მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

მოსკოვი უკრაინას ბიოლოგიური იარაღის გამოყენებაში ადანაშაულებს

კრემლის მოთხოვნით მესამედ, გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომა გაიმართა, სადაც მოსკოვმა უკრაინა ბიოლოგიური იარაღის გამოყენებაში დაადანაშაულა.

გაეროში რუსეთის მუდმივი წარმომადგენლის მოადგილე აცხადებს, რომ მათ ამერიკულ სამხედრო ბიოლოგიურ პროგრამებზე ახალი მტკიცებულებები აქვთ. იქამდე კი რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ ამერიკის ხელისუფლება და ფარმაცევტული კომპანიები უკრაინაში ბიოლოგიური იარაღის შექმნაში დაადანაშაულა.

საბჭოს წევრებმა კრემლის განცხადებები დაგმეს და მტკიცებულებებს არაფრის მთქმელი უწოდეს.

ბრძოლის ველზე მდგომარეობა ბევრად უარესია, ვიდრე ომის დასაწყისში იყო, – ამის შესახებ უკრაინელმა დეპუტატმა, ოლექსანდრა უსტინოვამ ვაშინგტონში, გერმანიის მარშალის ფონდის მიერ გამართულ შეხვედრაზე განაცხადა.

„ფრონტის ხაზზე ახლა ჯოჯოხეთია. ახლა უფრო მეტ ადამიანს ვკარგავთ, ვიდრე ომის დასაწყისში,” – აღნიშნა დეპუტატმა.

მან შეერთებულ შტატებს მოუწოდა, უკრაინას საჰაერო თავდაცვის სისტემები და მოიერიშე თვითმფრინავები მიაწოდონ.

ამასთან, შეხვედრაზე უკრაინელმა სამოქალაქო საზოგადოების წამყვანმა აქტივისტმა დარია კალენიუკმა ხაზი გაუსვა, რომ ქვეყანა ომს საბჭოთა აღჭურვილობით ვერ მოიგებს.

„ჩვენ ვერ მოვიგებთ ამ ომს საბჭოთა აღჭურვილობით, რადგან ა) რუსეთს აქვს ბევრად მეტი საბჭოთა ტექნიკა, ბ) ჩვენ ამისთვის საბრძოლო მასალას ვერსად ვერ ვშოულობთ და გ) რუსეთს მეტი ხალხი და ჯარი ჰყავს“, – აღნიშნა უკრაინელმა სამოქალაქო აქტივისტმა.

ამასთან უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი მიიჩნევს, რომ დღესდღეობით ვერავინ იწინასწარმეტყველებს, თუ რამდენ ხანს გაგრძელდება რუსეთის ომი უკრაინის წინააღმდეგ. ამის შესახებ მან მორიგი ვიდეომიმართვისას განაცხადა.

„დღეს შეგვიძლია, ვახსენოთ მე-200 ჩამოგდებული რუსული სამხედრო თვითმფრინავი. რუსეთს ათწლეულების განმავლობაში არ დაუკარგავს ამდენი თვითმფრინავი ერთ ომში. რუსეთმა თითქმის 27 ათასი ჯარისკაცი დაკარგა და ბევრი მათგანი ახალგაზრდა წვევამდელია. რუსეთმა დაკარგა 3 000-ზე მეტი ტანკი, ჯავშანტექნიკა, დიდი რაოდენობით სამხედრო მანქანა, ვერტმფრენები, დრონები და ყველა მისი სახელმწიფოებრივი პერსპექტივა. რისთვის ეს ყველაფერი? დროებით ოკუპირებულ გენიჩენსკში ლენინის ძეგლი რომ იდგეს ცოტა ხნით? სხვა შედეგი რუსეთში არ არის და არც იქნება“, – განაცხადა ზელენსკიმ.

ზელენსკის ამბობს, რომ „დღეს ფაქტობრივად ვერავინ იწინასწარმეტყველებს, თუ რამდენ ხანს გაგრძელდება ეს ომი, მაგრამ ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ ჩვენი მიწა სწრაფად გავათავისუფლოთ. ეს არის ჩვენი პრიორიტეტი, ყოველდღე ვმუშაობთ, რომ ომი უფრო მოკლე იყოს“.

ვოლოდიმირ ზელენსკიმ ხაზი გაუსვა იმას, რომ ომის დასრულება მხოლოდ მათ ხალხზე არ არის დამოკიდებული, რომელიც მაქსიმუმს აკეთებს.

„ეს ასევე დამოკიდებულია ჩვენს პარტნიორებზე. ევროპის ქვეყნებიდან, თავისუფალი სამყაროს ქვეყნებიდან. მადლობელი ვარ ყველასი, ვინც მუშაობს რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გაზრდისა და ჩვენთვის, უკრაინის სამხედრო და ფინანსური მხარდაჭერის გაზრდაზე. ეს არის ერთადერთი რეცეპტი რუსეთის შემოჭრის ფონზე თავისუფლების დასაცავად. დასავლური სახელმწიფოებისთვის კი, ეს მხოლოდ ხარჯი არ არის. ეს არ არის ბუღალტერია. საუბარია მომავალზე. მსოფლიომ უკვე გააცნობიერა, რომ რუსეთის მიერ ჩვენი პორტების ბლოკადა და ეს ომი ფართომასშტაბიანი სასურსათო კრიზისის პროვოცირებას ახდენს. რუსი ოფიციალური პირები ასევე გულწრფელად ემუქრებიან მსოფლიოს იმით, რომ ათეულობით სახელმწიფოში იქნება შიმშილი. და რა შედეგები შეიძლება მოჰყვეს ასეთ შიმშილს? რა სახის პოლიტიკურ არასტაბილურობას და რა სახის მიგრაციულ ნაკადებს გამოიწვევს ეს? რა თანხა უნდა დაიხარჯოს შედეგების დასაძლევად?“, – განაცხადა ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტის თქმით, ამ კითხვებზე პასუხი უნდა გასცენ მათ, ვინც ანელებს რუსეთის წინააღმდეგ სანქციების პაკეტებს ან ცდილობს, გადადოს უკრაინის დახმარება.

„ომის ყოველი დღე გლობალური საფრთხეების ზრდაა, ეს არის ახალი შესაძლებლობები რუსეთისთვის, რომ არასტაბილურობის პროვოცირება მოახდინოს მსოფლიოს სხვა რეგიონებში და არა მარტო აქ, ევროპაში“, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.

მსგავსი პოსტები

Back to top button