მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

მოსკოვის საპატრიარქო „თანაგრძნობით აკვირდება“ მეუფე შიოს შესაძლო მოწამვლას

რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია „თანაგრძნობით აკვირდება“ საქართველოს საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, მეუფე შიოს შესაძლო მოწამვლასთან დაკავშირებულ სიტუაციას. ამის შესახებ კრემლის მიერ კონტროლირებულ სააგენტო „ტასს“ განუცხადა მოსკოვის საპატრიარქოს საგარეო საეკლესიო კავშირების განყოფილების ხელმძღვანელის მოადგილემ, დეკანოზმა იგორ იაკიმჩუკმა. მისი თქმით, ფლობენ მხოლოდ იმ ცნობებს, რომლებიც მედიით გავრცელდა.

„რა თქმა უნდა, განვიცდით მეუფის გამო. ის ადრე მოსკოვში მსახურობდა წმინდა გიორგის ტაძარში და წმინდა ტიხონის უნივერსიტეტში სწავლობდა“, – განაცხადა მოსკოვის საპატრიარქოს წარმომადგენელმა.
5 ივლისს ტელეკომპანია მთავარმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ საპატრიარქოს ტახტის მოსაყდრის, მიტროპოლიტ შიო მუჯირის მოწამვლა სცადეს.

6 ივლისს საპატრიარქოს პრესსამსახურის უფროსმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ განაცხადა, რომ მიტროპოლიტ შიოს სისხლის ანალიზში გარკვეული ცვლილებები არის. ჯაღმაიძის ცნობით, ანალიზის მიხედვით, სისხლში მეტალების შემცველობა დაშვებულზე მეტი აღმოჩნდა.

სენაკის და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო(მუჯირი), რომელიც 2017 წლიდან საქართველოს საპატრიარქო ტახტის მოსაყდრეა, მოსკოვის ქართველთა სათვისტომოს წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის წინამძღვარი 2001 წელს გახდა და პარალელურად სწავლობდა მოსკოვის წმინდა ტიხონის საღვთისმეტყველო ინსტიტუტში.

6 ივლისს საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ საპატრიარქოს ტელეარხ „ერთსულოვნებასთან” ინტერვიუში თქვა, რომ დაახლოებით ერთი თვის წინ ჩატარებული გამოკვლევის შედეგად, მეუფე შიოს ორგანიზმში „აღმოჩნდა მძიმე მეტალები” და მოწამვლა გამორიცხული არ არის, თუმცა „ამას სჭირდება გარკვეული დასაბუთება, რაც სპეციალურ სამსახურებს ევალებათ”.

საპატრიარქო ტახტის მემკვიდრემ, მიტროპოლიტმა შიომ, სამების საკათედრო ტაძარში ქადაგების დასრულების შემდეგ მედიასთან კომენტარი გააკეთა თავისი სავარაუდო მოწამვლის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციაზე და იმედი გამოთქვა, რომ დეტალები გაირკვევა.

„ღვთის შეწევნით ვარ კარგად. დიახ, ალბათ, უნდა ჩატარდეს [განმეორებითი კვლევა], ექიმები გვირჩევენ. ზუსტად ახლა თქმა რთულია, იმედია, რომ გაირკვევა. ეს ყოფითი მოწამვლაა თუ გარკვეული ზემოქმედება იყო, ამას ვერ მოგახსენებთ“, – განაცხადა მიტროპოლიტმა შიომ.

ინფორმაცია მიტროპოლიტ შიოს შესაძლო მოწამვლის შესახებ გასულ კვირაში გაავრცელეს ტელეკომპანიებმა „მთავარმა არხმა“ და „რუსთავი 2-მა”.

6 ივლისს საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ საპატრიარქოს ტელეარხ „ერთსულოვნებასთან” ინტერვიუში თქვა, რომ დაახლოებით ერთი თვის წინ ჩატარებული გამოკვლევით, მეუფე შიოს ორგანიზმში „აღმოჩნდა მძიმე მეტალები” და მოწამვლა გამორიცხული არ არის, თუმცა „ამას სჭირდება გარკვეული დასაბუთება, რაც სპეციალურ სამსახურებს ევალებათ”.
7 ივლისს ცნობილი გახდა, რომ საქართველოს შსს-მ გამოძიება დაიწყო მიტროპოლიტ შიო მუჯირის განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე. უწყების ცნობით, გამოძიების შედეგების მიხედვით, შესაძლოა, მუხლი გადაკვალიფიცირდეს.

მსგავსი პოსტები

Back to top button