მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

ღარიბაშვილის შემდეგ ორბანი პუტინს შეხვდა

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი და უნგრეთის პრემიერმინისტრი ვიქტორ ორბანი პეკინში ერთმანეთს შეხვდნენ. შეხვედრა გაიმართა სამთავრობო სასტუმრო სახლში, სადაც პუტინი არის გაჩერებული.
პუტინისთვის მიმართვის დროს ორბანმა განაცხადა, მისი დათვლებით, რომ 2009 წლის შემდეგ ეს მათი მე-13 შეხვედრაა.

“იყო რთული შეხვედრები, მაგრამ ისეთი რთული, როგორც ახლა, არასდროს. ჩვენ არასდროს ვყოფილვართ ასეთ რთულ სიტუაციაში”, – თქვა ორბანმა.
„იმის მიუხედავად, რომ დღევანდელ გეოპოლიტიკურ პირობებში კონტაქტების შენარჩუნებისა და ურთიერთობების განვითარების შესაძლებლობები ძალზედ შეზღუდულია, მაინც არ შეიძლება კმაყოფილება არ გამოიწვიოს იმან, რომ ჩვენ ევროპის მრავალ ქვეყანასთან ურთიერთობას ვინარჩუნებთ და ვავითარებთ. ერთ-ერთი ასეთი ქვეყანაა უნგრეთი“, – ციტირებს სააგენტო “ინტერფაქსი” რუსეთის პრეზიდენტ პუტინს.

მისი სიტყვებით, უკანასკნელი ათწლეულის განმავლობაში რუსეთსა და უნგრეთს შორის ურთიერთობები იგებოდა „მხოლოდ ერთმანეთის ინტერესების გათვალისწინებით, წარსულიდან მიღებულ ყველაფერ პოზიტიურზე დაყრდნობით“.

„ეს ეხება საქმიანობის მნიშვნელოვან სფეროებს, უპირველესად, ეკონომიკას. გასულ წელს ჩვენ სავაჭრო და ეკონომიკური თანამშრომლობის მხრივ მნიშვნელოვანი ზრდა გვქონდა – 80 პროცენტზე მეტი. სამწუხაროდ, პირველი შვიდი თვის განმავლობაში დაფიქსირდა კლება – მინუს 35 პროცენტი. შარშანდელ 80-ს არ სჭარბობს, მადლობა ღმერთს, მაგრამ მაინც არსებობს საფუძველი ვიფიქროთ იმაზე, თუ დამატებით რისი გაკეთება შეიძლება ამ პროცესზე დადებითი გავლენისთვის“, – განაცხადა პუტინმა.

მან დაამატა, რომ მნიშვნელოვანი შესაძლებლობაა „ევროკავშირის ერთ-ერთ ქვეყანასთან, ამ შემთხვევაში უნგრეთთან, მოსაზრებების გაცვლა არა მხოლოდ ორმხრივ ურთიერთობებზე, არამედ მსოფლიოში, ევროპაში არსებულ ვითარებაზეც“.

პუტინის სიტყვებით, მიუხედავად იმისა, რომ მათი პოზიციები ყოველთვის არ ემთხვევა ერთმანეთს, მოსაზრებების გაცვლის შესაძლებლობა ყოველთვის ძალიან მნიშვნელოვანია.

კრემლის მიერ კონტროლირებადი სააგენტო “ტასსის” ცნობით, ვიქტორ ორბანმა განაცხადა, რომ უნგრეთს რუსეთთან დაპირისპირება არ სურს და პირიქით, ყოველთვის გეგმავდა კონტაქტების გაფართოებას. ორბანის თქმით, უნგრეთ-რუსეთის ურთიერთობებმა ბევრი რამ დაკარგა უკრაინაში ომისა და სანქციების გამო, მაგრამ უნგრეთი ცდილობს გადაარჩინოს, „რაც კი შესაძლებელია“.

ორბანი და პუტინი ბოლოს ერთმანეთს 2022 წლის 1 თებერვალს შეხვდნენ მოსკოვში, მათ შორის სატელეფონო საუბარი კი, კრემლის თანახმად, გასული წლის 6 აპრილს შედგა.

ორბანი მოსკოვში იმყოფებოდა შარშან სექტემბერშიც, სსრკ-ს პრეზიდენტის, მიხეილ გორბაჩოვის გასვენებაში, თუმცა პუტინს არ შეხვედრია.

