ნარკოტიკებთან დაკავშირებულ დანაშაულზე პარლამენტმა ცვლილებები მიიღო

პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო ცვლილებები სისხლის სამართლის კოდექსში, რომლითაც ნარკოტიკების გასაღება ნარკოტიკების ფლობასთან დაკავშირებული დანაშაულებისგან გაიმიჯნება და მათთან შედარებით უფრო მკაცრად დაისჯება.

თუ დღეს მოქმედი რედაქციით, ნარკოტიკული საშუალებების უკანონო დამზადება, წარმოება, შეძენა, შენახვა, გადაზიდვა, გადაგზავნა, ისევე როგორც მათი გასაღება 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთით ისჯება, ცვლილებების ამოქმედების შემდეგ, უკანონო დამზადებაზე, წარმოებაზე, შეძენაზე, შენახვაზე, გადაზიდვასა ან გადაგზავნაზე სასჯელი 6 წლამდე შემცირდება, ხოლო ნარკოტიკული საშუალებების უკანონო გასაღებისთვის, რომელიც დანაშაულის ცალკე კატეგორიად გამოიყოფა, სასჯელი 6-დან 11 წლამდე განისაზღვრება. ამ დანაშაულთა დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენა, მათ შორის რეციდივის შემთხვევები, უფრო მაღალი სასჯელებით დაისჯება.

იუსტიციის მინისტრის მოადგილემ ალექსანდრე ბარამიძემ 28 მაისს კანონპროექტის პლენარულ სხდომაზე განხილვისას განაცხადა, რომ ამ ცვლილებებს უკუქმედების ძალა ექნება, რაც იმას ნიშნავს, რომ იმ პირებს, ვინც ამჟამად სასჯელს ნარკოტიკების ფლობასთან დაკავშირებული დანაშაულების გამო იხდიან, შეეძლებათ მიმართონ სააპელაციო სასამართლოს ახლადგამოვლენილი გარემოების მოტივით ძალაში შესული განაჩენების გადახედვის მოთხოვნით.

ნარკოტიკების ფლობისა და გასაღების ერთმანეთისგან გამიჯვნა ერთ-ერთი ის რეკომენდაციაა, რომლის შესრულებისკენაც ევროკომისია საქართველოს ვიზალიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის შესრულების თაობაზე თავის ბოლო ანგარიშში მოუწოდებს.

მსგავსი პოსტები

Back to top button