მსოფლიო ბანკმა საქართველოში ბიზნესის დასახმარებლად 85 მილიონი ევრო გამოყო
მსოფლიო ბანკმა ქართული ბიზნესის მხარდასაჭერად €85 მილიონიანი პროგრამა დაამტკიცა.
“პროექტი ქვეყნის მასშტაბით დახმარებას გაუწევს დაახლოებით 6,000 მიკრო, მცირე და საშუალო საწარმოს და ბიზნესის გადარჩენის შანსებს გაზრდის, ასევე აამაღლებს პროდუქტიული აქტივების შენარჩუნების შესაძლებლობებს და ფირმებს დაეხმარება ეკონომიკისა და ჯანდაცვის მიმართულებით არსებულ ახალ გამოწვევებთან ადაპტირებაში,”- განმარტავენ მსოფლიო ბანკში.
პროგრამა სამუშაო ადგილების შექმნას და პანდემიის ზემოქმედებით დაზარალებული ფირმების მხარდაჭერას გულისხმობს.
„დახმარების ამ უახლესი პაკეტის საშუალებით მსოფლიო ბანკი ხელს შეუწყობს სამუშაო ადგილების შექმნას და ფირმების განვითარებას, რომლებიც ქვეყნის ეკონომიკის საყრდენს და ძირითად ელემენტს წარმოადგენენ მდგრადი აღდგენის მიმართულებით. აღნიშნული გულისხმობს ფირმების დახმარებას დაფინანსებასთან წვდომის გამარტივებაში და საფინანსო ინფრასტრუქტურაში ინვესტიციების განხორციელებაში, რაც ხელს შეუწყობს ტექნოლოგიების დანერგვას და ციფრული საფინანსო სერვისების გამოყენებას“, – განაცხადა სამხრეთ კავკასიაში მსოფლიო ბანკის რეგიონულმა დირექტორმა სებასტიან მოლინეუსმა.
პროექტი მსოფლიო ბანკის ფართო მხარდაჭერის პროგრამის ნაწილია და მესამე საკრედიტო ოპერაციაა, რომელიც მიმართულია პანდემიის სოციალური და ეკონომიკური ზემოქმედების შერბილებისკენ.