მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

მტერი უბრალოდ მიწასთან ასწორებს ქალაქ ბახმუტს და მარინკას

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მიერ გამოქვეყნებული მონაცემებით, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა უკრაინის ტერიტორიაზე განახორციელეს 41 საავიაციო და 4 სარაკეტო დარტყმა და ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემების გამოყენებით 57-ჯერ დაცხრილეს თავდაცვის ძალების პოზიციები და სამოქალაქო ინფრასტრუქტურა.

უკრაინის არმიის სარდლობის განცხადებით, მნიშვნელოვანი დანაკარგის მიუხედავად, რუსეთს ძირითადი ძალისხმევა ისევ კონცენტრირებული აქვს შეტევებზე აღმოსავლეთში – კუპიანსკის, ლიმანის, ბახმუტის, ავდეევკის და მარინკის მიმართულებებით, სადაც აქტიურად იყენებს ოპერატიულ-ტაქტიკურ ავიაციასაც.
უკრაინის გენშტაბის თანახმად, საბრძოლო მოქმედებების ეპიცენტრში რჩებიან ბახმუტი და მარინკა.

ამერიკული ანალიტიკური ცენტრის, ომის შემსწავლელი ინსტიტუტის(ISW) მონაცემებით, რუსული კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ ძალებმა ბახმუტის რკინიგზის გასწვრივ წინ წაიწიეს კონსტანტინოვკა-ჩასოვ იარი-ბახმუტის ავტომაგისტრალის ჩრდილოეთით.
მათივე ცნობით, დონეცკის ოლქის ქალაქ ბახმუტის აღების მიზნით, რუსეთის თავდაცვის სამინისტრო “ვაგნერელებთან” აქტიურად თანამშრომლობს.

რუსეთის რეგულარული არმიის ქვედანაყოფები და კერძო სამხედრო კომპანია “ვაგნერი” 2022 წლის მეორე ნახევრიდან ცდილობენ დაიპყრონ დონეცკის ოლქის ქალაქი ბახმუტი, რომლის ფართობი დაახლოებით 42კმ²-ია.
ომის დაწყებამდე ბახმუტში 72 000 ადამიანი ცხოვრობდა.
………………………….
უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილის, ანა მალიარის განცხადებით, ოკუპანტები უფრო ინტენსიურად იყენებენ მძიმე არტილერიას ბახმუტის მიმართულებით.

“ბახმუტში გაიზარდა მძიმე არტილერიისა და საჰაერო დარტყმების გამოყენების ინტენსივობა. მტერი უბრალოდ მიწასთან ასწორებს ქალაქ ბახმუტის შენობებსა და ნაგებობებს.

ბახმუტი და მარინკა საომარი მოქმედებების ეპიცენტრში რჩებიან. ლიმანის, ავდეევკას, მარინკასა და კუპიანსკის მიმართულებით რუსმა ოკუპანტებმა წარუმატებელი შეტევითი ოპერაციები განახორციელეს”, – თქვა უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ.

ამასთან, მალიარი აღნიშნავს, რომ დღეს უკრაინის დამცველებმა განახორციელეს როგორც თავდაცვითი, ასევე აქტიური თავდასხმის ოპერაციები.

უკრაინის სახმელეთო ჯარების მეთაურის, ოლექსანდრ სირსკის განცხადებით, ბახმუტში ბრძოლა გრძელდება, თუმცა სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება.

“საომარი მოქმედებების ეპიცენტრი რჩება ბახმუტის მიმართულება, მტერი აქ დიდი ძალისხმევის კონცენტრირებას ახდენს. მათ აქვთ მიზანი, ნებისმიერ ფასად აიღონ ქალაქი.

ახლა მტერი მძიმე არტილერიის გამოყენების ინტენსივობას და საჰაერო დარტყმების რაოდენობას ზრდის, ქალაქს ნანგრევებად აქცევს. ამავდროულად, ჩვენი მებრძოლები მტერს მნიშვნელოვან ზარალს აყენებენ და მათ შეტევითი მოქმედებების ჩატარებაში ხელს უშლიან. ბახმუტისთვის ბრძოლები გრძელდება, სიტუაცია ამ დროისთვის კონტროლს ექვემდებარება”, – თქვა უკრაინის სახმელეთო ჯარების მეთაურმა.

სირსკის თქმით, ოკუპანტები შეტევით ოპერაციებს ერთდროულად რამდენიმე მიმართულებით აწარმოებენ, მაგრამ უმეტესად მტრის ოპერაციები წარუმატებელია. ამასთან, ის აღნიშნავს, რომ კუპიანსკის მიმართულებით მტრის მხრიდან შეტევითი ოპერაციების ჩატარების მცდელობები იყო, მაგრამ უკრაინელმა დამცველებმა მათი თავდასხმების მოგერიება შეძლეს.

მსგავსი პოსტები

Back to top button