მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

მოვუწოდებთ რუსეთს, გაიყვანოს თავისი ძალები მოლდოვის რესპუბლიკიდან და საქართველოდან-ნატო

ვაშინგტონის სამიტის დეკლარაციაში არ არის ჩანაწერი, რომ საქართველო ნატოს წევრი გახდება

ვაშინგტონში გამართული NATO-ს სამიტი დასრულდა, რის შემდეგაც დეკლარაცია გამოქვეყნდა. დოკუმენტში ვრცლადაა საუბარი უკრაინაზე და ნათქვამია, რომ უკრაინის მომავალი NATO-შია.

აღნიშნულია, რომ რუსეთის სრულმასშტაბიანმა შეჭრამ ევროატლანტიკურ ზონაში მშვიდობა და სტაბილურობა დაარღვია, ასევე, სერიოზულად შეარყია გლობალური უსაფრთხოება.

“რუსეთი რჩება ყველაზე მნიშვნელოვან და პირდაპირ საფრთხედ მოკავშირეების უსაფრთხოებისთვის. ტერორიზმი, ყველა მისი ფორმითა და გამოვლინებით, არის ყველაზე პირდაპირი საფრთხე ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოებისთვის, საერთაშორისო მშვიდობისა და კეთილდღეობისთვის. საფრთხეები, რომელთა წინაშეც ვდგავართ, არის გლობალური და ერთმანეთთან დაკავშირებული.

[…] ამ 75-ე საიუბილეო სამიტზე ჩვენ ვდგამთ შემდგომ ნაბიჯებს შეკავებისა და თავდაცვის, ასევე, უკრაინის მიმართ ჩვენი გრძელვადიანი მხარდაჭერის გასაძლიერებლად, რათა მან გაიმარჯვოს თავისუფლებისთვის ბრძოლაში და გააღრავოს NATO-სთან პარტნიორობა”, – ვკითხულობთ დეკლარაციაში.

ნათქვამია, რომ ძლიერი, დამოუკიდებელი და დემოკრატიული უკრაინა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ევროატლანტიკური ზონის უსაფრთხოებისა და სტაბილურობისთვის. NATO მიესალმება მოკავშირეების მიერ უკრაინისთვის დამატებითი საჰაერო თავდაცვის სისტემების გადაცემას.
ამასთან, ნატო-ს წევრი ქვეყნები შეთანხმდნენ, რომ უკრაინას უსაფრთხოების გრძელვადიანი დახმარება გაუწიონ და 2025 წლის განმავლობაში, სულ მცირე, 40 მილიარდი ევრო გამოუყონ. ამასთან, NATO გეგმავს უზრუნველყოს უკრაინისთვის მექანიზმი (Security Assistance and Training for Ukraine – NSATU), რომელიც ქვეყანას შეიარაღებასა და წვრთნასთან დაკავშირებით კოორდინაციას გაუწევს.

“ჩვენ სრულად ვუჭერთ მხარს უკრაინის უფლებას, თავად აირჩიოს საკუთარი უსაფრთხოების მექანიზმები და გადაწყვიტოს საკუთარი მომავალი გარე ჩარევის გარეშე. უკრაინის მომავალი ნატოშია. უკრაინა სულ უფრო მეტად თავსებადი და პოლიტიკურად ინტეგრირებული ხდება ალიანსთან. ჩვენ მივესალმებით იმ კონკრეტულ პროგრესს, რომელსაც უკრაინამ მიაღწია.

[…] ჩვენ კიდევ ერთხელ ვადასტურებთ, რომ NATO-ში წევრობის მიწვევას უკრაინა მიიღებს მას შემდეგ, რაც ალიანსის წევრები ამ საკითხზე შეთანხმდებიან და შესრულდება პირობები”, – წერია დოკუმენტში.
დოკუმენტის მიხედვით, ალიანსი ასევე შექმნის მექანიზმს, რომლის მიზანია უკრაინისთვის განკუთვნილი შეიარაღებისა და წვრთნის კოორდინაცია.

