მნიშვნელოვანისიახლეები

მმართველი პარტიის თავმჯდომარე პრეზიდენტის იმპიჩმენტს ითხოვს

პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხი დღის წესრიგიდან არ მოხსნილა, “ქართული ოცნება” სალომე ზურაბიშვილს ისევ ემუქრება. სახელისუფლებო შტოებს შორის არსებული უფსკრული მას შემდეგ გაღრმავდა, რაც პრემიერმინისტრმა ზურაბიშვილის ევროპული ტურნე დაუბლოკა და იმ ქვეყნებში აუკრძალა გამგზავრება, ვისგანაც საქართველომ ევროინტეგრაციის გზაზე მხარდაჭერა უნდა მიიღოს.

“ოცნება” ამტკიცებს, რომ პრეზიდენტი კონსტიტუციას არღვევს, კონსტუტუციონალისტები კი მმართველ გუნდს ქვეყნის მთავარი კანონის იმ მუხლს ახსენებენ, რომელიც სახელმწიფოს მეთაურს საქართველოს ევროპულ
ოჯახში გასაწევრიანებლად ყველა ბერკეტის გამოყენებას ავალდებულებს.

მმართველი პარტიის თავმჯდომარის განცხადებით, საქართველოს პრეზიდენტის მხრიდან კონსტიტუციის დარღვევასთან დაკავშირებით რეაგირების ერთი თეორიული მექანიზმი იმპიჩმენტია თუმცა იმპიჩმენტს სჭირდება 100 ხმა და სალომე ზურაბიშვილს აქვს კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ იმედი და გარანტიები მათი საერთო პატრონებისგან, ამ გარანტიის გარეშე ის კონსტიტუციას უხეშად არ დაარღვევდა.

„ზედმეტად დიდ მნიშვნელობას არ მივანიჭებდი ამ თემას, ისედაც ვიცით, რომ სალომე ზურაბიშვილი უპირისპირდება ქვეყნის ევროინტეგრაციის ინტერესს, მნიშვნელობა არ აქვს ის ევროინტეგრაციის საპირისპირო განცხადებებს საქართველოს პარლამენტის შენობაში გააკეთებს თუ საგარეო ვიზიტის განხორციელების დროს. ეს ინფორმაცია ისედაც მიდის ჩვენ საერთაშორისო პარტნიორებთან. თქვენ გახსოვთ, რომ საქართველოს პარლამენტის შენობიდან ის პირდაპირ დაუპირისპირდა ჩვენს ევროპულ პერსპექტივას, კერძოდ, მან განაცხადა, რომ საქართველო შარშან არ იმსახურებდა კანდიდატის სტატუსს და უფრო მეტიც, მან განაცხადა, რომ წელსაც მხოლოდ ფორმალურად ხორციელდება ის რეფორმები, რომელიც გათვალისწინებულია ევროკავშირის დოკუმენტებში, შესაბამისად, გამოდის, რომ მისი აზრით, საქართველო წელსაც არ იმსახურებს კანდიდატის სტატუსს. როდესაც ასეთი გზავნილების შესახებ ძალიან კარგად იციან ჩვენმა ევროპელმა პარტნიორებმა, ჩანს, რომ საქართველოს პრეზიდენტი არის პირდაპირ დაპირისპირებაში ჩვენს ევროპულ პერსპექტივასთან. რაც შეეხება რეაგირებას, ერთი, თეორიული რეაგირების მექანიზმი არის იმპიჩმენტი და რა თქმა უნდა, ჩვენ რომ წავიდეთ საკონსტიტუციო სასამართლოში, სასამართლო ძალიან მარტივად დაადგენს იმას, რომ აქ ირღვევა საქართველოს კონსტიტუცია, პირდაპირ ტექსტობრივი ინტერპრეტაციის საფუძველზე, ძალიან მარტივად დადგინდებოდა ეს, თუმცა, თქვენ იცით, რომ იმპიჩმენტს სჭირდება 100 ხმა და რა თქმა უნდა, სალომე ზურაბიშვილს აქვს კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ იმედი. ამ გარანტიის გარეშე ის კონსტიტუციას უხეშად არ დაარღვევდა. მას აქვს გარანტიები მათი საერთო პატრონებისგან. სალომე ზურაბიშვილს და „ნაცმოძრაობას“ ჰყავთ საერთო პატრონები და მათი მხრიდან აქვს სალომე ზურაბიშვილს მიღებული გარანტიები, წინააღმდეგ შემთხვევაში ის არ გარისკავდა და ასე უხეშად არ დაარღვევდა კონსტიტუციას. საზოგადოება მეტ-ნაკლებად, ალბათ, გათვითცნობიერებულია იმაში, თუ ვის შეიძლება ვგულისხმობდეთ ამაში. ეს არის გლობალური ომის პარტია“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

როგორი იქნება ივანიშვილის პოლიტიკური გუნდის მორიგი სვლა და მოიყვანს თუ არა ამჯერად “ოცნება” სისრულეში თავის მუქარას, ეს სულ მალე, პარლამენტში საშემოდგომო სესიის დაწყებისთანავე გაირკვევა.

30 აგვისტოს პრეზიდენტის ადმინისტრაციამ გაავრცელა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, სალომე ზურაბიშვილი 31 აგვისტოდან ევროპელ ლიდერებთან შეხვედრებს იწყებს. როგორც პრეზიდენტის ადმინისტრაციაში განაცხადეს, შეხვედრები კანდიდატის სტატუსს უკავშირდება. მოგვიანებით საქართველოს მთავრობამ სალომე ზურაბიშვილისთვის სამუშაო ვიზიტებზე უარის თქმასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა. როგორც განცხადებაშია ნათქვამი, სალომე ზურაბიშვილს გერმანიაში ვიზიტზე, საქართველოს მთავრობის განკარგულებით, 2023 წლის 3 აგვისტოს ოფიციალურად, წერილობით ეთქვა უარი. ასევე, განცხადებაში საუბარია სხვა სამუშაო ვიზიტებთან დაკავშირებითაც, რომლებზეც პრეზიდენტს უარი ეთქვა.
შეგახსენებთ, სალომე ზურაბიშვილს მთავრობამ 10 ქვეყანაში ვიზიტის ნებართვა არ მისცა, თუმცა პრეზიდენტი ევროინტეგრაციის მხარდასაჭერად ევროპაში მაინც გაემგზავრა. ის დღეს გერმანიის პრეზიდენტს შეხვდება.

მსგავსი პოსტები

Back to top button