18 ათასი რუბლი მოსკოვი-ქუთაისი Red Wings-ი საქართველოს მიმართულებით ფრენებს იწყებს

რუსულმა ავიაკომპანია Red Wings-მა საქართველოს მიმართულებით პირდაპირ რეისებზე ბილეთების გაყიდვა დაიწყო.
როგორც მანამდე გახდა ცნობილი, Red Wings-ი მოსკოვი-ქუთაისი-მოსკოვის და სოჭი-თბილისი-სოჭის მიმართულებებით იფრენს.
მოსკოვიდან ქუთაისისკენ რეისები, სავარაუდოდ, 10 ივლისს, ხოლო სოჭი-თბილისის მიმართულებით 11 ივლისს შესრულდება.
მოსკოვი-ქუთაისის რეისზე ბილეთის მინიმალური ფასი, დაახლოებით, 17-18 ათასი რუბლი (190-200 აშშ დოლარი) იქნება. სოჭი-თბილისის მიმართულებით კი ბილეთი, დაახლოებით, 7 ათასი რუბლი ( 80 აშშ დოლარი) ეღირება.
მანამდე მედია იუწყებოდა, რომ Red Wings-ი საქართველოში ფრენებს ვერ იწყებდა რუსეთის ტრანსპორტის სამინისტროს შესაბამისი ნებართვის არქონის გამო. საქართველოს მხრიდან ავიაკომპანიამ ფრენების ნებართვა ჯერ კიდევ მაისი მიიღო.
მედიამ და სოციალური ქსელების მომხმარებლებმა ყურადღება მიაქციეს იმ ფაქტს, რომ Red Wings-ის მიმართულებების სიაშია “აფხაზეთი”, მიუხედავად იმისა, რომ დე ფაქტო რესპუბლიკის მიმართულებით ფრენები არ ხორციელდება. სიაშია, კერძოდ, გუდაუთა, გაგრა, ახალი ათონი, ბიჭვინთა და სოხუმი, ბაბუშარა.
ამასთან, 2022 წელს, შეერთებული შტატების ვაჭრობის დეპარტამენტმა Red Wing-ის ორ თვითმფრინავს რუსეთსა და ბელარუსში შესრულებული ფრენების გამო სანქციები დაუწესა.
ამჟამად რუსეთ-საქართველოს შორის ყოველდღიურად დაფრინავს რუსული ავიაკომპანია „აზიმუტი“ და ქართული Georgian Airways -ი.
მიმდინარე წლის 10 მაისს რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა ხელი მოაწერა ბრძანებულებებს საქართველოსთან 2019 წლის ზაფხულიდან გაუქმებული პირდაპირი ავიამიმოსვლის აღდგენის და 2000 წლიდან მოქმედი სავიზო რეჟიმის გაუქმების შესახებ. ამის შემდეგ საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ რუსულ და ქართულ ავიაკომპანიებს რუსეთ-საქართველოს შორის პირდაპირი ფრენების დაწყების უფლება მისცა.
დასავლეთის ბევრი ქვეყანა, მათ შორის აშშ რუსულ თვითმფრინავებს უკრძალავს საკუთარ საჰაერო სივრცეში შესვლას და აშშ შეაშფოთა რუსეთსა და საქართველოს შორის პირდაპირი ავიარეისების განახლებამ, რადგან ამან შესაძლოა, სანქციების რისკი შეუქმნას კომპანიებს საქართველოს აეროპორტებში.
რუსეთთან პირდაპირი ფრენების აღდგენის გამო ევროკავშირის 27-ვე ქვეყანამ საქართველოს დემარში გამოუცხადა.
საქართველოს მთავრობაში აცხადებენ, რომ პირდაპირი ავიამიმოსვლა დადებითად აისახება რუსეთში მცხოვრებ მილიონამდე თანამემამულეზე და საქართველოს ეკონომიკაზეც და რომ საქართველოს ბაზარზე არ დაიშვებიან უკრაინის წინააღმდეგ ომის გამო დასავლეთის მიერ სანქცირებული ავიაკომპანიები და მათი თვითმფრინავები.
რუსეთთან პირდაპირი ავიამიმოსვლის განახლებაზე საქართველოს მთავრობის თანხმობას მწვავედ აკრიტიკებს სამოქალაქო საზოგადოებისა და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენელთა დიდი ნაწილი. მათი განცხადებით, “ქართული ოცნების” მთავრობის გადაწყვეტილებამ შესაძლოა, გამოიწვიოს საქართველოს აეროპორტების წინააღმდეგ სანქციების ამოქმედება. ოპონენტები მთავრობას ადანაშაულებენ ქვეყნის ეროვნული ინტერესების ღალატსა და ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღების შეფერხებაში.
შეგახსენებთ რომ Red Wings-მა საქართველოში ფრენების უფლება პირველ ივნისს მიიღო. რუსულ ავიაკომპანიას პირდაპირი ფრენები 15 ივნისიდან უნდა დაეწყო, თუმცა რეისები რამდენჯერმე გადაიდო. ავიაკომპანია რეისებს რუსეთის ტრანსპორტის სამინისტროს შესაბამისი გადაწყვეტილების არარსებობის გამო ვერ იწყებდა.