მნიშვნელოვანისაქართველოსიახლეები

“ფრესკოს” დამფუძნებლის სამი კითხვა ფინანსთა მინისტრს

კომპანია „ფრესკოს“ დამფუძნებელი ვასილ სოფრომაძე ფინანსთა მინისტრ ივანე მაჭავარიანს მიმართავს. Facebook-ში ატვირთული ვიდეოდან ირკვევა, რომ ბიზნესმენი მინისტრისგან რამდენიმე კითხვაზე პასუხს ითხოვს.

“კითხვა პირველი: ორი დღის წინ თქვენმა საგადასახადო სამსახურმა ყოველგვარ ლოგიკას, კანონს, ჭეშმარიტებას და საფუძველს მოკლებული ქმედებებით გადაწყვიტა „ფრესკოსთვის” ფულის ახევა. კითხვა მაქვს თქვენთან. ვინ ბრძანდებით? თუ „ფრესკო“ დამნაშავეა ამ სამი წლის განმავლობაში, რატომ არ დააჯარიმეთ? თუ იცით, რომ „ფრესკო“ მართალია, მაშინ რეკეტს ატარებთ? სამი წელიწადია ჰაერში გყავთ ჩამოკიდებული ამხელა კომპანია, რომელმაც პანდემიის დროსაც საქართველოს ბიუჯეტში მილიონზე მეტი შეიტანა. რატომ არ შეეშვებით „ფრესკოს“?

“კითხვა მეორე: გაასაჯაროვეთ ინფორმაცია, თუ რა მიზნით, რამდენი გადაუხადეთ ბიუჯეტიდან ანუ ხალხის ჯიბიდან „კარფურს“ სოციალურ პროდუქტებზე ფასების დასტაბილურებისთვის? როგორც ყოველთვის, რიცხვი დახურულია და კაცმა არ იცის, რამდენი გადაურიცხეთ. ამიხსენით, როგორ აკეთებდა ფასების სტაბილიზაციას „კარფური“, თუ ამ პერიოდში კომპანია „ფრესკოზე“ მეტ ფასად ყიდდა ამ პროდუქციას? ნაწილი ამ პროდუქციის საერთოდ არ ედო თავის მარკეტებში. ეს იმ დროს, როცა ჩვენ ყოველგვარი მარჟის და მოგების გარეშე ვყიდდით პროდუქტს. როგორ ასტაბილურებდა ფასებს, თუ უფრო ძვირად ყიდდა ამ პროდუქციას?

“კითხვა მესამე: ბატონო ივანე, როგორ ახერხებთ, რომ ბიზნესისთვის მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს იღებდით ღამით? გამოგვიცხადებდით და დილას ეს თქვენი კანონები შედიოდა მოქმედებაში. ღამით გვიცხადებდით კანონებს, ე.წ. კომენდანტის საათის დროს, რამდენიმე საათი გვქონდა, რომ დაგველაგებინა სიტუაცია. უნდა გაგვეკეთებინა ის, რასაც ჩვეულებრივ რეჟიმში რამდენიმე დღე სჭირდება, რომ ქსელი არ დაკეტილიყო და მარკეტებს ეფუნქციონირათ. ერთი დღეც არ დავკეტილვართ. ამ ყველაფრის მიუხედავად, ეკონომიკის ვარდნის მიუხედავად, დავიწყეთ ახალი ობიექტის მშენებლობა წერეთლის გამზირზე. მაქვს თუ არა მე გარანტია, მიუხედავად გადაწყვეტილებისა და ნებართვისა, რომელიც თქვენ გამოგგლიჯეთ კბილებით, მაქვს გარანტია, რომ ექსპლუატაციაში მივიღებთ ამ მშენებლობას? მაქვს კი იმის გარანტია, რომ კიდევ პრობლემებს არ შემიქმნით იმისთვის, რომ გააჩეროთ „ფრესკო“, ბიზნესი, რომელიც თქვენი კონტროლის ქვეშ ვერ მოაქციეთ?

“იტყვით მშენებლობებთან რა შუაში ვარო, მაგრამ გიპასუხებთ: გუშინ თქვენმა პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ თქვენ ერთი გუნდი ხართ, მაგრამ ტყუილად დაირქვით „ქართული ოცნება“, თქვენ უნდა გერქვათ „აუხდენელი ოცნება“, „ქართულ-ჯიგრული ოცნება“ და ა.შ. თქვენ საქართველოს ოცნება ნამდვილად არ ხართ. ველი პასუხს ბატონო ივანე, როდის შეგვეშვებით მე და ჩემს კომპანიას? თქვენ ხომ იცით, რომ ჩემგან ვერაფერს წაიღებთ?” – ნათქვამია მიმართვაში.

https://www.facebook.com/FrescoRetailGroup/videos/249969013089406/

მსგავსი პოსტები

Back to top button