საქართველომ რუსულ გაზში 100.6 მლნ დოლარი გადაიხადა, მაშინ როცა აზერბაიჯანულში 82.4 მლნ დოლარი

2025 წლის I კვარტალში საქართველოში შემოტანილი რუსული ბუნებრივი გაზის ღირებულებამ ბოლო 17 წლის განმავლობაში პირველად გადააჭარბა აზერბაიჯანული გაზის ღირებულებას . ამის შესახებ ცნობილი ხდება “საქსტატის”გაზის იმპორტის ღირებულების სტატისტიკიდან, რომელიც 2009 წლიდან მონაცემებს მოიცავს.
საქსტატის საიტზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, იანვარ-მარტში საქართველომ რუსულ გაზში 100.6 მლნ დოლარი გადაიხადა, მაშინ როცა აზერბაიჯანულში 82.4 მლნ დოლარი.
მოცულობის შესახებ ინფორმაცია საიტზე არაა გამოქვეყნებული, თუმცა, სავარაუდოდ, აზერბაიჯანული გაზის იმპორტი მოცულობით რუსულს აღემატება, შეღავათიანი ფასის გათვალისწინებით და ასევე აზერბაიჯანული გაზის თურქეთსა და ევროკავშირის ქვეყნებში ტრანზიტის გათვალისწინებითაც. 2007 წლამდე რუსეთი საქართველოში ბუნებრივი გაზის ერთადერთი მიმწოდებელი იყო, თუმცა ბაქო-თბილისი-ერზერუმის გაზსადენის ამოქმედების და 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ საქართველო აზერბაიჯანულ ბაზარზე ორიენტირდა.
საქსტატის მიერ გამოქვეყნებული, იმპორტირებული გაზის ღირებულების სტატისტიკა 2009 წლიდან მოწმობს, რომ რუსულ გაზში საქართველოს არასოდეს გადაუხდია მეტი ვიდრე აზერბაიჯანულში. მაგალითისთვის, 2018-2019 წლების პირველ კვარტლებში რუსეთის წილი იმპორტირებული გაზის საფასურში 4,4%-ს და 4.3%-ს შეადგენდა შესაბამისად. შედარებისთვის, 2024 წლის პირველ კვარტალში აზერბაიჯანული გაზის იმპორტის ღირებულება 93.3 მლნ დოლარს შეადგენდა, რუსულის კი 84.5 მლნ დოლარს.
ბოლო წლებში რუსული გაზის წილი გაიზარდა, ეკონომიკის სამინისტროში განაცხადეს, რომ „გაზპრომისგან“ შეძენილი გაზი მხოლოდ კომერციულ სექტორში გამოიყენება, მოსახლეობის გაზმომარაგება რუსეთისგან მიღებულ გაზზე არაა დამოკიდებული.
2025 წლის იანვარი-მარტის პერიოდში აზერბაიჯანიდან იმპორტირებული იქნა 82 401 360 აშშ დოლარის, ხოლო რუსეთიდან 100 646 930 აშშ დოლარის ღირებულების ბუნებრივი აირი აირისებრ მდგომარეობაში. ბუნებრივი აირის მოცულობებთან დაკავშირებით მონაცემები გამოქვეყნებული არაა.