპზეა. მხარეებმა და მათ შორის ბრალდებულებმა, შესავალი სიტყვით ისარგებლეს.
2024 წლის 28 ნოემბრის შემდეგ ოთხ თვეზე მეტია გასული – ამ დროის განმავლობაში არ წყდება დემონსტრაციები ახალი არჩევნების ჩატარებისა და „სინდისის პატიმრების“ გათავისუფლების მოთხოვნით. ხალხმრავალი აქციები გამოიწვია „ქართულ ოცნებაში“ მიღებულმა გადაწყვეტილებამ, რომლის მიხედვითაც, „2028 წლამდე“ დღის წესრიგში აღარ დააყენებენ ევროკავშირთან გაწევრებაზე მოლაპარაკებების გახსნის საკითხს.
აქციების დაწყების შემდეგ, დემონსტრაციების შესაზღუდად „ქართულმა ოცნებამ“ კანონები გაამკაცრა – შეკრებებზე აკრძალა ლაზერების გამოყენება და სახის დაფარვა, გაზარდა ჯარიმები გზის გადაკეტვასა და პოლიციელის მოთხოვნის დაუმორჩილებლობისთვის. ასევე 15-დან 60 დღემდე გაზარდა ადმინისტრაციული პატიმრობის ვადაც. ამ შეზღუდვების ამოქმედების მიუხედავად, დემონსტრაციები არ შეწყვეტილა.
პოლიციამ სისხლის სამართლის წესით დააკავა ათობით ადამიანი, მათ შორის 11-ის საქმე დღეს, 1 მაისს, განიხილებოდა.