ძიუდოისტმა ზვიად გოგოჭურმა ოქროს მედალი მოიპოვა

სამხრეთ კორეაში მიმდინარე უსინათლოთა მსოფლიო თამაშებზე ქართველმა ძიუდოისტმა ზვიად გოგოჭურმა ოქროს მედალი მოიპოვა.

90-კილოგრამ წონით კატეგორიაში მოასპარეზე პარა სპორტსმენმა, სეულის ტატამზე 5 ბრძოლა გამართა და ხუთივეში გაიმარჯვა. ქართველმა ფალავანმა მეთექვსმეტედფინალში კორეელი ჟუნ ვინ პარკი იპონით დაამარცხა.

გოგოჭური შემდგომ ეტაპებზე უკრაინელ ალექსანდრ ნაზარენკოს, კანადელ ტონი სკონვალბს და უზბეკ შიუკარ ატბობევს ასევე სუფთა მოგებით აჯობა, ფინალში კი ბრიტანელ სამუელ ინგრამს დაუპირისპირდა.

2012 წლის ლონდონის პარაოლიმპიადის ვერცხლის პრიზიორმა ინგრამმა, ქართველ ძიუდოისტს ღირსეული წინააღმდეგობა გაუწია და ზვიადმა გადამწყვეტი ბრძოლის მოგება მხოლოდ მეტოქის გაფრთხილებით შეძლო.

ეს ზვიად გოგოჭურისთვის პარასპორტში პირველი საერთაშორისო ტურნირი გახლდათ და მან დებიუტი ოქროს მედლით აღნიშნა.

მსგავსი პოსტები

Back to top button