მოსკოვში საკონცერტო დარბაზში სამმა შეიარაღებულმა პირმა ცეცხლი გახსნა
რუსეთის ოფიციალურ მედიაში უკვე საუბრობენ ტერაქტის ვერსიაზე

მოსკოვში კრასნოგორსკში საკონცერტო დარბაზში ცეცხლი გახსნეს- ვრცელდება ინფორმაცია დაღუპულებისა და დაშავებულების შესახებ.
თავდასხმა იმ დროს მოხდა, როდესაც ჯგუფ „პიკნიკის“ კონცერტი მიმდინარეობდა.
“რია ნოვოსტის” ცნობით, სამმა პირმა საკონცერტო დარბაზ “კროკუს სითი ჰოლში” ცეცხლი გახსნა- რუსული მედიის ინფორმაციით, მიმდინარეობს ხალხის ევაკუაცია. არსებული ინფორმაციით, სროლის შემდეგ გაჩნდა ხანძარიც.
“კროკუს სითი ჰოლის” პარტერში სპეციალურ ფორმებში გამოწყობილი ადამიანები შევარდნენ, მინიმუმ სამი, ცეცხლი გახსნეს ავტომატური იარაღიდან. ნამდვილად არიან დაჭრილები… ამის შემდეგ ისროლეს ყუმბარა ან ბომბი, შედეგად ცეცხლი გაჩნდა…
ადამიანები, რომლებიც დარბაზში იმყოფებოდნენ, ძირს დაწვნენ, რათა სროლას გადარჩენოდნენ, 15-20 წუთი იწვნენ, რის შემდეგაც ცოცვით დაიწყეს გასვლა. ბევრმა გასვლა შეძლო”, – წერს გამოცემა საკუთარ კორესპონდენტზე დაყრდნობით.
ტელეგრამ არხებზე ვრცელდება ვიდეო, სადაც ჩანს ორი შეიარაღებული პირი, რომლებიც Crocus City Hall-ში შესვლის შემდეგ სროლას იწყებენ. არსებული ინფორმაციით, დაღუპულია 12 და დაჭრილია 35 ადამიანი.
შემთხვევის ადგილზე გადაისროლეს პოლიციის სწრაფი რეაგირების ძალები და სასწრაფო დახმარების ეკიპაჟები, მიმდინარეობს ადამიანების ევაკუაცია საკონცერტო დარბაზის შენობიდან, რომლის თავზეც ცეცხლის კვამლი მოჩანს. რუსეთის ოფიციალურ მედიაში უკვე საუბრობენ ტერაქტის ვერსიაზე.
გამოცემის ინფორმაციით, ადგილზე სამართალდამცავები იმყოფებიან.