მსოფლიოს ქვეყნები რუსული აგრესიის წინააღმდეგ
უკრაინაში ომის 116-ე დღეა გრძელდება ნიკოლაევის საქალაქო საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის გადაწყვეტილებით, ახალი, 2022-23 სასწავლო წლიდან, ნიკოლაევში აიკრძალება რუსულ ენაზე სწავლა.
„უკრაინის ტერიტორიაზე რუსეთის ფედერაციის ფართომასშტაბიანი შეჭრის ფონზე, ქალაქ ნიკოლაევის სკოლებში პირველიდან მეოთხე კლასის ჩათვლით შეწყდება რუსული სექტორის ფუნქციონირება“, – წერია კომიტეტის მიერ გამოქვეყნებულ დოკუმენტში.
აკრძალვა შეეხება ასევე პირველიდან მეთერთმეტე კლასის ჩათვლით, რუსული ენის, როგორც საგნის, კურსისა თუ ფაკულტატივის სახით შესწავლას.
კომიტეტის წევრის, ეკატერინა სტოკალიასის განცხადებით, ეს ღონისძიება შეეხება ყველა მუნიციპალურ სასწავლებელს.
ომის დაწყების დღიდან, ნიკოლაევი რუსეთის არმიის განსაკუთრებული შეტევის ობიექტია. 17 ივნისს, გამთენიისას, რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა შეტევა მიიტანეს მძინარე ქალაქზე.
სარაკეტო თავდასხმას ემსხვერპლა ორი ადამიანი. ოცზე მეტმა კი სხვადასხვა სახის დაზიანება მიიღო. დაჭრილთა შორის არიან ბავშვებიც.
ცნობისთვის მოლდოვაში რუსული საინფორმაციო გადაცემებისა და სამხედრო ფილმების ჩვენება აიკრძალა.
შესაბამის ბრძანებას ქვეყნის პრეზიდენტმა მაია სანდუმ მოაწერა ხელი. შეზღუდვა ასევე ეხება ყველა იმ ქვეყანას, რომლებმაც ტრანსსასაზღვრო ტელემაუწყებლობის კონვენციის რატიფიცირება არ მოახდინეს.
მოლდოვის ტელერადიო საბჭოს თავმჯდომარე ლილიანა ვიცუს განცხადებით, კანონი მომავალ კვირას ამოქმედდება და პროპაგანდა ბევრად მკაცრად დაისჯება. ვიცუ ამბობს, რომ უკრაინის ომი აიძულებს ხელისუფლებას, უფრო მკაცრი ზომები მიიღოს უცხოური პროპაგანდის წინააღმდეგ.
ასევე მოლდოვამ ოფიციალურად აკრძალა რუსული პროპაგანდისტული საინფორმაციო საშუალებები. ინფორმაციას უკრაინული გამოცემა Unian, მოლდოვის ტელევიზიისა და რადიოს საბჭოს ხელმძღვანელზე, ლილიანა ვიცუზე დაყრდნობით ავრცელებს.
მოლდოვამ ქვეყანაში ყველა რუსული საინფორმაციო პროგრამის მაუწყებლობა აკრძალა. კანონპროექტს ხელი მოლდოვის პრეზიდენტმა, მაია სანდუმ მოაწერა.
მედიის ცნობით, იმ შემთხვევაში თუ დეზინფორმაციის ფაქტი დადასტურდება სამაუწყებლო კომპანია 7 წლით დაკარგავს ლიცენზიას.
ვიცუმ აღნიშნა, რომ დეზინფორმაციის აკრძალვა მძიმე სანქციების დაწესებასაც მოიაზრებს.
„თუ დეზინფორმაციის ფაქტი დადასტურდება მაშინ კომპანიებს საკუთარი ლიცენზია 7 წლით ჩამოერთმევათ“ – განაცხადა ვიცუმ.
მისი თქმით, კიშინოვი უკრაინაში არსებული სიტუაციის გამო მკაცრ ზომებს იღებს. კანონი ძალაში 24 ივნისიდან შევა.
2 ივნისს მოლდოვის პარლამენტმა მიიღო საინფორმაციო სივრცის დასაცავი კანონი, რომელიც რუსეთიდან ახალი ამბების, ანალიტიკური გადაცემებისა და ომის შესახებ ფილმების რეტრანსლირებას კრძალავს.
ამასთან ყაზახეთის პრეზიდენტმა, ყასიმ ჟომრატ ტოკაევმა რუსული ორდენის მიღებაზე უარი თქვა.
გამოცემა Tengrinews.kz-ს პრეზიდენტის პრესსამსახურში უთხრეს, რომ ტოკაევმა ზოგადად უარი თქვა უცხოური ჯილდოების მიღებაზე და ეს რუსეთსაც ეხება.
პრესსამსახურის ცნობით, ტოკაევს რუსულმა მხარემ ალექსანდრე ნეველის ორდენით დაჯილდოება შესთავაზა.
“სახელმწიფოს მეთაურმა რუსეთს მადლობა გადაუხადა პატივისთვის. თუმცა, გადაწყვიტა, არ მიიღოს არც საშინაო და არც უცხოური ჯილდოები საპრეზიდენტო ვადის ამოწურვამდე. ამავე მიზეზით, ბიშკეკში ბოლო ვიზიტის დროს პრეზიდენტმა უარი თქვა ყირგიზეთის უმაღლეს ორდენზე”. – ნათქვამია ოფიციალურ ცნობაში.
მანამდე რამდენიმე დღით ადრე ყაზახეთის პრეზიდენტმა დონეცკსა და ლუჰანსკს კვაზი სახელმწიფოები უწოდა, რომლებსაც არ აღიარებს, ისევე, როგორც სამხრეთ ოსეთს, აფხაზეთს, კოსოვოს და ტაივანს.
შეგახსენებთ რომ 24 თებერვალს რუსეთის ჯარები უკრაინის ტერიტორიაზე შეიჭრნენ პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის ბრძანებით. სამხედრო ოპერაციის მიზნებად მან დაასახელა უკრაინის „დენაციფიკაცია“ და „დემილიტარიზაცია“.