NATO-ს სამიტი უკრაინის წინააღმდეგ ომში სრულ პასუხისმგებლობას რუსეთს აკისრებს და აღნიშნავს, რომ ის საერთაშორისო სამართალს, მათ შორის გაეროს წესდებას აშკარად არღვევს. დეკლარაციის თანახმად, არცერთი ოფიციალური პირი, რომელიც ადამიანის უფლებების დარღვევასა და ომის დანაშაულებზეა პასუხისმგებელი, დაუსჯელი არ უნდა დარჩეს.
„რუსეთს უკრაინის წინააღმდეგ აგრესიულ ომზე ერთპიროვნული პასუხისმგებლობა ეკისრება, რაც საერთაშორისო სამართლის, მათ შორის გაერო-ს წესდების უხეში დარღვევაა. რუსული ძალებისა და ოფიციალური პირების მიერ ადამიანის უფლებების დარღვევა, ომის დანაშაულები და საერთაშორისო სამართლის სხვა დარღვევები არ შეიძლება დაუსჯელი დარჩეს. ათასობით მშვიდობიანი მოქალაქის სიკვდილზე პასუხისმგებელი რუსეთია და სამოქალაქო ინფრასტრუქტურას უზარმაზარი ზიანი მიაყენა. ჩვენ უკრაინელ ხალხზე რუსეთის საზარელ თავდასხმებს მკაცრად ვგმობთ, მათ შორის საავადმყოფოებზე, 8 ივლისს. რუსეთმა ეს ომი დაუყოვნებლივ უნდა შეწყვიტოს და მთლიანად და უპირობოდ გაიყვანოს მთელი თავისი ძალები უკრაინიდან, გაერო-ს გენერალური ასამბლეის რეზოლუციების შესაბამისად. ჩვენ რუსეთის მიერ უკრაინის ტერიტორიის, მათ შორის ყირიმის უკანონო ანექსიას, არასდროს ვაღიარებთ. ჩვენ ასევე მოვუწოდებთ რუსეთს, გაიყვანოს მთელი თავისი ძალები მოლდოვის რესპუბლიკიდან და საქართველოდან, რომლებიც იქ მათი თანხმობის გარეშეა განლაგებული“, – ნათქვამია დეკლარაციაში.

რაც შეეხება საქართველოს, ის დეკლარაციაში, წინა წლისგან განსხვავებით, მხოლოდ ერთხელაა ნახსენები და წერია, რომ “ჩრდილოატლანტიკური ალიანსი მოუწოდებს რუსეთს, გაიყვანოს თავისი ძალები მოლდოვიდან და საქართველოდან, რომლებიც იქ მათი თანხმობის გარეშეა განლაგებული”.
აღსანიშნავია, რომ მანამდე, გასული 2023 წლის ვილნიუსის სამიტის დეკლარაციაში საქართველო 13-ჯერ იყო მოხსენიებული. მაშინ ქვეყანას დოკუმენტის მთელი ქვეთავი მიეძღვნა და ჩანაწერები შეეხებოდა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერას, საუბარი იყო რუსეთის მხრიდან აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის აღიარების გაუქმების საჭიროებაზე, ასევე, პოლიტიკური დიალოგისა და პრაქტიკული თანამშრომლობის გაღრმავების შესახებ.

გასული წლის დოკუმენტში საუბარი ასევე შეეხებოდა 2008 წლის ბუქარესტის სამიტზე მიღებულ გადაწყვეტილებასაც, რომ საქართველო გახდებოდა ალიანსის წევრი წევრობის სამოქმედო გეგმით (MAP) და ასევე, ნახსენები იყო წლიური ეროვნული პროგრამაც (ANP)

ასევე, ჩრდილოატლანტიკური საბჭოს შეხვედრაში მონაწილე სახელმწიფოთა და მთავრობების მეთაურები მოლდოვისა და ბოსნია და ჰერცეგოვინას დემოკრატიულ რეფორმებს მიესალმებიან.

„ჩვენ მზად ვართ მათ უსაფრთხოებისა და თავდაცვით შესაძლებლობებს მხარი დავუჭიროთ და ჰიბრიდული საფრთხეების წინააღმდეგ მათი შესაძლებლობები გავაძლიეროთ“, – აღნიშნულია დეკლარაციაში.

აღსანიშნავია, რომ ვაშინგტონის სამიტის დეკლარაციაში არ არის ჩანაწერი, რომ საქართველო ნატოს წევრი გახდება.

შეგახსენებთ
ნატოს შემდეგ სამიტს ნიდერლანდები უმასპინძლებს
ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრი და პარტნიორი ქვეყნების 2025 წლის სამიტს ქალაქი ჰააგა უმასპინძლებს, – ინფორმაცია ნატოს ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნდა.

ალიანსის ცნობითვე, მომავალი წლის სამიტი ზაფხულში, 24-26 ივნისს ჩატარდება, 2026 წლის სამიტს კი თურქეთი უმასპინძლებს.

წელს ნატოს სამიტს ვაშინგტონმა უმასპინძლა.

მსგავსი პოსტები

Back to top button