მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

ხორვატიამ რუსეთის საელჩოს თანამშრომელები ქვეყნიდან გააძევა

ვარშავის ხელისუფლებამ რუსეთს ქალაქში არსებული უძრავი ქონება ჩამოართვა

ხორვატიამ რუსეთის საელჩოს 24 თანამშრომელი ქვეყნიდან გააძევა. ამის შესახებ ინფორმაციას ხორვატიის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყებაში განმარტავენ, რომ საელჩოს თანამშრომლების გაძევების მიზეზი რუსეთის უკრაინაში შეჭრა და მის მიერ განხორციელებული სასტიკი აგრესიაა.

ხორვატიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთის მიერ განხორციელებული ბრუტალური აგრესიის ფონზე რუსეთის ელჩიც დაიბარა.

„რუსულ მხარეს ეცნობა ზაგრებში რუსეთის ფედერაციის საელჩოს ტექნიკურ-ადმინისტრაციული თანამშრომლობის შემცირების შესახებ მიღებული გადაწყვეტილება“,- ნათქვამია საგარეო უწყების განმარტებაში.

უკრაინაში რუსეთის ქმედებების საპასუხოდ დიპლომატები არაერთმა ქვეყანამ გააძევა. მათ შორისაა, იტალია, საფრანგეთი, ავსტრია, დანია, იაპონია, გერმანია და ესპანეთი.

ამასთან ვარშავის ხელისუფლებამ რუსეთს ქალაქში არსებული უძრავი ქონება ჩამოართვა. ისინი გეგმავენ ჩამორთმეული შენობა უკრაინის მოქალაქეებს გადასცენ.

როგორც ვარშავის მერმა რაფალ ტრზასკოვსკიმ აღნიშნა, სობესკზე მდებარე კომპლექსი 1970-იან წლებში საბჭოთა კავშირის დაკვეთით აშენდა. შენობაში 100 ბინაზე მეტია, რომლებშიც საბჭოთა კავშირის დროს რუსი დიპლომატები ცხოვრობდნენ ოჯახებთან ერთად.

90-იან წლებში რუსებმა შენობის მოვლა შეწყვიტეს და ის მიტოვებული იყო. ბოლო წლების განმავლობაში ვარშავის მერია ცდილობდა შენობა ქალაქის ბალანზე გადმოეტანა. 2016 წელს ადგილობრივმა სასამართლომ რუსეთს შენობის დაბრუნება დააკისრა, თუმცა რუსეთი ამტკიცებდა, რომ საცხოვრებელი კომპლექსი დიპლომატიური ობიექტი იყო. რუსეთმა პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს საპროტესტო ნოტა გაუგზავნა.

ამ ეტაპზე ხელისუფლება სახლის ტექნიკურ მდგომარეობას ამოწმებს. პოლონეთში უკრაინის ელჩმა აღნიშნა, რომ “ეს სახლი ნამდვილად მოემსახურება უკრაინას და უკრაინელებს. აქ შეიძლება იყოს საბავშვო ბაღი, უკრაინული ცენტრი, ან შეიძლება გადმოვიტანოთ პოლონეთში უკრაინელების გაერთიანების ფილიალი. ვნახოთ იქამდე რა მდგომარეობაშია სახლი”.

მსგავსი პოსტები

Back to top button