მნიშვნელოვანისიახლეები

“მთავარ არხს” ფული აქვს და მის ხარჯვას აჩერებს ოქუაშვილი…გვარამია

"მთავარი არხის" თანადამფუძნებლის, ზაზა ოქუაშვილის მიერ ხელოვნურად შექმნილი ფინანსური კრიზისის გამო შეჩერდა ყველა გადაცემა

ახსნა მარტივია: “მთავარ არხს” ფული აქვს და მის ხარჯვას აჩერებს ოქუაშვილი.

გარდა იმისა, რომ ჟურნალისტები, ოპერატორები, ტექნიკური სტაფი და ყველა სხვა ხელფასს ვერ იღებს, არხი მილევად რეჟიმშია – მიუხედავად იმისა, რომ ფული აქვს, ოქუაშვილი ბლოკავს გადარიცხვებს:

კომუნალურს
ინტერნეტის
ტექმომსახურების
ტრანსპორტირების
სატელიტის
ანძის
რეიტინგის
შესყიდვების
ყველა დანარჩენს
ეს ყველაფერი ნელნელა ითიშება. არხს არ აყიდინებენ რეკლამას. აბა, არხის დახურვა კაბელის გადაჭრა ან ომონის შევარდნა კი არ არის მხოლოდ. მაღლა მზე იქნება და მთავარის გუნდი ისევ მოგესალმებათ ეთერიდან. ეჭვი არ მეპარება საერთოდ!”

– წერს Facebook-ზე “კოალიცია ცვლილებისთვის” ლიდერი, ნიკა გვარამია. “მთავარი არხის” თანადამფუძნებლის, ზაზა ოქუაშვილის მიერ ხელოვნურად შექმნილი ფინანსური კრიზისის გამო ამ ეტაპზე შეჩერდა ყველა გადაცემა, რომელიც პირდაპირ ეთერში გადიოდა.

15 თებერვლის დილიდან შეჩერებულია ტელეკომპანია „მთავარი არხის“ მაუწყებლობა. როგორც ტელეკომპანიის ფეისბუკის გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში ვკითხულობთ, გადაცემები შეჩერებულია არცის თანადამფუძნებლის ზაზა ოქრუაშვილის მიერ ხელოვნურად შექმნილი ფინანსური კრიზისის გამო.

„ამ ეტაპზე შეჩერდა ყველა გადაცემა, რომელიც პირდაპირ ეთერში გადიოდა და ყოველდღე დამატებით ხარჯებთან იყო დაკავშირებული. ჩვენ აღარ გვაქვს ყოველდღიური ოპერირების სახსრები”.

გადაცემები, რომლებიც ვეღარ გადის ეთერში:

საინფორმაციო გამოშვებები
სპეც-ეთერები
პოსტ-ფაქტუმი
მთავარი შაბათს
დღის სტუმარი
განსხვავებული აქცენტები
ღამის მთავარი
შენი დილა
შენი შუადღე
შენი შუაღამე
ლიტერატურული სამკუთხედი
მთავარი მსოფლიოში
„მთავარი არხის“ განცხადებით, ეთერში გავა მხოლოდ ჩაწერილი გადაცემები, ძველი პროგრამების გამეორებები, სერიალები და ფილმები.

„ჩვენ ვმუშაობთ იმისთვის, რომ გამოვნახოთ ალტერნატიული სახსრები სრულყოფილი ეთერის აღსადგენად“, – წერია განცხადებაში.

„მთავარმა არხმა“ 27 იანვარს გაავრცელა განცხადება, სადაც წერდა, რომ არხის თანადამფუძნებელი ზაზა ოქუაშვილი “გეგმაზომიერად მიყვება რუსული რეჟიმისთვის დამახასიათებელ გზას” და ეტაპობრივად ხურავს არხს.

იანვრის ბოლოს ტელეკომპანია უკვე აცხადებდა, რომ არხი გაითიშა ყველა მომხმარებლისთვის, რომლებიც სიგნალს საქართველოს რეგიონებში ან საზღვარგარეთ სატელიტის საშუალებით იღებდნენ.

