რეგიონისიახლეები

„ათასობით ადამიანს სურს, რომ დღესასწაული შედგეს“

ბელარუსის პრეზიდენტმა ალექსანდრ ლუკაშენკომ განაცხადა, რომ კორონავირუსის პანდემიის მიუხედავად, მინსკში დაგეგმილ, მეორე მსოფლიო ომში გამარჯვებისადმი მიძღვნილ სამხედრო აღლუმს ვერ გააუქმებს, ვინაიდან „ათასობით ადამიანს სურს, რომ დღესასწაული შედგეს“.

ლუკაშენკოს სიტყვებით, „ამაზე დიდხანს ფიქრობდა“, მაგრამ დიდი სამამულო ომის ვეტერანებმა „პირველებმა მოითხოვეს, რომ ისინი ჩამოიყვანონ ღონისძიებაზე.“

ბელარუსის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ომის მონაწილეები „შეიძლება ვირუსებითაც კვდებოდნენ და სხვა დაავადებებითაც, მაგრამ ზოგჯერ ამას ვერ გრძნობდნენ და ამაზე არ ფიქრობდნენ“. მან ხაზი გაუსვა, რომ არ სურს, ვეტერანებმა იფიქრონ, რომ ხელისუფლებას პანდემიის შეეშინდა.

მანამდე ბელარუსის 7 ათასმა მოქალაქემ მოაწერა ხელი პეტიციას მოთხოვნით, რომ კორონავირუსის გავრცელების საფრთხესთან დაკავშირებით, გაუქმდეს 9 მაისის აღლუმი. ქვეყნის თავდაცვის სამინისტრომ ამის პასუხად განაცხადა, რომ ეპიდემიოლოგიური ვითარება აღლუმის გამართვას ხელს უწყობს. ამასთან, ის არმიის მომზადების მნიშვნელოვანი ნაწილია, რის გამოც მისი გაუქმება არ შეიძლება.

დღევანდელი ოფიციალური მონაცემებით, ბელარუსში კორონავირუსით ინფიცირებულთა დადასტურებული რაოდენობაა 16 705. პანდემიის დაწყებიდან დღემდე გარდაიცვალა 99 ადამიანი. უკანასკნელ დღეებში ინფიცირებულთა რაოდენობა დღე-ღამეში 800-900-ით იზრდება. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ბელარუსს არაერთხელ მოუწოდა, რომ მკაცრი ზომები შემოიღოს.

მსგავსი პოსტები

Back to top button