მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

მსოფლიოს ქვეყნები უკრაინას კვლავ გაუგზავნიან სამხედრო დახმარებას

პოლონეთი მზადაა, საერთაშორისო კოალიციის ფარგლებში უკრაინაში გაგზავნოს გერმანული წარმოების Leopard-2-ის სატანკო ასეული. ამის შესახებ ლვოვში უკრაინისა და ლიეტუვის პრეზიდენტებთან გამართულ შეხვედრაზე განაცხადა პოლონეთის პრეზიდენტმა ანჯეი დუდამ.
მისი თქმით, ვარშავა კიევს ამ დახმარებას “საერთაშორისო კოალიციის” ფარგლებში გაუწევს, თუმცა რა კოალიციას გულისხმობდა დუდას არ დაუკონკრეტებია.

უკრაინამ პოლონეთს ამ გადაწყვეტილებას უკვე გამოეხმაურა – უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა, ანდრეი ერმაკმა პოლონეთს მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ეს დახმარება თავისუფლების დაცვას მოხმარდება.

უკრაინის პრეზიდენტის თანახმად, ვარშავა კიევს საკუთარი ინიციატივით კი არ მიაწვდის ტანკებს, არამედ მზადაა, მოკავშირეებთან შეთანხმების შედეგად გააკეთოს ეს. პირველ რიგში საქმე ეხება გერმანიას, რომელიც აწარმოებს ამ მძიმე შეიარაღებას. გერმანიის მთავრობის წარმომადგენელმა ოთხშაბათს განაცხადა, რომ ბერლინს მოკავშირეებისგან ჯერჯერობით არ მიუღია შესაბამისი მოთხოვნები.

სატანკო ასეულში შედის სამი სატანკო ოცეული, რომელთაგან თითოეულში შედის სამი ტანკი და სამეთაურო ტანკი. მთლიანობაში საქმე ეხება 10 ტანკს.

უკრაინა უკვე დიდი ხანია, დასავლეთის ქვეყნებისგან ითხოვს დასავლური წარმოების საბრძოლო ტანკებს, რათა უფრო წარმატებით აღუდგეს წინ რუსეთის არმიას. ყველაზე უფრო ხშირად ლაპარაკია Leopard-ზე, რომელიც ევროპის სხვადასხვა ქვეყანას აქვს შეიარაღებაში. გერმანიის ხელისუფლებას არაერთხელ განუცხადებია, რომ აუცილებელია უკრაინისთვის შეიარაღების მიწოდების კოორდინაცია ნატოს მოკავშირეთა შორის და რომ ტანკების მიწოდების თაობაზე გადაწყვეტილება არ შეიძლება იქნეს ცალმხრივად მიღებული.

გასულ კვირაში გერმანიამ პირობა დადო, რომ უკრაინას გაუგზავნის 40 ერთეულ დაჯავშნილ საბრძოლო მანქანა Marder-ს. აშშ-მა გამოაცხადა უკრაინისთვის 50 ჯავშანტრანსპორტიორი Bradley-ის მიწოდების შესახებ. პარიზის თანახმად კი, ის უკრაინას დაჯავშნილ მზვერავ მანქანებს მიაწვდის. ამის შემდეგ გაჩნდა ცნობები, რომ საფრანგეთი და პოლონეთი ცდილობენ, გერმანიისგან მიიღონ Leopard-ების მიწოდების ნებართვასაც.

დღეს პოლონეთისა და ლიეტუვას პრეზიდენტები ლვივში იმყოფებოდნენ. ამის შესახებ ინფორმაცია ლიეტუვას პრეზიდენტმა Twitter-ზე გაავრცელა და აღნიშნა, რომ ისინი უკრაინისთვის თავდაცვის მიმართულებით დახმარების მიწოდებას გააგრძელებენ.

ლვივში ოფიციალური ვიზიტით ჩავიდა უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკიც. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, ლვივის რეგიონში სამუშაო ვიზიტის დროს, ზელენსკიმ საკოორდინაციო შეხვედრა გამართა სახელმწიფო საზღვრის დაცვის მდგომარეობისა და უკრაინის ჩრდილო-დასავლეთის რეგიონებში არსებული უსაფრთხოების მდგომარეობის შესახებ.
ზელენსკიმ ასევე თქვა, რომ დასავლეთის კიდევ ერთი ქვეყნისგან ელის „დადებით სიგნალს“ ტანკების მიწოდებასთან დაკავშირებით.
ადმინისტრაციის ინფორმაციით, შეხვედრაზე ასევე განიხილეს ბელარუსის რესპუბლიკის საზღვარზე არსებული ოპერატიული ვითარება.

