მნიშვნელოვანისაქართველოსიახლეები

მართლმადიდებლობის სახელით უმრავლესობამ დაჩაგრა ადამიანთა მცირე ჯგუფი-ლანა ღოღობერიძე

ქართველი კონორეჟისორი ლანა ღოღობერიძე 5 ივლისის მოვლენებს სოციალურ ქსელში ეხმაურება. ღოღობერიძე შემაშფოთებელს უწოდებს ჟურნალისტების ცემის, ასევე ევროკავშირის დროშის დაწვის ფაქტს.

ქართველი კინორეჟისორისთვის მიუღებელია პატრიოტიზმის სახელით 5 ივლისს განხორციელებული ძალადობა რუსთაველის გამზირზე.

„ძალიან, ძალიან დამწუხრებული ვარ. ამ დღეებში ჩემ სამშობლოში მოხდა რაღაც, ძალიან შემაშფოთებელი.

პატრიოტიზმის და მართლმადიდებლობის სახელით უმრავლესობამ დაჩაგრა ადამიანთა მცირე ჯგუფი! უარი ათქმევინა ღირსების მარშის მოწყობაზე. სცემა და ცხვირპირი ჩაუმტვრია ჟურნალისტებს, რომლებიც კეთილსინდისიერად და თავდადებით ასრულებდნენ თავიანთ პროფესიულ მოვალეობას!

და ბოლოს, როგორც ამ ყველაფრის სიმბოლო, 30 წლიანი დამოუკიდებლობის და დასავლეთისკენ თითქოს გააზრებული მსვლელობის ფონზე ვიხილეთ საოცარი აქტი: როგორ ჩამოხსნა ოფიციალური შენობიდან ადამიანთა ჯგუფმა ევრო კავშირის დროშა! და მარტო ჩამოხსნა კი არა,დაწვა!

ახლა პირდაპირი გზა გვაქს: არ გვინდა დასავლეთი, არ გვინდა თავისუფლება და თანასწორობა, არ გვინდა სილაღე და სიხარული, ერთმანეთის გაგება და დაფასება, წინ! თუ პირიქით, უკან: საბჭოთა კავშირისკენ და უფრო ახლოს, პუტინის რუსეთისკენ! წინ, პიროვნების ჩაგვრისა და განადგურებისაკენ, სიბნელისა და სიღარიბისკენ!

მე ყველაფრის უფლება მაქვს, რადგანაც ის ჩემგან განსხვავებულია, რა მნიშვნელობა აქვს, კანის ფერით, აღმსარებლობით, თუ სექსუალური ორიენტაციით! მთავარია, რომ მე უმრავლესობას წარმოვადგენ, ის კი უმცირესობას! ამიტომ მე თავისთავად მართალი ვარ!
და მე გულით მაინტერესებს: ნუთუ მათ, ვინც ეს ყველაფერი მოიმოქმედა, აქვთ კმაყოფილების შეგრძნება? მეტიც, სიამაყის განცდა?

მე მინდა ვუთხრა ამ ადამიანებს, რომლებსაც, დარწმუნებული ვარ, თვითონაც არ ულხინთ და არც ისე კარგად გრძნობენ თავს ამ ცხოვრებაში,იქნებ არც დასაქმებულები არიან, ვერც ოჯახებს არჩენენ წესიერად… ნუ დაემორჩილებიან ჯოგის ინსტიქტს. ნუ იფიქრებენ, რომ თუ სხვას დაჩაგრავენ, თვითონ უკეთ იგრძნობენ თავს. ეს ისეთი ელემენტარული განცდაა: ჩვენ ბევრნი ვართ, ბევრად მეტი, ვიდრე ისინი და ამიტომ შეგვიძლია დავჩაგროთ, ჩავკლათ მათში ადამიანური ღირსება და ამით ჩვენი ადამიანური ღირსება დავამტკიცოთ!

თქვენ გგონიათ, რომ მოქმედებთ ქრისტიანობის სახელით, მაგრამ პირველქმნილი ქრისტიანობა თავის არსში ზუსტად საწინააღმდეგოს ქადაგებს და ეს მთავარი – მოყვასის მიმართ სიყვარული და თანაგრძნობაა.

დღეს თქვენ გაქვთ შეგრძნება, რომ გაიმარჯვეთ, მაგრამ გარწმუნებთ, ეს პიროსის გამარჯვებაა. გუშინ ეს ბუნებამაც გითხრათ: თქვენ გეგონათ, რომ ჩააქრეთ ცისარტყელა, მაგრამ ის ბევრად უფრო ძლიერად მოგვევლინა და ჩაუქრობელ ფერებად აკიაფდა თბილისის ცაზე!

ბოლოს და ბოლოს, ცოსარტყელა ჩვენს სულშიც გაბრწყინდება, მაგრამ, როგორც ჩანს, ეს დიდი დანაკარგების და ტკივილის ფასად მოხდება.”-წერს ლანა ღოღობერიძე სოციალურ ქსელში.

შეგახსენებთ, 5 ივლისს თბილის პრაიდის მოწინააღმდეგე ძალადობრივი ჯგუფები თავს დაესხნენ ჟურნალისტებს, მიაყენეს მათ ფიზიკური შეურაცხოფა, დააზიანეს ტექნიკა.შინაგან საქმეთა სამნისტროს მონაცემებით, დაშავდა მედიის 53 წარმომადგენელი.

მსგავსი პოსტები

Back to top button