მსოფლიოს ქვეყნები უკრაინის დახმარებას კვლავ განაგრძობენ

ესტონეთის პრემიერმინისტრის, კაია კალასის განცხადებით, ესტონეთი უკრაინისთვის სამხედრო დახმარების ახალი პაკეტის გადაცემას გეგმავს.
“ჩემი მოწოდება ნათელია – უკრაინას აქვს ინიციატივა ბრძოლის ველზე და ჩვენ ყველამ მეტი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ [უკრაინამ] გაათავისუფლოს თავისი ტერიტორიები. ამიტომ, ესტონეთი მომავალ კვირას მიიღებს გადაწყვეტილებას სამხედრო დახმარების ახალი პაკეტის შესახებ,” – თქვა კალასმა.
10 მარტს, ესტონეთმა რუსეთის მოქალაქეებზე ტურისტული ვიზების გაცემა შეაჩერა. ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ევა-მარია ლიიმეცის თქმით, აკრძალვა გაგრძელდება მანამ, სანამ რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ ომს გააგრძელებს.
30 სექტემბერს, ესტონეთის პრემიერმინისტრმა განაცხადა, რომ საერთაშორისო საზოგადოება არასოდეს აღიარებს, რომ უკრაინაში ომი ლეგიტიმურია. კალასის თქმით, უკრაინელებმა დაამტკიცეს, რომ ომის მოგება შეუძლიათ. ამასთან, ის აღნიშნავს, რომ უკრაინელებმა ესტონეთის დახმარება ოსტატურად და მონდომებით გამოიყენეს. პრემიერის განცხადებით, ესტონეთმა უკრაინისადმი როგორც სამხედრო და ეკონომიკური, ასევე პოლიტიკური და მორალური მხარდაჭერა უნდა გაზარდოს.
ნორვეგიის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უსაფრთხოების გამო, რუსული თევზსაჭერი გემების ქვეყნის პორტებში შესვლას შეზღუდავს.
მათ მხოლოდ სამ პორტში შესვლის უფლება ექნებათ და ყოველ ჯერზე შემოწმდებიან, განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრმა ანიკენ ჰუიტფელდმა.
„რუსეთის მიუღებელმა ანექსიამ უკრაინაში, თავდასხმებმა გაზსადენებზე ბალტიის ზღვაში და დრონების გაზრდილმა გამოყენებამ აიძულა მთავრობა გადაეწყვიტა უსაფრთხოების ზომების გაძლიერება. ჩვენ ყურადღებით ვაკვირდებით რუსეთის აქტივობას ნორვეგიის წყლებში და ნორვეგიის პორტებში, რათა თავიდან ავიცილოთ რისკი, რომ ნორვეგია არ გახდეს სატრანზიტო ქვეყანა საქონლის უკანონო ტრანსპორტირებისთვის“, – ამბობს ნორვეგიის შინაგან საქმეთა მინისტრი.
მთავრობამ განიხილა შესვლის სრული აკრძალვის შესახებ წინადადება, მაგრამ ჯერჯერობით ეს გადაწყვეტილება არ მიუღიათ.
საფრანგეთის პრეზიდენტის ემანუელ მაკრონის ინიციატივით, უკრაინისთვის სპეციალური ფონდი შეიქმნება და მისთვის დასაწყისისთვის 100 მილიონი ევრო გამოიყოფა.
მაკრონმა ამის შესახებ პრაღაში განაცხადა.
როგორც ემანუელ მაკრონი ამბობს, აღნიშნული თანხით უკრაინას შესაძლებლობა ექნება, პირდაპირ ევროპელი მწარმოებლებისგან შეიძინოს საჭირო აღჭურვილობა.
მედიის ცნობით, იაპონიის მინისტრთა კაბინეტი რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების დაწესებაზე შეთანხმდა, რუსეთის მიერ უკრაინის ოთხი რეგიონის ანექსიის გამო.
მედიის ინფორმაციით, სანქციების სიას 81 ფიზიკური პირი და 9 სუბიექტი დაემატება. მათ შორის არიან პრორუსი სეპარატისტები აღმოსავლეთ და სამხრეთ უკრაინაში. სანქცირებულთა სიაში ასევე მოხვდნენ სამხედრო სფეროსთან დაკავშირებული მაღალჩინოსნები და ორგანიზაციები.
იაპონიის კაბინეტის მთავარი მდივნის მოადგილის, სეიჯი კიჰარას განცხადებით, რუსეთი ე.წ რეფერენდუმებით და უკრაინის ოთხი რეგიონის „შეერთებით“ უკრაინის სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობას და საერთაშორისო სამართალს არღვევს. ამასთან, ის აღნიშნავს, რომ რუსეთის მხრიდან აღნიშნულ ქმედებებს იაპონია კატეგორიულად გმობს.
ზაფხულში იაპონიამ ორი რუსული ბანკის, მოსკოვის საკრედიტო ბანკისა და როსსელხოზბანკის წინააღმდეგ დააწესა სანქციები. მანამდე იაპონიამ კიდევ ორ რუსულ ბანკს, Sberbank-სა და Alfa-Bank-ს სანქციები დაუწესა, რომელთაგან ერთი რუსეთის სახელმწიფო, ხოლო მეორე რუსეთის ყველაზე დიდი კერძო ბანკია. სანქციების სამიზნე ასევე ბელარუსის განვითარებისა და რეკონსტრუქციის ბანკი გახდა. იაპონიამ სანქციების დაწესება მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც რუსეთი უკრაინაში შეიჭრა.
რუსული ძალების მხრიდან უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, იაპონიამ რუსეთში ინვესტიციები შეამცირა და არაერთი ბანკისა თუ მოქალაქის აქტივები გაყინა, მათ შორის არიან პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის შვილები და საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის ოჯახის წევრები.