მნიშვნელოვანისიახლეები

სასამართლომ 21 წლის ლაზარე გრიგორიადისი პატიმრობაში დატოვა

თბილისის საქალაქო სასამართლომ პატიმრობაში დატოვა „7-8 მარტის აქციების” საქმეზე ბრალდებული 21 წლის ლაზარე გრიგორიადისი. დღევანდელ წინასასამართლო პროცესზე მტკიცებულებების დასაშვებობაზე იმსჯელეს. ამასთან, გადაისინჯა ლაზარე გრიგორიადისის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა.

მოსამართლემ ნატო ხუჯაძემ არ დააკმაყოფილა დაცვის მხარის შუამდგომლობა აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობის სანაცვლოდ, გირაოს (20 000 ლარი) გამოყენების შესახებ.
სხდომაზე დაცვის მხარე პატიმრობის გირაოთი შეცვლას ითხოვდა, საწინაამღდეგო მოთხოვნა ჰქონდა პროკურორს, რომეიც ლაზარე გრიგორიადისის პატიმრობაში დატოვებას ითხოვდა.

ლაზარე გრიგორიადისმა პროცესზე დუმილი დაარღვია. „დაკავებამდე, ერთი თვის განმავლობაში მიმალვა რომ მდომებოდა, მივიმალებოდი. დაკავების დროს იგივე ტანსაცმელი მეცვა, რაც აქციებზე”, – თქვა სასამართლო პროცესზე ლაზარე გრიგორიადისმა.

ადვოკატ ლიკა ბითაძის თქმით, სასამართლომ ბრალდებული პატიმრობაში დატოვა სრულიად უსაფუძვლოდ. „დასაბუთება იყო სრულიად შაბლონური. ერთი და იგივე არგუმენტაციით, რაც ჰქონდა თავდაპირველად, ფაქტობრივად, დაზეპირებულად იყო გამეორებული დღესაც. აქედან გამომდინარე, დღევანდელი გადაწყვეტილება არის უკანონო და დაუსაბუთებელი“.
პროკურორმა თამარ იაკობიძემ უპასუხა დაცვის მხარის იმ არგუმენტს, რომელიც ეხებოდა ანალოგიურ საქმეებზე ბრალდებული პირებისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით გირაოს გამოყენებას.

„ადვოკატები უთითებდნენ სასამართლო პროცესზე, რომ ანალოგიური ბრალდება წარდგენილი ჰქონდათ სხვა პირებს. აღნიშნულს, რა თქმა უნდა, კატეგორიულად არ ვეთანხმებით. სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილია დოკუმენტები, რომელშიც წერია, შავით თეთრზე, რომ არცერთ ბრალდებულს ბრალდება წარდგენილი არ აქვს პოლიციელის ჯანმრთელობის ხელყოფის ფაქტზე”, – განმარტა პროკურორმა.

აღკვეთის ღონისძიების საკითხის გარდა, წინასასამართლო სხდომაზე იმსჯელეს მტკიცებულებების დასაშვებობაზე.
პროცესის დასრულების შემდეგ ლაზარე გრიგორიადისის მამამ, ბექა გრიგორიადისმა განაცხადა, რომ მოელოდა სასამართლოს ასეთ გადაწყვეტილებას. „მე მგონი, რომ მეხუთე სანქცირებული მოსამართლეც გვეყოლება ცოტა ხანში… ბრძოლა გრძელდება, ბრძოლა ბოლომდე გაგრძელდება“, – თქვა ბექა გრიგორიადისმა.

სასამართლო სხდომის პარალელურად, ლაზარე გრიგორიადისის გათავისუფლების მოთხოვნით, საპროტესტო აქცია მიმდინარეობდა. აქციას ესწრებოდნენ აქტივისტები და პოლიტიკოსები.
ლაზარე გრიგორიადისს, რომელიც პოლიციამ 29 მარტს ე.წ. აგენტების შესახებ კანონის საწინააღმდეგო აქციებისას პოლიციელზე თავდასხმისა და სხვისი ქონების განადგურების ბრალდებით დააკავა, ბრალი ოფიციალურად წინასწარი დაკავების იზოლატორში 30 მარტს წარუდგინეს. ლაზარეს ბრალად ედება სამართალდამცველებისთვის „მოლოტოვის კოქტეილის” სროლა (საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის მეორე ნაწილით და 187-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს პოლიციელზე თავდასხმასა და მისი ჯანმრთელობის ხელყოფას და სხვისი ნივთის დაზიანებას). მას 31 მარტს საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, ლაზარე გრიგორიადისს 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.„7-8 მარტის აქციების” საქმეზე კიდევ ერთი ბრალდებულის, თორნიკე აკოფაშვილის პროცესი კი 15 აპრილს გაიმართება. სასამართლოს სხდომაზე მტკიცებულებების დასაშვებობის საკითხი განიხილეს. თორნიკე აკოფაშვილს 3000-ლარიანი გირაო აქვს შეფარდებული. მას ბრალად ედება საპროტესტო აქციაზე პოლიციელზე თავდასხმა, რაც 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

თბილისის საქალაქო სასამართლოსთან ლაზარე გრიგორიადისის და თორნიკე აკოფაშვილის მხარდამჭერი დემონსტრაცია მიმდინარეობს.

31 მარტს სასამართლომ 21 წლის ლაზარე გრიგორიადისს აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. ის 29 მარტს დააკავეს – შსს-ს მტკიცებით, მან 7-9 მარტის აქციებზე პოლიციელებს ქვები და ე.წ. მოლოტოვის კოქტეილები ესროლა.

აქტივისტის წინააღმდეგ ხელისუფლებამ სიძულვილის კამპანია დაიწყო. უკვე ორჯერ ქართული ოცნების თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ “ორიენტაციაარეული” უწოდა.

ადვოკატმა ლიკა ბითაძემ პენიტენციურ დაწესებულებაში ლაზარე გრიგორიადისის მონახულების შემდეგ თქვა, რომ დაკავებისას აქტივისტის უფლებები დაირღვა. ბითაძის თქმით, გრიგორიადისს თავდაპირველად არ მისცეს ადვოკატთან შეხვედრის საშუალება და თმა მისი ნების საწინააღმდეგოდ გადაპარსეს. პენიტენციური სამსახური ბრალდებას უარყოფს.

მსგავსი პოსტები

Back to top button