მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

ისრაელის არმიამ ღაზის ალ-შიფას საავადმყოფო თეთრი ფოსფორით დაბომბა

ისრაელმა 7 ოქტომბერს ჰამასის თავდასხმის შედეგად დაღუპულთა სავარაუდო რიცხვი დააზუსტა და 1400-დან 1200-მდე შეამცირა

პალესტინის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ისრაელის არმიამ ღაზის ყველაზე დიდი, ალ-შიფას საავადმყოფო თეთრი ფოსფორით დაბომბა.

პალესტინის ადმინისტრაციის ჯანდაცვის მინისტრმა, მაი ალ-კაილამ განაცხადა, რომ ისრაელი ღაზის სექტორში გენოციდს ჩადის.

„ჰამასის“ მიერ მართულმა ჯანდაცვის სამინისტრომ ღაზაში განაცხადა, რომ ალ-შიფას საავადმყოფოში ოპერაციები შეჩერებულია.

პარალელურად, „ბიბისი“ ავრცელებს ინფორმაციას, რომ ალ-შიფას საავადმყოფოს ინტენსიური თერაპიის განყოფილებას ჭურვი მოხვდა და ტერიტორიაზე სროლის და აფეთქებების ხმა ისმის.

გავრცელებული ცნობით, ახლა საავადმყოფოში არ არის წყალი, საკვები და ელექტროენერგია. ვრცელდება ინფორმაცია ადამიანების დაღუპვის შესახებ. წითელი ჯვრისა და ნახევარმთვარის საერთაშორისო კომიტეტის ახლო აღმოსავლეთის რეგიონული ხელმძღვანელი ფაბრიციო კარბონი წერს, რომ ალ-შიფას საავადმყოფოდან მიღებული ინფორმაცია შემაშფოთებელია და ასე გაგრძელება არ შეიძლება, რადგან ათასობით დაჭრილი, დევნილი და სამედიცინო პერსონალი საფრთხეშია.

ამასთან ღაზის სექტორის ჩრდილოეთ და ცენტრალურ ნაწილში მდებარე სახლებზე ისრაელის საჰაერო თავდასხმის შედეგად 13 ადამიანი დაიღუპა და ათობით დაიჭრა. ამის შესახებ ინფორმაციას პალესტინური მედია ავრცელებს.

გავრცელებული ცნობით, ისრაელის სამხედრო ავიაციამ ნუსეირატის ლტოლვილთა ბანაკში მდებარე საცხოვრებელი სახლი დაბომბა.

ღამით ისრაელის ძალებსა და ადგილობრივ სამხედრო ჯგუფებს შორის ბრძოლა მიმდინარეობდა ღაზის სექტორში, მათ შორის შიფას საავადმყოფოს მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც ტერორისტული დაჯგუფება „ჰამასი“, სავარაუდოდ, ფლობს მთავარ სამეთაურო ცენტრს.

ისრაელის თავდაცვის ძალებში განაცხადეს, რომ ოპერაციის დაწყების შემდეგ ისრაელის არმიამ ჩრდილოეთ ღაზაში „ჰამასის“ 11 ფორპოსტი დაიკავა. გასული ღამის განმავლობაში ისრაელის არმია „ჰამასის“ ობიექტებს ჰაერიდან, ხმელეთიდან და ზღვიდან ბომბავდა. პარალელურად, ცნობილი ხდება, რომ ღაზის სექტორიდან ისრაელის დასახლებების მიმართულებით რაკეტები ისევ გაუშვეს. საჰაერო განგაშის სიგნალი არაბული ანკლავის მოსაზღვრე კიბუცებში ისმოდა.

ისრაელმა 7 ოქტომბერს ჰამასის თავდასხმის შედეგად დაღუპულთა სავარაუდო რიცხვი დააზუსტა და 1400-დან 1200-მდე შეამცირა. ამ მონაცემებში შედიან უცხო ქვეყნის მოქალაქეებიც, განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა ლიორ ჰაიათმა.

ჰაიათის თქმით, ამჟამინდელი შეფასება არ არის საბოლოო, რადგანაც ზოგიერთი ცხედარი ამ დრომდე იდენტიფიცირებული არაა.

7 ოქტომბერს ღაზის სექტორიდან ისრაელის მიმართულებით ათასობით რაკეტა გაუშვეს. ქვეყნის მასშტაბით განგაშის სირენები ამოქმედდა. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა პალესტინურმა დაჯგუფება ჰამასმა აიღო და თქვა, რომ 20 წუთში 5 000 რაკეტა გამოიყენეს.

საჰაერო იერიშის პარალელურად ჰამასის მებრძოლებმა გაარღვიეს ღაზის კედელი და სხვადასხვა გზით, მათ შორის პარაპლანებით, ისრაელის ტერიტორიაზე შეიჭრნენ. ამ დროს ღაზის საზღვართან ახლოს მუსიკალური ფესტივალი მიმდინარეობდა. ჰამასელები თავს დაესხნენ ფესტივალის სტუმრებს, შეიჭრნენ კიბუცებში. გზადაგზა კი კლავდნენ და მძევლათ აჰყავდათ ადამიანები.

ბოლო მონაცემებით, ჰამასმა ღაზაში 240-მდე მძევალი გადაიყვანა, მათ შორის არიან როგორ ისრაელის, ისე უცხო ქვეყნის მოქალაქეები.

გავრცელებულ შეტყობინებაში, ჰამასის სამხედრო მეთაურმა, მოჰამედ დეიფმა ამას ოპერაცია “ალ-აკსას წარღვნა” უწოდა და პალესტინელებს შეერთებისკენ მოუწოდა.

ისრაელის პრემიერმინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ ამას ომი უწოდა – მისი თქმით, წინ ხანგრძლივი ბრძოლა ელით, თუმცა ისრაელი ომს მოიგებს, ხოლო ჰამასი პასუხს აგებს ამ ქმედებებისთვის.

მსგავსი პოსტები

Back to top button