“ტასსის” ცნობით, უნგრეთის პრემიერთან შეხვედრის გარდა, პუტინს დაგეგმილი აქვს მთელი რიგი ორმხრივი შეხვედრები.
მედიის ცნობით შეხვედრის შესახებ მხარეებისთვის წინასწარ ცნობილი არ ყოფილა.

უნგრეთის პრემიერი ევროკავშირის წევრი ქვეყნების პირველი ლიდერია, რომელმაც პირადად აწარმოვა მოლაპარაკებები რუსეთის პრეზიდენტთან, რომლის, როგორც ომის დამნაშავის, დაკავების ორდერიც გასცა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ.

ვიქტორ ორბანმა მანამდე განაცხადა, რომ ხელი მოაწერა ათ ეკონომიკურ შეთანხმებას პეკინში, სადაც კვირას ჩავიდა ფორუმში, “ერთი სარტყელი, ერთი გზა”, მონაწილეობის მისაღებად.

წელს, 23 მაისს, კატარის ეკონომიკურ ფორუმზე ვიქტორ ორბანმა განაცხადა, რომ უკრაინისთვის დახმარების აღმოჩენა მხოლოდ გაახანგრძლივებს ომს და მეტ მსხვერპლს გამოიწვევს.

უნგრეთმა დაბლოკა ევროპის მშვიდობის ფონდიდან უკრაინისთვის დახმარების პაკეტის გადაცემა. ტრანშის ოდენობა 500 მილიონი ევრო იყო. უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, პეტერ სიიარტოს თქმით, ეს იმიტომ მოხდა, რომ უკრაინამ უნგრეთის OTP Bank-ი ომის საერთაშორისო მხარდამჭერების სიაში შეიტანა.

ნატოს წევრი უნგრეთი ევროკავშირის ქვეყნებიდან ერთადერთია, რომელიც უკრაინაში რუსეთის აგრესიას თანმიმდევრულად არ გმობს. ქვეყანა კვლავაც დამოკიდებულია რუსეთის ენერგომატარებლებზე.
ცნობისთვის რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი უნგრეთის პრემიერ-მინისტრს, ვიქტორ ორბანს, შეხვდა ჩინეთში მიმდინარე ფორუმის, „ერთი სარტყელი, ერთი გზის“, ფარგლებში.

ცნობისთვის რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი სამშაბათს პეკინში ჩაფრინდა. ორდღიანი ვიზიტის ფარგლებში პუტინი მონაწილეობას მიიღებს საერთაშორისო ფორუმში “ერთი სარტყელი – ერთი გზა”. ასევე იგი შეხვდება, ვიეტნამის, ტაილანდის, მონღოლეთის ლიდერებს. სამშაბათს რუსეთ-ჩინეთის მოლაპარაკებები გაიმართება.
ТАСС-ის ინფორმაციით, ფორუმის ფარგლებში, პუტინი შეხვედრას გამართავს ჩინეთის პრეზიდენტ სი ძინპინთან და მონაწილეობას მიიღებს ოფიციალურ ცერემონიაში. ასევე, გაიმართება რუსულ-ჩინური მოლაპარაკებები, რის შემდეგაც პუტინი ფორუმის ფარგლებში ორმხრივ შეხვედრებს გააგრძელებს.

დაგეგმილია მოლაპარაკებები ვიეტნამის პრეზიდენტთან, ტაილანდის სამეფოს პრემიერმინისტრთან, მონღოლეთის პრეზიდენტთან და ლაოსის სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკის პრეზიდენტთან.
მას შემდეგ რაც სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ (ICC) პუტინის დაკავების ორდერი გასცა, ეს რუსეთის პრეზიდენტის მეორე ვიზიტია საზღვარგარეთ. პეკინის აეროპორტში მას ჩინეთის ვაჭრობის მინისტრი შეხვდა.

გარდა ამისა, წელს ეს არის კრემლის მეთაურის პირველი ოფიციალური ვიზიტი ყოფილი საბჭოთა კავშირის ფარგლებს გარეთ.

ICC, რომელიც პუტინს უკრაინიდან ბავშვების უკანონო დეპორტაციაში ადანაშაულებს, სასამართლოს 123 წევრ ქვეყანას ავალდებულებს, დააპატიმრონ პუტინი და ჰააგაში გადაიყვანონ, თუკი ის მათ ტერიტორიაზე მოხვდება. არც ყირგიზეთი და არც ჩინეთი ICC-ის წევრები არ არიან.

მსგავსი პოსტები

Back to top button