მოსკოვმა ვაგნერის მეთაურის სიკვდილი დაადასტურა

რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა ევგენი პრიგოჟინის სიკვდილი ოფიციალურად დაადასტურა – უწყება აცხადებს, რომ თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად დაღუპული ათივე ადამიანის ვინაობა გენეტიკური ტესტით დადასტურდა.
რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის ინფორმაციით, ტვერის ოლქში ავიაკატასტროფის ათივე მსხვერპლის ვინაობა დადგენილია და მგზავრთა სიას შეესაბამება.
23 აგვისტოს ტვერის ოლქში თვითმფრინავი ჩამოვარდა – ბორტზე 10 ადამიანი იმყოფებოდა, მათგან ყველა დაღუპულია. როგორც TASS-მა Rosaviatsia-ზე დაყრდნობით დაწერა, მგზავრთა სიაში ირიცხებოდა ევგენი პრიგოჟინიც, თუმცა თავდაპირველად მისი ბორტზე ყოფნა ოფიციალურად არ დასტურდებოდა.
მათივე ინფორმაციით, გამოძიების ფარგლებში დასრულდა მოლეკულურ- გენეტიკური გამოკვლევა.
„ტვერის ოლქში მომხდარ ავიაკატასტროფაზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში დასრულდა მოლეკულურ-გენეტიკური ექსპერტიზა. შედეგების საფუძველზე დადგენილია ათივე გარდაცვლილის ვინაობა, ისინი შეესაბამება ფრენის ფურცელში მითითებულ სიას”, -აცხადებენ უწყებაში.
რუსული მედიის ცნობით, თვითმფრინავი ტვერის ოლქში, სოფელ კუჟენკინოსთან ჩამოვარდა – ის შერემეტიევოს აეროპორტიდან სანქტ-პეტერბურგში მიფრინავდა.
ევგენი პრიგოჟინსა და რუსეთის თავდაცვის სამინისტროს შორის ღია კონფლიქტი რამდენიმე თვეა გრძელდებოდა, ხოლო 24 ივნისს პრიგოჟინი რუსეთის ხელისუფლების წინააღმდეგ აჯანყდა. 24 საათზე ნაკლებ დროში მისმა სამხედრო კოლონამ თითქმის მოსკოვამდე მიაღწია, თუმცა ბელარუსის პრეზიდენტთან, ალექსანდრ ლუკაშენკოსთან დიალოგის შემდეგ, პრიგოჟინმა განაცხადა, რომ აჯანყება შეწყვიტა.
შეგახსენებთ, ოთხშაბათს ტვერის ოლქში კერძო თვითმფრინავი ჩამოვარდა, რომელიც მოსკოვიდან სანკტ-პეტერბურგში მიფრინავდა. საგანგებო სიტუაციების სამინისტროს ცნობით, ბორტზე მყოფი ყველა მგზავრი დაიღუპა. რუსეთის საჰაერო ტრანსპორტის ფედერალური სააგენტოს ცნობით, ავიაკატასტროფის დროს თვითმფრინავის ბორტზე იმყოფებოდნენ : რუსული კერძო სამხედრო კომპანია “ვაგნერის” ხელმძღვანელი, ევგენი პროგოჟინი, სერგეი პროპუსტინი, ევგენი მაკარიანი, ალექსანდრ ტოტმინი, ვალერი ჩეკალოვი, დიმიტრი უტკინი, ნიკოლაი მატუსევი, პოლოტები : ალექსეი ლევშინი და რუსტამ კარიმოვი და ბორტგამცილებელი კრისტინა რასპოპოვა.