მნიშვნელოვანისაქართველოსიახლეები

მოვაჭრეები გაფუჭებულ დასაწყობებულ პროდუქტს ნაგავში ყრიან

გლდანის აგრარული ბაზრის მოვაჭრეებმა დასაწყობებული პროდუქტი, ტომრებში შენახული მწვანილი ნაგვის ურნაში გადაყარეს. შესაბამისი კადრები მთავარმა არხმა გაავრცელა. მოვაჭრეები აცხადებენ, რომ პროდუქტს დიდი ხანია ინახავენ, მათი რელიზაციის საშუალება კი, არ აქვთ და უკვე გაფუჭდა. მათ სცადეს ბაზრის გარეთ გაეყიდათ პროდუქტი, თუმცა მუნიციპალურმა ინსპექციამ ისინი გააფრთხილა.

“მოვიტანე 9-ათასლარიანი საქონელი, — კიტრი, პომიდორი და ასეთი რაღაცები. მიფუჭდება. იძულებული გავხდი, ჩემსავით გაჭირვებული ხალხი გამოვიდა და გაყიდა აქ [ბაზარს გარეთ]. მოვიდა პატრული, ზედამხედველობა და გვითხრა, ჩქარაო, ვითომ რამეს ვაშავებდით, აიღეთ ეს, უნდა გადაგიყაროთ ურნაშიო. გადით აქედანო, ძაღლებს რომ გაყრი, ისე”. — ამბობს ერთ-ერთი მოვაჭრე მთავარ არხთან საუბარში.

ბაზრების მიმდებარედ გარევაჭრობას მუნიციპალური ინსპექცია აკონტროლებს. საგანგებო მდგომარეობის დროს ვაჭრობის შემთხვევაში, დარღვევა 3-ათასლარიან ჯარიმას ითვალისწინებს.

საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში, თბილისის აგრარული ბაზრები 7 აპრილს დაიკეტა. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის თქმით, საქართველოში მოქმედი 80 აგრარული ბაზრიდან უმრავლესობა მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებს და არ უნდა იყოს მოლოდინი, რომ შეზღუდვების მოხსნის შემდეგ ყველა იმუშავებს.

ლევან დავითაშვილი ამბობს, რომ რეგიონებსა და თბილისში აგრარული ბაზრების აღდგენა ეტაპობრივად, სურსათის ეროვნული სააგენტოსა და რეგიონული შტაბების კოორდინაციით მოხდება.

მსგავსი პოსტები

Back to top button