მოსკოვი დრონებით დაიბომბა

რუსეთის დედაქალაქის მოსკოვის ცენტრში ორი უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოვარდა. შემთხვევასთან დაკავშირებით განცხადება დედაქალაქის მერმა და რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ გააკეთეს და უკრაინა დაადანაშაულეს.
გავრცელებული ინფორმაციით, ერთი უპილოტო საფრენი აპარატი დედაქალაქის ცენტრში მრავალსართულიანი ბიზნესცენტრის შენობას დაეჯახა. კიდევ ერთი აპარატის ფრაგმენტები კი რუსეთის თავდაცვის სამინისტროს შენობასთან აღმოაჩინეს.
მოსკოვის მერის ინფორმაციით, “დაახლოებით 04:00 საათისთვის დაფიქსირებულია უპილოტო საფრენი აპარატებით შეტევა ორ არასაცხოვრებელ შენობაზე”. მისივე თქმით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავდა და შემთხვევას “სერიოზული ნგრევაც” არ გამოუწვევია.
თავდაცვის სამინისტრო მომხდარს “ტერორისტული თავდასხმის მცდელობას” უწოდებს და ამტკიცებს, რომ დრონები რადიოელექტრონული ბრძოლის მეთოდებით ჩამოაგდეს.
„24 ივლისს, დილით კიევის რეჟიმის ჰქონდა მცდელობა, განეხორციელებინა ტერორისტული თავდასხმა ორი უპილოტო საფრენი აპარატით მოსკოვის ობიექტებზე. ორივე უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატი ჩაახშვეს და ჩამოაგდეს ელექტრონული ომის საშუალებით“, – აცხადებენ სამინისტროში.
3 მაისს რუსეთის პრეზიდენტის პრესსამსახურმა განაცხადა, რომ “კიევის რეჟიმს” ჰქონდა უპილოტო საფრენი აპარატებით კრემლზე დარტყმის მცდელობა, რომ სამხედროებმა და სპეცსამსახურებმა ორი უპილოტო საფრენი აპარატი მწყობრიდან “დროულად” გამოიყვანეს და კრემლის ტერიტორიაზე დრონების ჩამოყრისა და ნამსხვრევების გაფანტვის შედეგად არავინ დაშავებულა.
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ პუტინს და მოსკოვს თავს არ დასხმიან, რადგან უკრაინელები საკუთარ ტერიტორიაზე იბრძვიან. როგორც ზელენსკიმ თქვა, პუტინს საერთაშორისო ტრიბუნალს დაუთმობენ.
30 მაისს რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ მოსკოვზე იყო შეტევა 8 უპილოტო საფრენი აპარატით, რომელთაგან 5 ჩამოაგდეს საზენიტო-სარაკეტო კომპლექს „პანცირით“, 3 კი გააუვნებელყვეს რადიოელექტრონული ბრძოლის საშუალებებით. მოსკოვის მერიის ინფორმაციით, ქალაქის რამდენიმე რაიონში დაზიანდა მრავალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსების ბინები და სამედიცინო დახმარება დასჭირდა 2 ადამიანს.
21 ივნისს რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ „აღკვეთილია” მოსკოვის ოლქის ტერიტორიაზე მდებარე ობიექტებზე „ტერორისტული შეტევის“ მცდელობა, რადიოელექტრონული ბრძოლის საშუალებებით ზემოქმედების შედეგად, სამივე დრონმა მართვა დაკარგა და ჩამოვარდა.
4 ივლისს რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ „აღკვეთილად” გამოაცხადა „კიევის რეჟიმის მცდელობა, ხუთი უპილოტო საფრენი აპარატით განეხორციელებინა შეტევა ობიექტებზე მოსკოვის ოლქსა და ახალი მოსკოვის ტერიტორიაზე“. მათ შორის იყო მოსკოვის ოლქში მდებარე სამხედრო ობიექტი.
უკრაინის თავდაცვის სამინისტრო და გენერალური შტაბი რუსეთის ბრალდებებს, როგორც წესი, ოფიციალური კომენტარის გარეშე ტოვებენ.