რეგიონი

მოსამართლეების ჯგუფმა საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელი შეიტანა

მოსამართლეების ჯგუფმა საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელი შეიტანა.
სარჩელი ” საერთო სასამართლოების შესახებ” კანონში შეტანილ ცვლილებებს ეხება, რომელიც საქართველოს პარლამენტმა 2021 წლის

30 დეკემბერს, წინასაახალწლო პერიოდში, რიგგარეშე სესიაზე, დაჩქარებული წესით მიიღო.
რადიო ჰერეთის ინფორმაციით, საკონსტიტუციო სარჩელს სხვადასხვა ინსტანციის ხუთი მოსამართლე აწერს ხელს და ის, საკონსტიტუციო სასამართლოს უკვე ჩაბარდა.

სარჩელი სასამართლოს ოფიციალურ ვებ-გვერდზე ამ დროისთვის ატვირთული არ არის და ჯერჯერობით უცნობია, მიიღებს თუ არა მას საკონსტიტუციო სასამართლო განსახილველად.

„საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში შესატანი საკანონმდებლო ცვლილებები, უმრავლესობასა და მოსამართლეებს შორის უთანხმოების საგანი გამოქვეყნებისთანავე გახდა.
15 მოსამართლემ ცვლილებების თაობაზე, განცხადებაც გამოაქვეყნა და პარლამენტს განხილვაზე უარის თქმისკენ მოუწოდა.

საკანონმდებლო ცვლილებებს არ ეთანხმებოდა ოპოზიცია და სამოქალაქო სექტორიც, რომლებიც ინიციატივას მოსამართლეების დამოუკიდებლობის წინააღმდეგ მიმართულად მიიჩნევდნენ.

ახალი ინიციატივა, დემოკრატიის უკან დახევად შეაფასეს საერთაშორისო პარტნიორებმაც, თუმცა პარლამენტმა ცვლილებები მაინც მიიღო.

კანონში ცვლილებები მოსამართლის სხვა სასამართლოში მივლინებას, დისციპლინური სამართალწარმოების შედეგად იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ გადაწყვეტილების მისაღებად აუცილებელი კვორუმის შემცირებას, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების თანამდებობაზე ზედიზედ ორჯერ ერთი და იმავე პირის არჩევის აკრძალვის გაუქმებას და მოსამართლის საქმეთა განხილვისაგან ჩამოცილების შესახებ გადაწყვეტილების მიღების ახლებურ მოწესრიგებას შეეხო.

მსგავსი პოსტები

Back to top button