მნიშვნელოვანისაქართველოსიახლეები

გახარია ოპოზიციას პასუხობს

“ფარცხალაძე დაჯარიმდა”

 

პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას განცხადებით, საგანგებო მდგომარეობის დროს შეზღუდვის დარღვევისთვის, ყოფილი პროკურორი, ოთარ ფარცხალაძე დაჯარიმდა.

“ფარცხალაძის მაგალითზე რა უნდა გითხრათ, დააშავა, დაჯარიმდა, გადაიხადა, ეგეთები ბევრი დაჯარიმდა”. — უპასუხა გახარიამ ოპოზიციას.

25 აპრილს, როცა ქვეყანაში მსუბუქი ავტომობილით გადაადგილება აკრძალული იყო, ნაციონალური მოძრაობის წევრმა, ლევან ხაბეიშვილმა გაავრცელა ვიდეო და ფოტო და აცხადებდა, რომ ყოფილი პროკურორი ოთარ ფარცხალაძე ქალაქში მანქანით თავისუფლად გადაადგილდებოდა.

 

“ჯარიმების გაუქმება პარლამენტის პრეროგატივაა”

 

გიორგი გახარიას თქმით, აღმასრულებელი ხელისუფლება საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევისთვის გამოწერილი ჯარიმების გაუქმებას ვერავის მოსთხოვს.

მისი თქმით, ამ ჯარიმების გაუქმება პარლამენტის პრეროგატივაა და მას მითითებას ვერ მისცემენ.

თუმცა, მისივე თქმით, ჯარიმების გარკვეული ნაწილი გადასახედია და მთავრობა ამას აპირებს.

“მესმის, რომ ჯარიმების გარკვეული ნაწილი გადასახედია შემდგომისთვის და ჩვენ ამას გავაკეთებთ. თუმცა, ასევე კარგად მესმის, რომ ეს არის საკანონმდებლო ხელისუფლების პრეროგატივა და ჩვენ აქ ვერანაირ დერიქტიულ მითითებას ვერ მივცემთ პარლამენტს”. — განაცხადა გახარიამ.

 

“საპენსიო ფონდი ხელშეუხებელია”

 

პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას განცხადებით, საპენსიო ფონდი ხელშეუხებელია და ეს ქვეყანაში დადგენილი წესი უნდა გახდეს. პრემიერმა პარლამენტში ოპოზიციის ნაწილს უპასუხა, რომელიც პანდემიის კრიზისის დროს მოსახლეობისთვის საპენსიო ფონდში დაგროვებული თანხის დაბრუნებას ითხოვს.

“თქვენ, ყოველთვის გქონდათ პოზიცია, რომ პირველივე კრიზისში მთვარობა მიადგება და ამ საპენსიო ფონდს დახარჯავსო და, ხალხნო, პრობლემა იქნება იმაშიო, რომ ფულს აგროვებენო და მთავრობა ყულაბას გახსნის და ხარჯვას დაიწყებსო. ეს ფული ახლა უფასურდებაო, და დოლარებშიც თქვით იმდენი იყო და ამდენიაო. რომ იცოდეთ, საშუალო წლიური ზრდა ამ ფულის განთავსებით არის 14 პროცენტი, კურსთა შორის სხვაობის შედარება საპენსიო ფონდის გადაყვანა უცხოურ ვალუტაში ნონსენსია, ლარის სივრცეში ვცხოვრობთ”. — განაცხადა გიორგი გახარიამ.

პრემიერის თქმით, საპენსიო ფონდში როგორც მოქალაქის ფული, ასევე სახელმწიფოსა და ბიზნესის ფულია.

“თქვენ ადამიანებს ეუბნებით, რომ თქვენი ფული 772 მილიონიო ლარი, სახელმწიფოს უდევს და არ ხარჯავსო და თქვენ რომ კრიზისში ხართ არ გაძლევთო”. — განაცხადა პრემიერმა.,

 

“[დროშების გამოფენა] არ მგონია, რომ პრინციპული საკითხია”

 

პრემიერ-მინისტრის თქმით, მაშინ, როცა ქვეყანა პანდემიას ებრძვის, დამოუკიდებლობის დღეს დროშების გამოფენა პრინციპულ საკითხად არ მიაჩნია. გახარიამ უპასუხა დეპუტატ გიგა ბოკერიას კითხვას იმაზე, თუ რატომ არ იყო 26 მაისს ქუჩაში გამოფენილი დროშები.

“ჩვენ აბსოლუტურად გააზრებულად გავაკეთეთ ასეთი რამ, 26 მაისს, ასეთ დროს, როცა სოციალური ცხოვრება ლიმიტირებულია, ეს ყველაფერი გავაკეთეთ შეზღუდულად. მიმაჩნია, რომ სწორია, დავზოგეთ ბევრი რამე. შესაბამისად, როცა ქვეყანა ებრძვის პანდემიას, არ მგონია, რომ ეს პრინციპული საკითხია”. — აღნიშნა გახარიამ.

 

“ტურისტს უნდა ჰქონდეს აქტუალური 72 საათიანი PCR ტესტი”

 

პრემიერ-მინისტრის თქმით, საქართველოში შემოსული ტურისტებისთვის აუცილებელი იქნება, რომ ბოლო 72 საათში PCR ტესტი ჰქონდეთ გაკეთებული. ამ თემაზე გახარიამ პარლამენტში კითხვას უპასუხა და აღნიშნა, რომ ტურიზმის გახსნის პროტოკოლები უკვე დამუშავებულია მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციასთან ერთად.

“მაგალითად, საქართველოში შემოსულ ტურისტს უნდა ჰქონდეს აქტუალური 72 საათიანი PCR ტესტი, წინააღმდეგ შემთხვევაში, ის უბრალოდ, საქართველოში არ შემოვა. ევროპაში უკვე განიხილავენ “კოვიდ პასპორტის” თემას. ჩვენ რა თქმა უნდა, ქვეყანაშიც შევქმნით PCR ტესტების აღების შესაძლებლობას, სწრაფი PCR ტესტების, თუ ასეთი იშვიათი შემთხვევები გვექნება, როდესაც ჩამოსულ ადამიანს ასეთი ტესტი არ ექნება, მაგრამ ორგანიზებული ტურისტული ჯგუფები ქვეყანაში შემოვლენ მხოლოდ მაშინ, როცა ასეთი წესი იქნება დაცული”. — თქვა გიორგი გახარიამ.

პრემიერმა აღნიშნა, რომ ორგანიზებული ტურისტული ჯგუფები კონკრეტულ სასტუმრო კომპლექსებში მოხვდებიან, რომლებსაც ჯანდაცვის სამინისტროსგან ნებართვა ექნებათ.

მსგავსი პოსტები

Back to top button