მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

მსოფლიოს კიდევ ერთი ცხელი წერტილი – რუსეთის აგრესიის 781-ე დღეს 76 საბრძოლო შეტაკება მოხდა

რუსეთი შესაძლოა გაზაფხულის ბოლოს ან ზაფხულში ფართომასშტაბიანი შეტევისთვის ემზადებოდეს დონეცკის, ხერსონის, ლუგანსკისა და ზაპორიჟიის რეგიონების უმეტესობის ხელში ჩასაგდებად

მსოფლიოს კიდევ ერთი ცხელი წერტილი – ომი გრძელდება უკრაინაში. რუსეთის აგრესიის 781-ე დღეს 76 საბრძოლო შეტაკება მოხდა. თავდასხმის შედეგად, დონეცკის რეგიონში, სულ მცირე, 3 ადამიანი დაიღუპა, არიან დაშავებულებიც.
სუმის, ხარკოვის, ლუჰანსკის, ზაპორიჟიეს, ხერსონის და მიკოლაივის 110-ზე მეტი დასახლება საარტილერიო ცეცხლის ქვეშ მოექცა. საერთო ჯამში, მტერმა 1 სარაკეტო და 109 საჰაერო დარტყმა განახორციელა. დაზიანებულია სამოქალაქო ინფრასტრუქტურა.
უკრაინის პრეზიდენტი გერმანიის კანცლერთან სატელეფონო საუბრის შემდეგ აცხადებს, რომ კიევი ბერლინისგან უკვე არსებული სისტემებისთვის რაკეტებს მიიღებს.
„ჩვენ გვაქვს საერთაშორისო მუშაობის ძალიან კარგი შედეგი: გერმანია მოგვცემს დამატებით პატრიოტულ სისტემას – ამაზე დღეს მე და კანცლერი შოლცი შევთანხმდით.
ჩვენ ასევე ვმუშაობთ გერმანიასთან დამატებით IRIS-T სისტემაზე, რომელიც ასევე ძლიერი საჰაერო თავდაცვის სისტემაა. ჩვენ შევძლებთ ათასობით ადამიანის სიცოცხლის გადარჩენას და უკრაინის უკეთ დაცვას რუსული ტერორისგან.
ჩვენ გავაგრძელებთ მუშაობას ყველა პარტნიორთან, ვისაც შეუძლია დახმარება. მარტო ამ კვირაში უკვე მქონდა საუბრები და შეხვედრები ლიეტუვის, ჩეხეთის, რუმინეთის, პოლონეთის, უნგრეთის, შვეიცარიისა და ლატვიის პრეზიდენტებთან.
ლატვიასთან უსაფრთხოების ორმხრივი ახალი შეთანხმება გაფორმდა. მე ასევე ვესაუბრე ნიდერლანდების, საბერძნეთის, პორტუგალიისა და ირლანდიის პრემიერ მინისტრებს,” – აცხადებს უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი.

