მნიშვნელოვანისიახლეები

მსახიობ ბაჩო ქაჯაიას საქმეზე სასამართლო გადაწყვეტილებას 23 იანვარს გამოაცხადებს.

ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მიცემული მსახიობის, ბაჩო ქაჯაიას საქმეზე სასამართლო გადაწყვეტილებას 23 იანვარს გამოაცხადებს.

საქმეს მოსამართლე ნინო ენუქიძე განიხილავდა.

დღეს, შსს-ს წარმომადგენელმა სასამართლო პროცესზე განაცხადა, რომ ქაჯაიამ „შეკრებისა და მანიფესტაციის“ შესახებ კანონი დაარღვია და გზა ხელოვნურად იმ დროს გადაკეტა, როცა ამისთვის ხალხის რაოდენობა საკმარისი არ იყო.
დღევანდელ პროცესზე მსახიობმა თქვა, რომ თავს დამნაშავედ არ მიიჩნევს.

“ჩემი გააზრებული პოზიციით ჩემი იქ დგომის მიზანი ევროპული მომავლის დაცვაა, ჩემი მეგობრებისთვის, ოჯახის წევრებისთვის, ყველა დაპატიმრებული ადამიანისთვის, რომლებიც ზოგ შემთხვევაში ნაწამები არიან, ზოგ შემთხვევაში – ნაცემები. რადგან ჩემი ქმედება საზოგადოების ყურადღების ცენტრშია, ეს გააზრებული მაქვს და ყველა ჩემს ქმედებას საჯარო სივრცეში პასუხისმგებლობით ვეკიდები. არასდროს მახსოვს, ჩემთან მოსულიყოს პოლიციელი და მითითება მოეცეს. აბსოლუტურად გამოვრიცხავ, რომ მას არ დავმორჩილებოდი. მგონია, რომ არანაირი დანაშაული არ მიმიძღვის ჩემი ქვეყნის, ჩემი ხალხის წინაშე და არ ვარ ღირსი ადმინისტრაციული სანქცია დამეკისროს”, – თქვა ქაჯაიამ
მსახიობის ადვოკატის, თორნიკე მიგინეიშვილის განცხადებით კი, მსახიობის მიმართ ადმინისტრაციული სამართალწარმოება უნდა შემწყდარიყო.

ადვოკატის თქმითვე, ბაჩო ქაჯაია რუსთაველის გამზირზე ქუჩის ხელოვნურად გადასაკეტად არ მისულა, ის აქციაზე სისტემატურად მისი პროტესტის გამოსახატად დადის.

ამასთან, მიგინეიშვილის განცხადებით, საქმეში ქაჯაიას წინააღმდეგ მტკიცებულება არ არის წარმოდგენილი, წარმოდგენილ ვიდეომასალაში კი ქაჯაია უკვე გადაკეტილ გზაზე დგას. შესაბამისად, იქ არ ჩანს, ქაჯაიამ რა გაკეთა, რაც კანონდარღვევად ჩაითვლებოდა. ასევე, ადვოკატმა განაცხადა, რომ არც სამხრე კამერებია წარმოდგენილი, სადაც ჩანს, რომ ბაჩო ქაჯაია ვინმემ გააფრთხილა, რომ კანონდარღვევას სჩადიოდა.

ამასთან, სასამართლოში პოზიცია დააფიქსირა თავად მსახიობმაც და აღნიშნა, რომ ის აქციაზე მეგობრებთან ერთად როცა მივიდა, გზა უკვე გადაკეტილი იყო.
თუ გავითვალისწინებთ იმას, სასამართლო პროცესი როგორ მიდიოდა და იმ არგუმენტაციას და მტკიცებულებებს, რაც წარმოდგენილია შსს-ს მიერ, საქმეზე წარმოება უნდა შეწყდეს და არანაირი სანქცია გამოყენებული არ უნდა იყოს, – ამის შესახებ მსახიობ ბაჩო ქაჯაიას ადვოკატმა, თორნიკე მიგინეიშვილმა სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ განაცხადა.

ადვოკატის თქმით, ბრალდების მხარე მტკიცებულებად წარმოდგენილ ვიდეოჩანაწერში ბაჩო ქაჯაიას ვერ პოულობს და მის მიერ გზის გადაკეტვას ვერ ასაბუთებს.

„მოწინააღმდეგე მხარეს წარმოდგენილი აქვს ზოგადი კადრები. წარმოდგენილია 15 წუთიანი მტკიცებულება და ყველაზე მთავარი ისაა, რომ ამ ვიდეოში წარმომადგენელი ვერ პოულობს ბაჩო ქაჯაიას, ვერ მიგვითითებს სად დგას. თუ გვეუბნებიან, რომ გზა გადაკეტა ბაჩო ქაჯაიამ, თუ გვეუბნებიან, რომ ეს არის კადრი, სადაც ჩანს, გზა როგორ გადაკეტა, უნდა გვანახონ ბაჩო ქაჯაია სად დგას ვიდეოში, თუმცა ჯერჯერობით ეს ვერ შეძლო წარმომადგენელმა“, – განაცხადა ადვოკატმა.

ბაჩო ქაჯაიას ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 174-ე პრიმა მუხლის მეოთხე ნაწილით გათვალისწინებული ქმედების ჩადენას ედავებიან.

კერძოდ კი იმას, რომ ის 9 იანვარს, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციაზე იმყოფებოდა და გზა ხელოვნურად იმ დროს გადაკეტა, როცა ამისთვის ადამიანების საკმარისი რაოდენობა არ იყო.

მსგავსი პოსტები

Back to top button