მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

“ვაგნერელები” ბელარუს სამხედროებს წვრთნიან

ბელარუსის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ბელარუსი სამხედროები ვაგნერის მებრძოლებთან ერთად სამხედრო მომზადებას ბრესტის სამხედრო ბაზაზე, პოლონეთის საზღვრიდან 5 კილომეტრში გაივლიან.
თავდაცვის სამინისტროს თანახმად, „კვირის განმავლობაში, სპეციალური ოპერაციების ძალების ქვედანაყოფები კომპანიის წარმომადგენლებთან ერთად დაამუშავებენ სასწავლო-საბრძოლო ამოცანებს ბრესტის პოლიგონზე“. მინსკი არ აკონკრეტებს, რამდენი „ვაგნერელი“ იმყოფება ბელარუსის ტერიტორიაზე.

“ბელარუსის შეიარაღებული ძალები აგრძელებენ ერთობლივ წვრთნას ვაგნერის მებრძოლებთან ერთად. კვირის განმავლობაში სპეცოპერაციის ძალების ქვედანაყოფები კომპანიის წარმომადგენლებთან ერთად ბრესტის სამხედრო პოლიგონზე საბრძოლო მომზადების ამოცანებს შეიმუშავებენ”, – აცხადებენ ბელარუსის თავდაცვის სამინისტროში.

ბელარუსის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციას პოლონური მხარე გამოეხმაურა. პოლონეთის თავდაცვის უწყებაში აცხადებენ, რომ პოლონეთის საზღვრები უსაფრთხოა და მუდმივად აკვირდებიან აღმოსავლეთის საზღვარზე განვითარებულ მოვლენებს და მზად არიან “ნებისმიერი სცენარის განვითარებისთვის”.

გუშინ, 19 ივლისს სოციალურ ქსელში გამოჩნდა ვიდეო, რომელშიც დიდხნიანი გაუჩინარების შემდეგ, სამხედრო დაჯგუფება ვაგნერის ხელმძღვანელი, ევგენი პრიგოჟინი გამოჩნდა. ვიდეოში ჩანს, რომ ის ბელარუსში, მინსკის სამხედრო ბაზაზე იმყოფება და თავის მებრძოლებს ესალმება.

“ის, რაც ფრონტზე ხდება, არის სირცხვილი, რომელშიც ჩვენ აღარ ჩავერევით. დღეიდან ჩვენ აფრიკისთვის უნდა მოვემზადოთ და გავწვრთნან ბელარუსის არმია”, – ასე მიმართავს პრიგოჟინი ვაგნერის მებრძოლებს.

სამხედრო დაჯგუფება ვაგნერი და მისი ხელმძღვანელი, ევგენი პრიგოჟინი ბელარუსში მას შემდეგ გადავიდა, რაც კომპანიის დამფუძნებელმა საკუთარი აჯანყება დაასრულა.

1 ივლისს, ლუკაშენკომ კერძო სამხედრო კომპანიის, ვაგნერის მებრძოლები ქვეყანაში მიიწვია და მისი სამხედროების მომზადება სთხოვა. ამის შესახებ მან ბელარუსის დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლის დროს ისაუბრა.

ევგენი პრიგოჟინსა და რუსეთის თავდაცვის სამინისტროს შორის ღია კონფლიქტი რამდენიმე თვეა გრძელდებოდა, ხოლო 24 ივნისს პრიგოჟინი რუსეთის ხელისუფლების წინააღმდეგ აჯანყდა. 24 საათზე ნაკლებ დროში მისმა სამხედრო კოლონამ თითქმის მოსკოვამდე მიაღწია, თუმცა ბელარუსის პრეზიდენტთან, ალექსანდრ ლუკაშენკოსთან დიალოგის შემდეგ, პრიგოჟინმა განაცხადა, რომ აჯანყება შეწყვიტა.

მოგვიანებით, კრემლის პრესსპიკერმა, დმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ პრიგოჟინის წინააღმდეგ დაწყებული სისხლის სამართლის საქმის წარმოება შეწყდა და ის ბელარუსში გაემგზავრა.

ამასთან, მოგვიანებით ბელარუსის თავდაცვის სამინისტრომ ინფორმაცია გაავრცელა, რომ ვაგნერელებმა მათი სამხედროების წვრთნები დაიწყეს.

დაახლოებით ერთი კვირის წინ, 14 ივლისს, ბელარუსის თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ „ვაგნერის“ მებრძოლებმა მოგილევის ოლქის ქალაქ ოსიპოვიჩის რაიონში დაიწყეს ბელარუსის ტერიტორიული თავდაცვის ქვედანაყოფების მომზადება.

მონიტორინგის ჯგუფმა Беларускі Гаюн, რომელიც ბელარუსში სამხედრო აქტივობას აკვირდება, 19 ივლისს, ღამით, გამოაქვეყნა ინფორმაცია, რომ ბოლო დღეებში, ქვეყნის ტერიტორიაზე შევიდა „ვაგნერის“ ავტოტრანსპორტის 9 კოლონა.

ომის არაერთ დანაშაულში ეჭვმიტანილი კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ დამფუძნებელმა ევგენი პრიგოჟინმა 23 ივნისს, საღამოს, გამოაცხადა, რომ რუსეთის არმიამ უკრაინაში მებრძოლი „ვაგნერის“ ზურგის ბანაკებზე განახორციელა სარაკეტო დარტყმა, რასაც მრავალათასიანი „სამართლიანობის მარშით“ უპასუხებენ.
24 ივნისს „ვაგნერელების“ ნაწილმა, პრაქტიკულად, წინააღმდეგობის გარეშე დაიკავა რუსეთის ქალაქი დონის როსტოვი და ვორონეჟის ოლქშიც შევიდა, ნაწილი კი, მოსკოვისკენ დაიძრა.
რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა განვითარებულ მოვლენებს უწოდა ღალატი და ზურგიდან დარტყმა.
24 ივნისს, ღამით, ბელარუსის ავტორიტარ მმართველ ლუკაშენკასთან მოლაპარაკების შემდეგ, პრიგოჟინმა გამოაცხადა, რომ სისხლისღვრის საფრთხე რეალურია, ამიტომ საველე ბანაკებში ბრუნდებიან.
24 ივნისს, გვიან ღამით, პრეზიდენტ პუტინის პრესმდივანმა პესკოვმა განაცხადა, რომ შეიარაღებული ამბოხების გამო აღძრული სისხლის სამართლის საქმე შეწყდება და პრიგოჟინი ბელარუსში წავა.
27 ივნისს ლუკაშენკამ დაადასტურა, რომ პრიგოჟინი ბელარუსში იმყოფება და განაცხადა, რომ ეთანხმება თავდაცვის მინისტრის პოზიციას იმის შესახებ, რომ „ვაგნერის“ მსგავსი ქვედანაყოფი ბელარუსის არმიას გამოადგება.
27 ივნისს, რუსეთის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებთან კრემლში შეხვედრისას, პუტინმა განაცხადა, რომ „ვაგნერს“ მთლიანად სახელმწიფო აფინანსებდა და მხოლოდ 2022 წლის მაისიდან 2003 წლის მაისის ჩათვლით გადაუხადეს 86 მილიარდ რუბლზე მეტი.
10 ივლისს კრემლმა დაადასტურა მანამდე მედიით გავრცელებული ინფორმაცია, რომ პრეზიდენტი პუტინი შეხვდა „ვაგნერის“ რაზმების 35 მეთაურს და კომპანიის ხელმძღვანელებს, მათ შორის ევგენი პრიგოჟინს.

მსგავსი პოსტები

Back to top button