თურქეთმა უკრაინას გაუგზავნა ე.წ. კასეტური ბომბები, რომლებსაც კიევი უშედეგოდ ითხოვდა ამერიკის შეერთებული შტატებისგან. ამის შესახებ ამერიკული გამოცემა Foreign Policy წერს შეერთებული შტატების და ევროპის მოქმედ და ყოფილ ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით.
გამოცემის წყაროთა თანახმად, თურქეთმა ტანკების გასანადგურებელი ამ საბრძოლო მასალების პირველი პარტია უკრაინას 2022 წლის ნოემბერში გაუგზავნა, თუმცა, ჯერჯერობით გაურკვეველია, იყენებს თუ არა უკრაინა ამ იარაღს ბრძოლის ველზე. საუბარია ცივი ომის პერიოდში, თურქეთის მიერ აშშ-ის მონაწილეობით შემუშავებულ იარაღზე. ამ ტიპის საბრძოლო მასალების გამოყენება დღეს აკრძალული აქვს მსოფლიოს არაერთ სახელმწიფოს, მათ შორის აშშ-ს.
Foreign Policy-ს ერთ-ერთი წყაროს თანახმად, მას შემდეგ, რაც აშშ-მა უკრაინას კასეტურ საბრძოლო მასალებზე უარი უთხრა, თურქეთი იყო ერთადერთი, ვისგანაც მათი მიღება შეეძლო. წყაროს შეფასებით, ეს აჩვენებს, რომ მიუხედავად თურქეთის გარკვეული მცდელობებისა, რუსეთთან კარგი ურთიერთობა ჰქონდეს, ანკარა უკრაინას უწევს მნიშვნელოვან სამხედრო დახმარებას.
Foreign Policy-მ კომენტარებისთვის მიმართა თურქეთის საელჩოს ვაშინგტონში და უკრაინის თავდაცვის სამინისტროს, თუმცა, პასუხი არ მიუღია.
უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, უკრაინის ხელისუფლების და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა არაერთხელ განაცხადეს, რომ რუსეთი ე.წ. კასეტურ ბომბებსაც იყენებს.

პენტაგონის პრესმდივნის, პეტ რაიდერის განცხადებით, უკრაინამ, შესაძლოა, Bradley-ს ამერიკული საბრძოლო მანქანები უახლოეს კვირებში მიიღოს.
“ჩვენ გავაგრძელებთ მუშაობას შეძლებისდაგვარად სწრაფად და დარწმუნებული ვარ, გესმით, რომ ჩვენ არ ვაპირებთ წინასწარ გამოვაცხადოთ ზუსტად როდის ჩავა [უკრაინაში] ეს სისტემები. უკრაინელი სამხედროების წვრთნა Bradley-ს ჯავშან ქვეით მანქანებზე გერმანის გრაფენვერის საწვრთნელ მოედანზე ჩატარდება”, – თქვა პენტაგონის პრესმდივანმა.
რაიდერის თქმით, უსაფრთხოების მიზეზების გამო, პენტაგონი Patriot-ის უკრაინაში ჩაბარების კონკრეტულ თარიღს ვერ ასახელებს. ამასთან, ის აღნიშნავს, რომ შეერთებული შტატები აქტიურ დიალოგს ინარჩუნებს უკრაინასთან და საერთაშორისო თანამეგობრობასთან.
7 იანვარს, აშშ-მა უკრაინასა და მის მხარდამჭერ ქვეყნებს 3,75 მილიარდი დოლარის ოდენობის სამხედრო დახმარების ახალი პაკეტი გამოუყო. ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა განაცხადა.

კანადა ამერიკის შეერთებული შტატებისგან NASAMS-ის საჰაერო თავდაცვის სისტემებს შეიძენს და უკრაინას გადასცემს. ინფორმაციას კანადის თავდაცვის მინისტრი ანიტა ანანდი Twitter-ზე ავრცელებს.

“საჰაერო თავდაცვის სისტემები უკრაინის მთავარი პრიორიტეტია. ამიტომ, კანადა ყიდულობს მოწინავე ეროვნულ საჰაერო თავდაცვის სისტემა NASAMS-ს შეერთებული შტატებისგან, რათა გადასცეს ის უკრაინას”, – წერს მინისტრი.

მინისტრმა აღნიშნა, რომ ეს იქნება პირველი საჰაერო თავდაცვის სისტემა, რომელსაც კანადა უკრაინის ჯარს გადასცემს. მისი თქმით, NASAMS-ის სისტემები, რომლებსაც მაღალი ეფექტურობის მაჩვენებელი აქვს, მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს უკრაინის თავდაცვისუნარიანობაში.

“უკრაინაზე რუსეთის სასტიკი საჰაერო თავდასხმების ფონზე, ეს საჰაერო თავდაცვის სისტემა უკრაინელ ხალხს დაეხმარება დაიცვას კრიტიკული ინფრასტრუქტურა უპილოტო, სარაკეტო და თვითმფრინავების თავდასხმებისგან”, – თქვა მინისტრმა.

NASAMS-ი მობილური საჰაერო თავდაცვის სისტემაა, რომელიც ნორვეგიისა და შეერთებული შტატების მიერ, ერთობლივად არის შემუშავებული. კომპლექსს შეუძლია საჰაერო სამიზნეების ჩაჭრა 40 კმ-მდე და 16 კმ სიმაღლეზე.

პირველად NASAMS-ის კომპლექსები უკრაინას ოქტომბერში გადაეცა, მას შემდეგ, რაც რუსულმა ჯარებმა უკრაინის ენერგოსისტემის განადგურება დაიწყეს. ახალი წლის ღამეს სარაკეტო შეტევების დროს NASAMS-ის კომპლექსებმა მაღალი ეფექტურობა აჩვენეს.

მსგავსი პოსტები

Back to top button