მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

რუსეთს არ აქვს რესურსი, რომ 24 თებერვალს ფართომასშტაბიანი შეტევა დაიწყოს

უკრაინის დაზვერვის მთავარი სამმართველოს წარმომადგენლის, ანდრეი ჩერნიაკის განცხადებით, რუსეთს არ აქვს რესურსი, რომ 24 თებერვალს ფართომასშტაბიანი შეტევა დაიწყოს.

“ჩვენი ინფორმაციით, რუსეთის სარდლობას არ გააჩნია საკმარისი რესურსი ფართომასშტაბიანი შეტევითი ოპერაციებისთვის. რუსული ჯარების მთავარ მიზნად რჩება უკრაინის აღმოსავლეთით გარკვეული ტაქტიკური წარმატების მიღწევა.

რუსეთი ზუსტი მართვადი იარაღის დეფიციტს განიცდის და ამის მიუხედავად, ის აგრძელებს სარაკეტო ტერორის გამოყენებას უკრაინაში მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ. რუსებმა მაღალი სიზუსტის რაკეტების 80%-ზე მეტი უკვე გამოიყენეს”, – თქვა უკრაინის დაზვერვის მთავარი სამმართველოს წარმომადგენელმა.
ამასთან აშშ-ის თავდაცვის მდივნის თანაშემწის, სელესტ ვოლანდერის განცხადებით, რუსეთმა უკრანაში ტანკების ნახევარი დაკარგა, რის შედეგადაც მისი შესაძლობლობები გაუარესდა.

“უკრაინის წინააღმდეგ ომში, რუსეთმა თავისი ტანკების დაახლოებით ნახევარი დაკარგა, რის შედეგადაც აგრესორი ქვეყნის ტექნიკური შესაძლებლობები საგრძნობლად გაუარესდა”, – თქვა აშშ-ის თავდაცვის მდივნის თანაშემწემ.

ვოლანდერის თქმით, ეს განსაკუთრებით ეხება აგრესორის სახმელეთო ძალებს, რომელთა შესაძლებლობების დაახლოებით 80% მიმართულია უკრაინის წინააღმდეგ ომის წარმოებაზე. ამასთან, ის აღნიშნავს, რომ რუსეთის ფედერაციის საზღვაო პოტენციალი საუკეთესო მდგომარეობაშია და გარკვეული ხარვეზები, მათ შორის დრონების მიწოდება, ირანის ხარჯზე ივსება.

ბრიტანეთის დაზვერვის მონაცემებით, ბოლო კვირებში რუსმა ოკუპანტებმა განსაკუთრებით მძიმე დანაკარგები განიცადეს დონეცკის ოლქის ბახმუტისა და ვუჰლედარის მიდამოებში.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა. რუსულ სამხედრო ძალებს ათასობით მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა. ლტოლვილად და იძულებით გადაადგილებულ პირად 10 მილიონზე მეტი ადამიანი იქცა.

მსგავსი პოსტები

Back to top button