მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

მოსკოვს პრიგოჟინის წინააღმდეგ მიმდინარე სისხლის სამართლის საქმე არ დაუხურავს

რუსული მედიის ცნობით, აჯანყების შეწყვეტისა და კრემლის განცხადების მიუხედავად, რუსეთში ვაგნერის ხელმძღვანელის ევგენი პრიგოჟინის წინააღმდეგ მიმდინარე სისხლის სამართლის საქმე არ შეჩერებულა. ინფორმაციას კომერსანტი წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, “ვაგნერის” ლიდერის წინააღმდეგ საქმის გამოძიებას რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის საგამოძიებო განყოფილების გამომძიებელი აგრძელებს.

პრიგოჟინის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე რუსეთის ფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსის 279-ე მუხლით შეიარაღებული აჯანყების ორგანიზების ფაქტზე 23 ივნისს მას შემდეგ აღძრეს, რაც „ვაგნერის“ ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ძალებმა „ვაგნერის“ ბანაკები დაბომბეს და რუსეთის თავდაცვის მინისტრ სერგეი შოიგუსთან გასარკვევად მიდიოდნენ და ეს არ იყო სამხედრო გადატრიალება, არამედ „სამართლიანობის მარში“. „ვაგნერელებმა“ როსტოვსა და ვორონეჟში სამხედრო ობიექტები დაიკავეს და მოსკოვისკენ დაიძრნენ. შაბათს საღამოს, ბელარუსის პრეზიდენტ ალექსანდრე ლუკაშენკოსთან საუბრის შემდეგ, პრიგოჟინმა განაცხადა, რომ საველე ბანაკებში დაბრუნების გადაწყვეტილება მიიღეს

პრიგოჟინის წინააღმდეგ საქმე მას შემდეგ აღიძრა, რაც ის რუსეთის თავდაცვის სამინისტროს დაუპირისპირდა – მან უწყება ვაგნერის ბანაკების დაბომბვასა და მებრძოლების მკვლელობაში დაადანაშაულა.

ამას გამოეხმაურა კრემლის პრესსპიკერი, დმიტრი პესკოვი და თქვა, რომ პრიგოჟინის წინააღმდეგ გამოძიება შეწყდებოდა და ვაგნერის ხელმძღვანელი ბელარუსში გაემგზავრებოდა.
დღეს რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა ვიდეო, სადაც ჩანს, რომ მინისტრი სერგეი შოიგუ “სპეციალური სამხედრო ოპერაციის” ზონაში დასავლეთის ძალების ჯგუფის წინა სამეთაურო პუნქტს ათვალიერებს. როდის არის ვიდეო გადაღებული, უცნობია, თუმცა პრიგოჟინის სამხედრო აჯანყების შემდეგ, თავდაცვის მინისტრი საზოგადოებაში პირველად გამოჩნდა.

მსგავსი პოსტები

Back to top button