„მიზეზი მარტივია – ზაზა ოქუაშვილის მიერ დანიშნული დირექტორი, გოგი ქურდაძე უარს ამბობს სერვისის მიმწოდებელი კომპანიებისთვის იმ თანხის გადარიცხვაზე, რომელიც უკვე თვეების განმავლობაშია დაგროვილი გაყიდვების სახლის ანგარიშზე. უფრო მეტიც – ოქუაშვილის დირექტორი საერთოდ არ იძლევა ამ თანხების არხის სასარგებლოდ გამოყენების უფლებას, ჩვენს პარტნიორ კომპანიებს კი უსაფუძვლო ბრალდებებისა და მუქარის შემცველ წერილებს უგზავნის.

ამავე მიზეზით თებერვლის დასაწყისიდან “მთავარი არხის” გავრცელება კიდევ უფრო შეიზღუდება, ვინაიდან ჩვენი სიგნალი გაითიშება საკაბელო ტელევიზიების დიდი ნაწილისთვისაც”, – ეწერა არხის განცხადებაში.

„მთავარი არხის“ განცხადებითვე, 2025 წლიდან ეთერში აღარ გადის რეკლამა და არხმა დაკარგა ყველა სპონსორი, გაყიდვების სახლთან კონტრაქტის ამოწურვის გამო. არხის მენეჯმენტის თქმით, კონტრაქტების განახლების საშუალებას დირექტორი გოგი ქურდაძე ზაზა ოქუაშვილის მითითებით არ იძლევა.

“მთავარი არხის” გენერალურმა დირექტორმა გიორგი გაბუნიამ 11 დეკემბერს განაცხადა, რომ ზაზა ოქუაშვილმა არხის დახურვა გადაწყვიტა.

“ზაზა ოქუაშვილმა გადაწყვიტა, გააკეთოს ის, რაც დღეს ბიძინა ივანიშვილს ძალიან სჭირდება – ზაზა ოქუაშვილმა გადაწყვიტა დახუროს “მთავარი არხი”. ეს ძალიან მტკივნეულია და ამას ოქუაშვილი აკეთებს რამდენიმე თვის წინ მისი დანიშნული დირექტორის და მისი დავალებების მორჩილი შემსრულებლის, გოგი ქურდაძის ხელით”, – თქვა გიორგი გაბუნიამ ბრიფინგზე.

“მთავარი არხის” თანადამფუძნებლის, ზაზა ოქუაშვილის მიერ ხელოვნურად შექმნილი ფინანსური კრიზისის გამო, “შენი დილა” და საინფორმაციო გამოშვებები ვერ გადის ეთერში.

ზაზა ოქუაშვილი ემსახურება რუსული რეჟიმის მიზნებს და ხურავს ქვეყნის მთავარ კრიტიკულ არხს.

ჩვენ ვმუშაობთ იმისთვის, რომ გამოვნახოთ სახსრები ეთერის აღსადგენად.

ტელეკომპანია „მთავარი არხი“ 2019 წლის 9 სექტემბრიდან მაუწყებლობს. ის ტელეკომპანია „რუსთავი 2-ის” ყოფილმა გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ დააფუძნა.

2020 წლის მაისში, „მთავარი არხის“ მფლობელებმა ნიკა გვარამიამ და კახაბერ ანჯაფარიძემ წილის 40% მისცეს ზაზა ოქუაშვილის მიერ დაფუძნებულ კომპანიებს.

2024 წლის თებერვალში, გვარამიამ 12%-იანი წილი თავის ცოლს გადასცა და არხის გენერალური დირექტორის თანამდებობა დატოვა. გენერალური დირექტორი გახდა გიორგი გაბუნია.

2024 წლის მარტში, ნიკა გვარამიამ „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილ თავმჯდომარე ნიკა მელიასთან ერთად შექმნა პოლიტიკური გაერთიანება „ახალი“.

მსგავსი პოსტები

Back to top button