მნიშვნელოვანისაქართველოსიახლეები

„არა ფობიას!“-NGO-ები კობახიძისა და სერგეენკოს განცხადებებს გმობენ

სამოქალაქო პლატფორმა არა-ფობიას!, კოალიცია თანასწორობისათვის და სამოქალაქო საზოგადოების სხვა ორგანიზაციები თბილისი პრაიდის და პარტნიორების მიერ 5 ივლისს დაგეგმილ ღირსების მარშთან დაკავშირებით მმართველი პარტიის წევრების განცხადებებს ეხმაურება.

საუბარია კობახიძის 17 ივნისის განცხადებაზე, სადაც ის ამბობდა, რომ ლგბტ თემის წევრებს მარშის გამართვაზე უარი უნდა უთხრან; სერგეენკო ამ საკითხზე ამბობდა, რომ უფლებების შეზღუდვა არ ჰგონია.

“კერძოდ, ირაკლი კობახიძის სიტყვები “ამ ადამიანებს უარი უნდა ეთქვათ ამ ღონისძიების ჩატარებაზე” სრულიად შეუსაბამოა საქართველოს კონსტიტუციასთან, რომლითაც პირდაპირაა გარანტირებული შეკრების თავისუფლება წინასწარი ნებართვის გარეშე. გარდა ამისა, შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლება არის უნივერსალური და ფუნდამენტური უფლება, რომლითაც სარგებლობა სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს ყველასთვის არადისკრიმინაციულად, განურჩევლად სექსუალური ორიენტაციისა, გენდერული იდენტობისა თუ სხვა ნიშნისა.

ამასთანავე, სახელმწიფოს ეკისრება პოზიტიური ვალდებულება, რომ უზრუნველყოს შეკრების თითოეული მონაწილის უსაფრთხოება. კერძოდ, საქართველოს წინააღმდეგ გამოტანილ გადაწყვეტილებაში ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განმარტებით, “მშვიდობიანმა დემონსტრაციამ შეიძლება გააღიზიანოს ან შეურაცხყოფა მიაყენოს იმ ადამიანებს, რომლებიც ეწინააღმდეგებიან იმ იდეებსა თუ მოთხოვნებს, რომელთა გავრცელებას დემონსტრაცია ცდილობს. მიუხედავად ამისა, სახელმწიფოს დახმარებით მონაწილეეებს უნდა შეეძლოთ დემონსტრაციის ჩატარება იმ შიშის გარეშე, რომ ისინი მოწინააღმდეგეების მიერ ძალადობას დაექვემდებარებიან” და “დემოკრატიულ საზოგადოებაში კონტრაქციის უფლება არ მოიცავს დემონსტრაციის უფლების რეალიზების ხელშეშლას”.

შეკრების მონაწილეთა დაცვის ვალდებულების შესასრულებლად პრევენციული ზომების მიღება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მაშინ, როდესაც საქმე ეხება ერთ-ერთ ყველაზე მოწყვლად ჯგუფს, ლგბტ+ თემს და ხელისუფლებისთვის წინასწარ ცნობილია ქვეყანაში არსებული ჰომოფობიური კონტექსტი. კერძოდ, ამ დროს სახელმწიფო ორგანოები “ვალდებულნი არიან მიიღონ ნებისმიერი შესაძლო ზომა, მაგალითად დემონსტრაციამდე საჯარო განცხადებების გაკეთებით, რათა ბუნდოვანების გარეშე მხარი დაუჭირონ ტოლერანტულ, მშვიდობიან პოზიციას და რათა პოტენციური სამართალდამრღვევები გააფრთხილონ შესაძლო სანქციების ბუნების შესახებ”, – ნათქვამია განცხადებაში.

განცხადებას 20-ზე მეტი ორგანიზაცია უერთდება.

მსგავსი პოსტები

Back to top button