
საბერძნეთში კორონავირუსის ეპიდემიის გამო დაწესებული მკაცრი ზომების მოხსნა დაიწყო. მთავრობის გადაწყვეტილებით, ქვეყანაში უკვე გაიხსნა 500-ზე მეტი პლაჟი. ამის შესახებ ინფორმაციას ბერძნული გამოცემა „კატიმერინი“ წერს.
პლაჟების გახსნის ერთ-ერთი მიზეზი მაისის ანომალიური სიცხე გახდა, რომლის მსგავსიც ქვეყანაში ბოლოს 150 წლის წინ დაფიქსიდა. მეტეოროლოგების პროგნოზით, მოსალოდნელია საჰარას უდაბნოდან ცხელი მასების გადაადგილება, რის გამოც ათენში ტემპერატურა 38-39 გრადუსამდე აიწევს, ზოგიერთ კუნძულზე 30 გრადუსამდე, პელოპონესის ნახევარკუნძულზე კი, ტემპერატურა 40 გრადუსს მიაღწევს.
რაც შეეხება პლაჟებზე დამსვენებლებს, მათ სოციალური დისტანციის დაცვა მოეთხოვებათ. დადგენილი წესების თანახმად, 1 000 კვადრატულ მეტრზე მხოლოდ 40 ადამიანის დაშვება იქნება შესაძლებელი. მზის დამცავი ქოლგები კი, მინიმუმ, 1-მეტრიანი დაშორებით უნდა განთავსდეს.
მთავრობის დადგენილ რეგულაციებს პლაჟებზე სპეციალური ინსპექციის ოფიცრები გააკონტროლებენ.
ამ დროისთვის, საბერძნეთში კორონავირუსით ინფიცირების 2 819 დადასტურებული შემთხვევაა, გარდაიცვალა 162 პაციენტი, 1 374 სრულად გამოჯანმრთელდა.