“მოვხვდი არასწორ ადგილას, არასწორ დროს”
პირი, რომელიც გიორგი შაქარაშვილის გაუჩინარების ღამეს, მის მეგობარ გური ამირხანაშვილს დიდუბეში ხვდება და რამდენიმე წუთის განმავლობაში ესაუბრება, ხაშურის მკვიდრი ლაშა ლურსმანაშვილია.
ლაშა ლურსმანაშვილი შინაგან საქმეთა სამინისტროში საგამოძიებო უწყების კითხვებს, თითქმის, 4 საათის განმავლობაში პასუხობდა. იგი აცხადებს, რომ ამირხანაშვილს არ იცნობს.
მოწმის თქმითვე, ამირხანაშვილმა მას დარეკვა სთხოვა.
“ამ საქმესთან დაკავშირებით არაფერი არ ვიცი. ერთადერთს გეტყვით: ჩამოვედი ღამე ჩემ პირად საქმეზე, მოვხვდი არასწორ ადგილას, არასწორ დროს. ამირხანაშვილს არავის ვიცნობ. უბრალოდ, ადამიანმა დარეკვა მთხოვა, დასარეკი არ მქონდა.” – განაცხადა ლურსმანაშვილმა.
მოისმინეთ ლაშა ლურსმანაშვილის ხმა.
ადვოკატ თამარ აბესაძის განცხადებით, ავთანდილ ბილანიშვილს, რომელიც ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე შსს-ში გამოიკითხა, ალიბი აქვს. ამის შესახებ ადვოკატმა მისი დაცვის ქვეშ მყოფის გამოკითხვის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.
„ავთანდილ ბილანიშვილმა მოიხადა მისი მოქალაქეობრივი ვალი, გავრცელებული ამაზრზენი ინფორმაციის საპასუხოდ, გამოცხადდა სამინისტროში, წარედგინა ის მტკიცებულებები, ტელეფონის დეტალური ამონაწერი, ასევე სხვა მტკიცებულებები, რითაც დასტურდება, რომ ავთანდილ ბილანიშვილი იმ დროს, იმ პერიოდში იქ არ იმყოფებოდა, საერთოდ არ გასულა უბნიდან.
“ჩვენი წარდგენილი მტკიცებულებებით მყარად და ძლიერად ვართ, თორემ ახლა, ავთანდილ ბილანიშვილს არავინ გამოუშვებდა. ჩემი დაცვის ქვეშ მყოფის პასუხი ამომწურავია, მაგრამ შეიძლება, გამოძიებას კითხვა გაუჩნდეს და მივა.” – განაცხადა თამარ აბესაძემ და დასძინა, რომ მის დაცვის ქვეშ მყოფს ალიბი აქვს და ალიბი კი ისაა, რომ ავთანდილ ბილანიშვილი სახლში, თბილისში იმყოფებოდა.
მან ასევე უპასუხა ჟურნალისტების კითხვას, იცნობს თუ არა ავთანდილ ბილანიშვილი თბილისის მერს, კახა კალაძეს.
“კალაძესთან ურთიერთობა ნებისმიერს გაქვთ. მას აბსოლუტურად არანაირი ურთიერთობა არ აქვს კალაძესთან.” – განაცხადა თამარ აბესაძემ.
რაც შეეხება ბერა ივანიშვილთან ბილანიშვილის სავარაუდო ნაცნობობას, ადვოკატი ასე პასუხობს: ” რომ ვიცნობდეთ ერთმანეთს, ამით რამე შავდება?!”
საგამოძიებო ორგანო თავად ავთანდილ ბილანიშვილმა ისე დატოვა, რომ მას ჟურნალისტებთან კომენტარი არ გაუკეთებია. ის საგამოძიებო უწყების კითხვებს დაახლოებით, 5 საათი პასუხობდა.
TV პირველთან კი, ავთანდილ ბილანიშვილი, იგივე “კაწრო” აცხადებს, რომ 19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის საქმეში მონაწილეების მეგობარი არაა.
“ახლო ურთიერთობა არ მაქვს, ნიკა ჟვანიაზე, ეს ლაპარაკი რომ წავიდა ვიკითხე, მითხრეს, რომ შეიძლება იცნობდე, შეხვედრილი ხარო. ისე, რომ მეგობრობა ან ახლო ურთიერთობა მქონდეს, არც ერთთან. შეიძლება უბანია და ვიღაცას ვიცნობდე გამარჯობით, ჩემი მეგობარი არც ერთი არაა და ჩემი წრიდან, ვერავინ ვერ იტყვის, რომ ოდესმე მაგათთან ერთად ვუნახივარ.” — ამბობს ავთანდილ ბილანიშვილი.
ბილანიშვილმა თქვა, რომ გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების შესახებ ტელევიზორიდან გაიგო. მისი თქმით, გავრცელებული კადრები ნახა, მაგრამ უარყოფს, რომ იქ თვითონ ფიგურირებს.
ცნობისთვის, ტელეკომპანია „მთავარმა არხმა“ გაავრცელა ვიდეომასალა, სადაც ჩანს, „ტოიოტა ქამრის“ მარკის ავტომანქანიდან ჩამოსვლის შემდეგ თუ როგორ ხვდება გურამ ამირხანაშვილი “თეთრპერანგიან” პირს.
კადრებში ასევე ჩანს მიკროავტობუსი, საიდანაც სწორედ აღნიშნული პირი ჩამოდის. ის ამირხანაშვილს რამდენიმე წუთის განმავლობაში ესაუბრება.