მოსამართლისთვის წყლის შესხმისთვის, მელიას წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო

ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ნიკა მელიას წინააღმდეგ შინაგან საქმეთა სამინისტრომ კიდევ ერთი სისხლის სამართლის საქმე აღძრა. ამჯერად მას, „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთ ლიდერს, ედავებიან მოსამართლე ირაკლი შვანგირაძის შეურაცხყოფას, რაც გამოიხატა მისთვის წყლის შესხმით. საქმე აღძრულია სისხლის სამართლის კოდექსის 366-ე მუხლით, რომლის მიხედვითაც, სასამართლოს უპატივცემულობა ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით 180-დან 240 საათამდე, ანდა ერთ წლამდე პატიმრობით.
ადვოკატმა „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა მელია რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში მოინახულა.
როგორც უფლებადამცველმა, გიორგი კონდახიშვილმა მედიასთან განაცხადა, სავარაუდოდ, უახლოეს პერიოდში, ნიკა მელიას, სასამართლოს უპატივცემულობაზე, რაც მელიას მხრიდან მოსამართლე ირაკლი შვანგირაძის მიმართ წყლის შესხმაში გამოიხატა, ბრალდებას წარუდგენენ.
მისი თქმით, ნიკა მელიას „ეს ახალი ბრალდებები ღიმილად არ ჰყოფნის“.
„ის არის სამარტოო საკანში. ღიმილად არ ჰყოფნის ეს ახალი ბრალდებები. ჩვენ ჯერ არ დაგვკავშირებია არავინ და როგორც გაავრცელეს ინფორმაცია, ბრალს წარუდგენენ. [დაკავებისას] არავითარი წინააღმდეგობა არ ყოფილა. კახა კალაძესაც გაუკეთებია განცხადება, რომ დაუმორჩილებლობას, შეურაცხყოფას ჰქონდა ადგილი და გამოიძახეს პოლიციაო, რაც არის მტკნარი სიცრუე. ყველაფერი მოხდა წამიერად, ყველანი იყვნენ აღჭურვილი. არანაირი წინააღმდეგობა და შეურაცხყოფა არ ყოფილა. ვითხოვთ, გასაჯაროვდეს კადრები. სამხრე კამერები ჰქონდათ, ასევე, ავტომანქანაზე იყო ვიდეო სარეგისტრაციო აპარატები და პოლიციას ყველაფერი წაღებული აქვს. გაასაჯაროონ თუ ეს სიმართლეა, მაგრამ, რა თქმა უნდა, ეს სიმართლე არაა. ეს იყო წინასწარ დაგეგმილი კრიმინალური ოპერაცია,“ – განაცხადა კონდახიშვილმა.
მელიამ მოსამართლეს წყალი 30 მაისს სასამართლო პროცესზე შეასხა, სადაც წულუკიანის კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო დაკისრებული გირაოს გადაუხდელობის საკითხი განიხილებოდა. მელიამ სხდომაზე შვანგირაძეს „დანაშაულებრივი ჯაჭვის რგოლი“ უწოდა და პროტესტის ნიშნად წყალი შეასხა.
მოსამართლემ მელია დარბაზიდან გააძევა და პატიმრობა შეუფარდა.
მელია 29 მაისს, ლისის ტბის მიმდებარედ დააკავეს ადმინისტრაციული კოდექსის 173-ე მუხლით (პოლიციელის შეურაცხყოფა).
ცნობისთვის, ნიკა მელია პოლიციამ 29 მაისს ადმინისტრაციული წესით დააკავა. მეორე დღეს კი, პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობის საქმეზე მისი სასამართლო პროცესი გაიმართა. 30 მაისს სასამართლო სხდომაზე პოლიტიკოსმა მოსამართლეს ჰკითხა, რატომ არ ინტერესდებოდა მისი დაკავების დეტალებით.
„ადამიანს არ აინტერესებს, გატაცებული ვიყავი თუ არა, შუშის თვალებით იყურება. თანამონაწილე ხართ, დანაშაულებრივი ჯაჭვის ერთ-ერთი რგოლი, რომელსაც კითხვა არ უჩნდება, ვინ გამიტაცა“, – თქვა მელიამ სასამართლო დარბაზში და მოსამართლეს ბოთლით წყალი შეასხა.
ამ მიზეზით სხდომა შეწყდა, მოსამართლე შვანგირაძემ პროცესის განახლების შემდეგ თქვა, რომ ნიკა მელიას აღკვეთის ღონისძიებას, გირაოს, პატიმრობით უცვლიდა.
მელია მესამე პოლიტიკოსია, ირაკლი ოქრუაშვილისა და ზურა გირჩი ჯაფარიძის შემდეგ, რომელსაც პატიმრობა შეეფარდა იმ საპარლამენტო კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო, რომელსაც „ქართული ოცნების“ დეპუტატი თეა წულუკიანი ხელმძღვანელობს. ამ კომისიის მიზანი წინა ხელისუფლების დროს ჩადენილი დანაშაულების შესწავლაა – ნიკა მელია, ისევე როგორც ზურა ჯაფარიძე, „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ 2012 წლის შემდეგ შეუერთდნენ, როცა პარტია უკვე ოპოზიციაში იყო. 2012 წლამდე მათ პოლიტიკური თანამდებობები არ ჰქონიათ.
მელიამ პროცესზე მოსამართლეს სიტყვით მიმართვისას წყალი შეასხა. ოპოზიციონერ პოლიტიკოსს კომისიაზე გამოუცხადებლობის საქმეზე შეფარდებული გირაო პატიმრობით შეუცვალეს.