მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

ოკუპანტებმა ხერსონის სარკინიგზო სადგური დაბომბეს

უკრაინის ხელისუფლების ცნობით, ქალაქ ხერსონის სარკინიგზო სადგურზე რუსეთის მიერ მიტანილი იერიშის შედეგად ერთი პოლიციელი დაიღუპა. კიდევ ოთხი კი დაშავდა. ორი მათგანი საავადმყოფოშია გადაყვანილი.

უკრაინის პრეზიდენტის ინფორმაციით, ხერსონის სარკინიგზო სადგურზე რუსეთის თავდასხმის მომენტში ადგილზე უამრავი მშვიდობიანი მოქალაქე იმყოფებოდა.
“რთული დღეა. გავრცელდა ინფორმაცია ხერსონის დაბომბვის შესახებ. რუსეთის თავდასხმა რკინიგზის სადგურზე. ევაკუაციის მატარებელზე. ახლა ყველა სერვისი ადგილზეა. დაღუპულთა და დაშავებულთა რაოდენობა უკვე დადგენილია. ადგილზე ბევრი მშვიდობიანი მოქალაქე იყო. ინფორმაციის ყველა განახლებას შესაბამისი სამსახურები მიაწვდიან“, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ საღამოს ვიდეომიმართვაში.

უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის, იგორ კლიმენკოს ცნობით, ხერსონში დაახლოებით 140 მშვიდობიანი მოქალაქე ელოდა სადგურზე მატარებლით ევაკუაციას, რა დროსაც მტერმა მასიური დაბომბვა დაიწყო.

“პოლიციელებმა, რომლებიც სადგურზე მორიგეობდნენ, სასწრაფოდ დაიწყეს ხალხის ევაკუაცია. პოლიციის სწრაფი მოქმედებების წყალობით, ყველამ მოახერხა უსაფრთხო ადგილებში გადასვლა. ორ მოქალაქეს, რომლებმაც დაზიანებები ნამსხვრევებით მიიღეს, სამედიცინო დახმარებას უტარდება”, – განაცხადა კლიმენკომ.
უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, სადგურიდან ევაკუირებულია 140 მოქალაქე. გავრცელებული ცნობებით, სამართალდამცველი სწორედ მოქალაქეების ევაკუაციის დროს დაიღუპა.

უკრაინის რკინიგზაში აცხადებენ, რომ რუსეთის არმიის დარტყმის შედეგად დაზიანდა სადგურის შენობა და ერთ-ერთი სარკინიგზო შემადგენლობა.

მომხდარის შემდეგ ადგილობრივმა პოლიციამ რკინიგზის სადგურთან პატრულირება გააძლიერა.

ამასთან კიევი მოსკოვის მიერ ქალაქ მარინკაზე კონტროლის დამყარებას ადასტურებს. უკრაინის უშიშროებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანი აცხადებს, რომ მარინკაში იმაზე უარესი ვითარებაა, ვიდრე ბახმუტში. ქვეყნის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თქმით კი, უკრაინას ბრძოლის გასაგრძელებლად ხალხი, საბრძოლო მასალა და იარაღი სჭირდება.

საბრძოლო ველზე საკუთარ უპირატესობაზე საუბრობენ მოსკოვში. რუსეთის თავდაცვის მინისტრი აცხადებს, რომ უკრაინის კონტრშეტევა შეჩერებულია.

ინტენსიური საბრძოლო მოქმედებები იყო ბოლო 24 საათის განმავლობაში დნეპროპეტროვსკის ოლქში. აფეთქებები იყო ოდესაშიც, ამოქმედდა საჰაერო განგაში. უკრაინის საჰაერო ძალების ცნობით, ჩამოგდებულია რამდენიმე დრონი, დაშავდა 2 ადამიანი.

ბრძოლა თავისუფლებისთვიოს გრძელდება, დონეცკის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ინფორმაციით, დონეცკის ოლქში რუსული იერიშის შედეგად 5 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა, 3 კი დაშავდა.

ოკუპანტებმა ავდიივკა, მარინის, ტორეცკისა და სხვა თემები დაბომბეს.

დაზიანდა ინფრასტრუქტურული ობიექტები, შენობები და საცხოვრებელი სახლები.
ოთხშაბათს ღამით, რუსეთმა უკრაინის სამხრეთ რეგიონებს Shahed- 131/136 ტიპის დრონებით შეუტია. ოდესის რეგიონში 12 დრონი ჩამოაგდეს, ნიკოლაევის რაიონში – სამი, ვინიცაში – ორი. ინფორმაციას უკრაინის სამხრეთის თავდაცვის ძალები ავრცელებენ.

უკრაინის საჰაერო ძალების მანამდე გავრცელებული ცნობით, უკრაინის ტერიტორიის მისამართით გაშვებული 46 Shahed-ის ტიპის დრონიდან 32 გაანადგურეს. დრონები ჩამოაგდეს ხერსონის, დნეპროპეტროვსკის, ზაპოროჟიეს, ხმელნიცკისა და კიროვოგრადის ოლქებში.

ოდესის ოლქში ჩამოგდებული დრონის ნამსხვრევები ერთ-ერთ მშენებარე შენობას დაეცა, ერთი დრონის ნამსხვრევები დაეცა ოდესის გარეუბანში მდებარე სააგარაკე სახლს, ნათქვამია განცხადებაში. უკრაინის საჰაერო ძალების ცნობით, დაიღუპა ერთ ადამიანი, სამი კი დაშავდა, მათ შორის ერთი 17 წლის მოზარდია.

უკრაინული მედიის ინფორმაციით, სულ ცოტა ერთი დრონი ჩამოაგდეს ვინიცასთან ახლოს.

საჰაერო ძალების ინფორმაციით, იმ დრონების უმეტესობა, რომელთა ჩამოგდებაც ვერ მოხერხდა, თავს ფრონტის ტერიტორიებს დაესხა, კერძოდ, ხერსონის ოლქს. სამხრეთის თავდაცვის ძალების ცნობით, ხერსონში სავაჭრო ცენტრი და საცხოვრებელი კორპუსები დაზიანდა.

თავის მხრივ, დრონებით იერიშის შესახებ, რუსეთის ტერიტორიაზე, კერძოდ კი როსტოვის ოლქში, იტყობინება მხარის გუბერნატორი. მისივე ინფორმაციით, მფრინავი ობიექტი საჰაერო თავდაცვამ გაანეიტრალა.

მსგავსი პოსტები

Back to top button