მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

მსოფლიოს ქვეყნები თავის მოქალაქეებს რუსეთის დატოვებისკენ მოუწოდებენ

ამერიკის შეერთებული შტატები რუსეთში მყოფ თავის მოქალაქეებს მოუწოდებს, დაუყოვნებლივ დატოვონ ქვეყანა. ამის შესახებ ნათქვამია რუსეთში აშშ-ის საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

დიპლომატური მისიის განცხადებით, რუსეთში დაწყებული მობილიზაციის გათვალისწინებით, რუსეთმა შესაძლოა, უარი თქვას ორმაგი მოქალაქეობის მქონე პირების აშშ-ის მოქალაქეობის აღიარებაზე, უარი უთხრას მათ აშშ-ის საკონსულო დახმარების წვდომაზე, აღკვეთოს მათი რუსეთიდან გამგზავრება და გაიწვიოს ორმაგი მოქალაქეობის მქონე პირები სამხედრო სამსახურში.

საელჩო აღნიშნავს, რომ კომერციული ავიარეისები ამჟამად უკიდურესად შეზღუდულია, ხოლო სახმელეთო მარშრუტები ჯერ კიდევ ღიაა. თუ აშშ-ის მოქალაქეს სურს რუსეთის დატოვება, მან ზომები დამოუკიდებლად რაც შეიძლება მალე უნდა მიიღოს. აშშ-ის საელჩოს შესაძლებლობები, დაეხმაროს თავის მოქალაქეებს, უკიდურესად შეზღუდულია, ხოლო ტრანსპორტირების შესაძლებლობები შესაძლოა, მოულოდნელად კიდევ უფრო შემცირდეს.

„აშშ-ის მოქალაქეები არ უნდა გაემგზავრონ რუსეთში, ხოლო ისინი, რომლებიც ცხოვრობენ ან მოგზაურობენ რუსეთში, დაუყოვნებლივ უნდა დატოვონ რუსეთი, ვიდრე მგზავრობის შეზღუდული კომერციული ვარიანტები ჯერ კიდევ რჩება“, – ნათქვამია საელჩოს განცხადებაში.

ამასთან, საელჩო მოუწოდებს თავის მოქალაქეებს, მოერიდონ პოლიტიკურ ან სოციალურ საპროტესტო აქციებს და არ გადაუღონ სურათები უსაფრთხოების სამსახურების თანამშრომლებს აღნიშნულ ღონისძიებებზე.

ლატვიის მთავრობამ რუსეთის სამხედრო მობილიზაციის გამო ლატვია-რუსეთის საზღვრის სამ რაიონში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.

მედიის ინფორმაციით, ეს ნაბიჯი ლატვიას საშუალებას აძლევს, საზღვრებზე ოპერაციები გაზარდოს.

„ამჟამად ლატვიისა და რუსეთის საზღვარზე ვითარება სტაბილური და მშვიდია და მკაცრ კონტროლს ექვემდებარება, თუმცა, რუსეთში გამოცხადებული მობილიზაციის გამო, მნიშვნელოვნად გაიზარდა რუსეთის მოქალაქეების რიცხვი, რომელთაც სურთ თავიანთი ქვეყნის დატოვება. ამრიგად, არსებობს რისკი, რომ არალეგალი მიგრანტების რიცხვი სწრაფად გაიზარდოს ლატვია-რუსეთის საზღვარზეც. საგანგებო ზომების მიზანია ამისთვის წინასწარ მომზადება“, – აცხადებენ ლატვიის შინაგან საქმეთა სამინისტროში.

უწყების განმარტებით, საგანგებო მდგომარეობა იმოქმედებს ალუქსნეს, ბალვასა და ლუძას რაიონებში, ასევე პორტებში, აეროპორტებში, აეროპორტის სასაზღვრო გამშვებ პუნქტებსა და რკინიგზაზე.

ლატვია-რუსეთის საზღვარზე საგანგებო მდგომარეობა სამი თვის განმავლობაში იმოქმედებს.

მთავრობამ ასევე გადაწყვიტა პედეძეს სასაზღვრო პუნქტის დაკეტვა რუსეთის მოქალაქეების ნაკადის შემდგომი შემცირების მიზნით.

ბულგარეთისა და პოლონეთის ხელისუფლებებმა თავიანთ მოქალაქეებს მოუწოდეს, სასწრაფო წესით დატოვონ რუსეთი. ამის შესახებ განცხადება ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროში გააკეთეს.

ბულგარეთის საგარეო უწყების განცხადებაში, ხელისუფლება მოუწოდებს მოქალაქეებს, თავი შეიკავონ რუსეთის ფედერაციაში გამგზავრებისგან და ურჩევს რუსეთში დარჩენილ ბულგარეთის მოქალაქეებს, განიხილონ რუსეთის ტერიტორიის რაც შეიძლება მალე დატოვების შესაძლებელობა, გამოიყენონ ყველა არსებული სატრანსპორტო საშუალება.

პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ანალოგიური შინაარსის განცხადებაში ასევე წერია, რომ „უსაფრთხოების სიტუაციის მკვეთრად გაუარესების შემთხვევაში, მათ შორის, საზღვრების დახურვის ან სხვა გაუთვალისწინებელ გარემობებში, ევაკუაცია შეიძლება, გართულდეს ან შეუძლებელი გახდეს“.

ვარშავა მოუწოდებს მოქალაქეებს, ყველა არსებული სატრანსპორტო საშუალებით დატოვონ რუსეთის ტერიტორია.

მსგავსი პოსტები

Back to top button