მსვლელობა პოლიციური რეჟიმის წინააღმდეგ-საქართველოში პროტესტი გრძელდება
დედაქალაქში საპროტესტო მსვლელობა მიმდინარეობს სახელწოდებით: „მსვლელობა პოლიციური რეჟიმის წინააღმდეგ“.- უწყვეტი პროტესტის მე-60 დღეს, მოქალაქეები დიდუბის მეტროსთან შეიკრიბნენ, ისინი საპროტესტო მარშით წერეთლის გამზირზე მდებარე პოლიციის განყოფილების მიმართულებით მიდიან. გზად ჯანდაცვის სამინისტროსთან შეჩერდნენ.
აქციის მონაწილეები ოლიგარქიული რეჟიმის საპოლიციო ძალების ძალადობრივ ქმედებებს აპროტესტებენ. მათი მოთხოვნა უცვლელია: დაინიშნოს ხელახალი არჩევნები და გათავისუფლდნენ უკანონოდ დაკავებული ადამიანები.
ისინი ნოემბერ-დეკემბერში მიმდინარე აქციის დროს დაკავებული პირების გათავისუფლებას ითხოვენ.
მსვლელობის მონაწილეებს მიტანილი აქვთ პლაკატები წარწერით: „უსამართლო სასამართლო”, „ხალხის ძალის გეშინოდეს”, „გაათავისუფლეთ ხალხისთვის დაჭერილები”.
ისმის შეძახილები: “თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს”, “გაათავისუფლეთ ხალხისთვის დაჭერილები”, “ცეცხლი ოლიგარქიას”.
ადგილზე მობილიზებულია პოლიცია. ისინი მოქალაქეებს გზის გადაკეტვის საშუალებას არ აძლევენ.