მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

რუსულმა ძალებმა დღეს უკრაინის ტერიტორიაზე 60-ზე მეტი რაკეტა გაისროლეს

რუსულმა ძალებმა დღეს უკრაინის ტერიტორიაზე 60-ზე მეტი რაკეტა გაისროლეს, – ინფორმაციას უკრაინული მედია საჰაერო ძალების წარმომადგენელზე, იური იგნატზე დაყრდნობით ავრცელებს.

„Х-555 და Х-101 ტიპის რაკეტები Ту-95 თვითმფრინავებიდან გაისროლეს, ასევე ნასროლია „კალიბრის“ რაკეტები შავი ზღვიდან. გაშვებულია С-300 რაკეტები, ასევე ისროდნენ Ту-22М3 ბომბდამშენებიდან, რომელიც უშვებს Х-22 ტიპის რაკეტებს“, – აღნიშნა იური იგნატმა.

მისი თქმით, ამჯერად ოკუპანტებმა პირველად გამოიყენეს Ту-95 ტიპის სტრატეგიული ბომბდამშენები ენგელსის ტერიტორიიდან, სადაც ეს თვითმფრინავები აეროდრომზეა განთავსებული.

უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალების სარდლობის პრესსპიკერის განცხადებით, ჯერჯერობით უცნობია, რამდენი რაკეტა ჩამოაგდეს უკრაინულმა ძალებმა.

16 დეკემბრის დილას უკრაინის მთელ ტერიტორიაზე საჰაერო განგაში გამოცხადდა. ნიკოლაივის ოლქის გუბერნატორი ვიტალი კიმი ოკუპანტების მიერ 60-მდე რაკეტის გაშვებას იუწყება.

“პირველი რაკეტები შემოდის. ველით 60-მდე რაკეტას”, – აცხადებს კიმი.

საჰაერო შეტევის მანიშნებელი სიგნალი უკრაინის ტერიტორიაზე ადგილობრივი დროით დილის 8 საათიდან ჩაირთო. 8:10 საათზე განგაშის სიგნალი ისმოდა კიევში, ჟიტომირის და ვინიცის ოლქებში.

8:15 საათისთვის სირენების ხმა 16 რეგიონში ისმოდა, 8:33 საათისთვის კი საჰაერო განგაში უკრაინის მთელ ტერიტორიაზე გამოცხადდა.

რუსეთის სარაკეტო თავდასხმა ხორციელდება ხარკოვის ინფრასტრუქტურულ ობიექტებზე, დნეპროპეტროვსკზე, ჟიტომირისა და კიევის ოლქებზე. ამოქმედებულია საჰაერო თავდაცვის სისტემა, ინფორმაციას უკრაინული მედია ადგილობრივი ადმინისტრაციების ხელმძღვანელებზე დაყრდნობით ავრცელებს.

„ხარკოვობლენერგოს“ პრესმდივანი მარინა შევჩენკო აცხადებს, რომ ხარკოვს ელექტროენერგია არ მიეწოდება. ადგილობრივი ხელისუფლება ხალხს სიფრთხილისა და თავშესაფრებში დარჩენისკენ მოუწოდებს.

სროლის შესახებ იტყობინება პოლტავის მერი ალექსანდრ მამაი, მისი სიტყვებით პოლტავა ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი.

ქალაქის მერი ვიტალი კლიჩკო კიევის რამდენიმე უბანში სროლის შესახებ წერს და მოქალაქეებს თავშესაფრებში დარჩენისკენ მოუწოდებს. კიევში გაჩერებულია მეტრო, მიწისქვეშა გადასასვლელები თავშესაფრის ფუნქციას ასრულებს.

ვრცელდება ცნობები კრივოი-როგში თავდასხმის შედეგად საცხოვრებელი შენობის დაზიანებაზე, ვარაუდობენ, რომ ნანგრევებში ხალხია მოყოლილი.

კრემენჩუგის მერი ვიტალი მალეცკი იტყობინება, რომ პოლტავის ოლქის ქალაქ კრემენჩუგზე მასირებული სარაკეტო იერიშის გამო ელექტროენერგიის გარდა, გაითიშა გათბობის სისტემა.

უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილის, ანა მალიარის განცხადებით, ყოველი სარაკეტო დარტყმით, კრემლი იმედოვნებს, რომ უკრაინას სრულ სიბნელეში ჩააგდებს.

მალიარის თქმით, რუსეთი მიმართავს მასიურ სარაკეტო დარტყმებს უკრაინის ტერიტორიაზე, რადგან იმედოვნებს, რომ ამ გზით ომის მიმდინარეობას თავის სასარგებლოდ შეცვლის.

“ყოველი შემდეგი სარაკეტო დარტყმით კრემლი იმედოვნებს, რომ სრულ სიბნელეში ჩაგვაგდებს. ყოველი შემდეგი სარაკეტო დარტყმით ტერორისტულ ქვეყანას იმედი აქვს, რომ უკრაინელებს გატეხს და ჩვენ ერს აქცევს სისტემის იმავე მონებად, როგორიც რუსები არიან”, – თქვა უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ.

ამასთან უკრაინის ენერგეტიკის მინისტრის თქმით, დღეს რუსეთის მორიგი სარაკეტო იერიშის შედეგად 9 ელექტროსადგური დაზიანდა.

ჰერმან ჰალუშჩენკომ განაცხადა, რომ ზარალი ჯერ კიდევ მოწმდება.

უკრაინის სახელმწიფო ენერგეტიკის ოპერატორმა განაცხადა, რომ მასობრივი თავდასხმის შედეგად ქვეყნის ენერგეტიკულმა სისტემამ სიმძლავრის ნახევარზე მეტი დაკარგა. 16 დეკემბერს, რუსეთმა უკრაინაზე მორიგი მასშტაბური სარაკეტო შეტევა განახორციელა. უკრაინის ცნობით, კიევის სამ რაიონში აფეთქებები მოხდა. კიევში ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტების დაზიანების გამო წყალმომარაგება შეფერხებულია.

გარდა ამისა უკრაინის ხელისუფლების ცნობით, პარასკევს რუსეთის მიერ უკრაინის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე განხორციელებულმა თავდასხმებმა რკინიგზის რიგ მონაკვეთებზე ელექტროენერგია შეწყვიტა.

თავდასხმის შედეგად ჩრდილო-აღმოსავლეთ ხარკოვი და ცენტრალური კიროვოგრადი დაზარალდა, დაზიანდა მატარებლები დონეცკის აღმოსავლეთ რეგიონში და ცენტრალურ დნეპროპეტროვსკში.

როგორც ოფიციალური პირები აცხადებენ, მატარებლები მოძრაობას სარეზერვო დიზელის ორთქლმავლებით გააგრძელებენ.

შეგახსენებთ რომ 16 დეკემბრის დილიდან უკრაინის მთელ ტერიტორიაზე საჰაერო განგაშია გამოცხადებული. ნიკოლაევის სამხედრო საოლქო ადმინისტრაციის უფროსი ვიტალი კიმი იუწყება, რომ რუსულმა ძალებმა დაახლოებით 60 რაკეტა ისროლეს.

მსგავსი პოსტები

Back to top button