აღმოსავლეთ უკრაინაში ფრონტზე ვითარება ბოლო დღეებში მნიშვნელოვნად გაუარესდა. ამის შესახებ შაბათს თავის ტელეგრამის არხით განაცხადა უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა ალექსანდრე სირსკიმ.
სირსკის თქმით, რუსული ჯარები საშტურმო ჯგუფებითა და ჯავშანტექნიკის მხარდაჭერით შეტევას აწარმოებენ ლიმანსკისა და ბახმუტის მიმართულებით, ხოლო პოკროვსკში ისინი ათობით ტანკისა და ქვეითი საბრძოლო მანქანის გამოყენებით ცდილობენ გაარღვიონ უკრაინის თავდაცვა. შეტევებში მტერს ხელს უწყობს მშრალი და თბილი ამინდი. “მნიშვნელოვანი დანაკარგების მიუხედავად, რუსეთის ჯარები ზოგჯერ ახერხებენ ტაქტიკური წარმატებების მიღწევას“, – წერს გენერალი სირსკი.
შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა სახმელეთო ჯარების სარდლობასთან ერთად განიხილა თავდაცვის გაძლიერებისა და სტრატეგიული ინიციატივის ჩაჭრის ღონისძიებები.
ბოლო დღეებში, რუსული და უკრაინული ტელეგრამის არხებისა და მედიის მიერ გამოქვეყნებული ცნობების თანახმად, რუსეთის ჯარები ყველაზე აქტიურად ესხმიან თავს უკრაინის თავდაცვისათვის მნიშვნელოვან დასახლებულ პუნქტ ჩასოვ იარს, რომელიც ბახმუტისა და ავდეევკას დასავლეთით მდებარეობს.
გუშინ უკრაინულმ არხმა Deep State-მა გავრცელა ცნობა რუსეთის ჯარის მიერ ჩასოვ იარის მახლობლად მდებარე სოფელ ბოგდანოვკის აღების შესახებ.
უკრაინის თავდაცვის სამინისტრომ შაბათს დილით გამოაცხადა, რომ “ბოგდანოვკისთვის ინტენსიური ბრძოლა მიმდინარეობს”, მაგრამ დასახლებული პუნქტის უმეტესი ნაწილი უკრაინის შეიარაღებული ძალების კონტროლის ქვეშაა.
თუმცა, Deep State ამტკიცებს, რომ სოფელი დაკარგულია და აქვეყნებს ვიდეოს, რომელზეც უკრაინული ძალების უკან დახევაა აღბეჭდილი.
აქტიური საომარი მოქმედებების პირობებში შეუძლებელია მსგავსი ინფორმაციების გადამოწმება.
რუსეთის ჯარები გასული წლის ბოლოდან კუპიანსკის, ლიმანისა და ბახმუტის მიმართულებებით უტევენ დონეცკისა და ხარკოვის ოლქებში ახალი დასახლებული პუნქტების დასაკავებლად. რუსეთი შესაძლოა გაზაფხულის ბოლოს ან ზაფხულში ფართომასშტაბიანი შეტევისთვის ემზადებოდეს დონეცკის, ხერსონის, ლუგანსკისა და ზაპორიჟიის რეგიონების უმეტესობის ხელში ჩასაგდებად, – ამის შესახებ Financial Times-ი უკრაინელ და დასავლელ ჩინოვნიკებზე დაყრდნობით იუწყება. გაზეთის თანახმად, კიევის ოფიციალური პირები ასევე შეშფოთებულნი არიან, რომ მოსკოვი უნდა გეგმავდეს უკრაინის სიდიდით მეორე ქალაქ ხარკოვზე თავდასხმას. ამ მიზნით ის უკრაინის ჩრდილო-აღმოსავლეთში ასობით ათასი ჯარისკაცის მობილიზებას ახდენს და განაგრძობს ქალაქისკენ რაკეტების სროლას.

ამ კვირაში პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ გააფრთხილა უკრაინის საჰაერო თავდაცვის შესაძლებლობების შემცირების შესახებ მას შემდეგ, რაც მასიური რუსული სარაკეტო და თვითმფრინავების დარტყმებმა მწყობრიდან გამოიყვანა უკრაინის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურა მათ შორის ხარკოვში.

უკრაინის საჰაერო ძალების განცხადებით, გუშინ ღამით უკრაინელებმა რუსეთის მიერ გაშვებული 10-ვე დრონი ჩამოაგდეს.

“გუშინ ღამით რუსმა ოკუპანტებმა უკრაინას შეუტიეს 10 Shahed-131/136 ტიპის უპილოტო საფრენი აპარატით რუსეთის ფედერაციის ტერიტორიიდან, კერძოდ, კურსკის ოლქიდან.

ამასთან, ოთხი S-300/S-400 საჰაერო მართვადი რაკეტით ოკუპირებული დონეცკიდან. უკრაინის საჰაერო ძალებმა ყველა მათგანი ჩამოაგდეს”, – ნათქვამია განცხადებაში.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა. რუსულ სამხედრო ძალებს ათასობით მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა. ლტოლვილად და იძულებით გადაადგილებულ პირად 10 მილიონზე მეტი ადამიანი იქცა.

მსგავსი პოსტები

Back to top button