მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

ოკუპირებულ აფხაზეთში რეფერენდუმის ჩატარება სურთ

ოკუპირებული აფხაზეთის ვეტერანთა და მოქალაქეთა ორგანიზაცია „აიააირა“ („გამარჯვება“) თვითგამოცხადებულ რესპუბლიკაში დე ფაქტო ხელისუფლებისა და ე.წ. პრეზიდენტის მიერ გატარებული პოლიტიკის უნდობლობის შესახებ ე.წ. რეფერენდუმის ჩატარების ინიციატივით გამოვიდა.

სააგენტო „აიაშარას“ ცნობით, ორგანიზაციის წევრებმა ე.წ. ცენტრალურ საარჩევნო კომისიას რეფერენდუმის ჩასატარებლად საინიციატივო ჯგუფის რეგისტრაციის მოთხოვნით მიმართეს.

„ცესკოს“ ცნობით, კითხვა, რომელზეც 36-კაციან საინიციატივო ჯგუფს რეფერენდუმის ჩატარება სურს, ასეა ფორმულირებული: „აუცილებლად მიგაჩნიათ თუ არა აფხაზეთის რესპუბლიკაში ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარება?“.

ოკუპირებული აფხაზეთის „კანონმდებლობით“, „რეფერენდუმის დანიშვნის უფლებამოსილება აქვს პრეზიდენტს და რეფერენდუმზე გამოაქვთ განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი სახელმწიფოებრივი საკითხები“.„რეფერენდუმის“ ჩატარების ინიციატივის დაყენება მოქალაქეებსაც შეუძლიათ. ამ შემთხვევაში საინიციატივო ჯგუფი სულ ცოტა 25 ადამიანისგან უნდა შედგებოდეს, „რეფერენდუმის“ მოთხოვნით კი მინიმუმ 10 000 ხელმოწერა უნდა შეგროვდეს.ბოლო დროს სხვადასხვა პოლიტიკურ და ეკონომიკურ საკითხებთან მიმართებით ადგილობრივი ოპოზიცია საპროტესტო აქციებს მართავს და “ხელისუფლების გადაწყვეტილებებს ეროვნულ ინტერესებთან” შეუსაბამოდ მიიჩნევს.

მსგავსი პოსტები

Back to top button