მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

მომდევნო რამდენიმე თვე ომში ძალიან მნიშვნელოვანი იქნება-დანილოვი

უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანმა ოლექსი დანილოვმა განაცხადა, რომ მომავალი რამდენიმე თვე ძალიან მნიშვნელოვანი იქნება რუსეთ-უკრაინის ომში. მისი თქმით, ორივე მხარე ემზადება გადამწყვეტი ბრძოლისთვის. ამის შესახებ მან ეროვნული ტელემარათონის ეთერში ისაუბრა.

“ომის 11 თვის განმავლობაში უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ძალიან დიდი გამოცდილება მიიღო. უკრაინის მოქალაქეებმა საერთოდ არ იცოდნენ რა იყო ჯაველინი, სტინგერი ან ბაირახტარი. დღეს ყველამ ყველაფერი იცის. ჩვენი პრეზიდენტი დილიდან საღამომდე მუშაობს და ცდილობს, რაც შეიძლება მეტი სამხედრო ტექნიკა მიიღოს. არ უნდა დაგვავიწყდეს რუსეთში არსებული დაძაბული ვითარება. იქ ძალაუფლებისთვის ბრძოლა მიმდინარეობს. მომდევნო 2-3 თვე ამ ომში გადამწყვეტი პერიოდი იქნება. ამისთვის ვემზადებით ჩვენც და რა თქმა უნდა, ოკუპანტებიც. რუსეთის მოქმედებებს რომ დავაკვირდეთ ვნახავთ, რომ ძალიან ბევრი ადამიანი შეიცვალა. გამოიყენეს კადიროვიც და პრიგოჟინიც, შემდეგ კი შეცვალეს რადგან აღარ სჭირდებოდათ. ამ ეტაპზე ჩვენს წინააღმდეგ 3 არმია იბრძვის. ესენი არიან კადიროველები, პრიგოჟინის “ვაგნერელები” და რუსეთის შეიარაღებული ძალები. მათ შორის უთანხმოებაა გაჩაღებული. პუტინი ძალაუფლებასა და გავლენას ყოველდღიურად კარგავს”,- თქვა მან.
უკრაინის ცნობით, ბახმუტის მიმართულებით, სოლედარის რეგიონში სასტიკი და მძიმე ბრძოლები მიმდინარეობს. უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილის, ანა მალიარის განცხადებით, მტერი წარუმატებლად ცდილობს უკრაინის თავდაცვის გარღვევასა და სოლედარის დაპყრობას.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა. რუსულ სამხედრო ძალებს ათასობით მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა. ლტოლვილად და იძულებით გადაადგილებულ პირად 10 მილიონზე მეტი ადამიანი იქცა.

მსგავსი პოსტები

Back to top button