მნიშვნელოვანისიახლეები

26 მაისის საორგანიზაციო ჯგუფის განცხადებით, დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად სხვადასხვა სახის პროგრამაა დაგეგმილი

26 მაისის საორგანიზაციო ჯგუფის განცხადებით, დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად სხვადასხვა სახის პროგრამაა დაგეგმილი, მათ შორის შემეცნებითი და საგანმანათლებლო თემატიკის.

როგორც საორგანიზაციო ჯგუფის შეხვედრის შემდეგ, ორგანიზაცია „კულტურა დემოკრატიისთვის“ წარმომადგენელმა, ანა რიაბოშენკომ ბრიფინგზე განაცხადა, ეს დღე მშვიდობიანი იქნება.

„ამ დღესასწაულის ფარგლებში, საზოგადოების ყველა ის ნაწილი, რომელიც დამოუკიდებლობისთვის იბრძვის, ერთიანდება და ყველა აკეთებს სხვადასხვა სახის პროგრამას, რომელიც ითვალისწინებს გამოფენებს, საბავშვო და შემეცნებით ღონისძიებებს. ეს არის დღე, რომელიც ეკუთვნის საქართველოს ყველა მოქალაქეს. შესაბამისად, ეს იქნება მშვიდობიანი დღე, ეს დღე იქნება ყველასთვის, ამიტომ ველოდებით ყველას რუსთაველზე, 26-ში, რათა ერთად აღვნიშნოთ დამოუკიდებლობა, რომელიც ასე სისხლით და წვალებითაა მოპოვებული და რომელიც აუცილებლად უნდა დავიცვათ“,- განაცხადა საორგანიზაციო ჯგუფის წევრმა, „კულტურა დემოკრატიისთვის“ წარმომადგენელმა, ანა რიაბოშენკომ.

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის ოფისში 26 მაისის საორგანიზაციო ჯგუფის შეხვედრა მიმდინარეობს

„ფედერალისტების“ ერთ-ერთი ლიდერის, თამარ ჩერგოლეიშვილის განცხადებით, საქართველოს მეხუთე პრეზიდენტთან, სალომე ზურაბიშვილთან 26 მაისთან დაკავშირებით ბოლო სამუშაო შეხვედრა გაიმართა.

როგორც ჩერგოლეიშვილი განმარტავს, აღნიშნულ დღეს სხვადასხვა დროსა და ადგილას მარშებია დაგეგმილი, კულმინაცია კი, 19:00 საათზე იქნება, როცა შეკრებილ საზოგადოებას სიტყვით სალომე ზურაბიშვილი მიმართავს.

„ჩვენ გვინდა ეს დღე იყოს ის, რაც ყველა ქართველს გააერთიანებს, ვისთვისაც დამოუკიდებლობა ძვირფასია. ჩვენ ვიცით, რომ ასეთები არიან ისინიც, ვინც დღეს შეიძლება სტატუს-კვოს უჭერენ მხარს სრულიად შეცდომით. 26 მაისის ჩვენი მხრიდან გაკეთებული ღონისძიების სულისკვეთება იქნება ის, რომ ჩვენ გაცილებით მეტი გვაერთიანებს, ვიდრე გვყოფს, ეს არის საქართველოს დამოუკიდებლობა და რომ ეს დამოუკიდებლობა დგას საფრთხის ქვეშ რუსეთთან პირისპირ მარტო დარჩენით.

დაახლოებით, 15:00-16:00 საათიდან იწყება სხვადასხვა მარში, ძალიან დეცენტრალიზებული პროტესტია, მომწონს ძალიან, რომ ყველა ჯგუფი თავის პროგრამას აკეთებს და მთელ რუსთაველზე იქნება გაშლილი, რუსთაველის თეატრიდან “მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლემდე”. კულმინაცია იქნება 19:00 საათზე, როცა საქართველოს პრეზიდენტი მიმართავს შეკრებილებს. ყველაფერი ხაზგასმით მშვიდობიანი, მეგობრულია ყველას მიმართ, ვისთვისაც საქართველოს დამოუკიდებლობა ძვირფასია და მტრული მათ მიმართ, ვისთვისაც არ არის ძვირფასი”,- განაცხადა ჩერგოლეიშვილმა.

მისი განმარტებით, შეხვედრაზე ზურაბიშვილთან მათ შორის, იმაზეც ისაუბრეს, თუ როგორ უნდა აიცილონ მოსალოდნელი პროვოკაციები.

„ეს იყო ბოლო სამუშაო შეხვედრა და ვისაუბრეთ როგორ უზრუნველვყოთ ის, რომ პროვოკაციაზე არ წამოგვაგონ, გეგმა „B“ რა შეიძლება იყოს, ეს ყველაფერი დავალაგეთ. „პლატფორმამ“ კი დააანონსა ეს აქცია, მაგრამ უფრო ფართო მოვლენაა – ბევრი პოლიტიკური პარტია, სამოქალაქო ორგანიზაცია სულ არ სწყალობს ამ „პლატფორმას” და გააფართოვა უბრალოდ, კომიტეტი შეიქმნა, სადაც სამოქალაქო ორგანიზაციები, პროტესტის მონაწილეები არიან, ბევრი ხალხია, ჩემი სკეპტიციზმის მიუხედავად რაღაცებზე შეთანხმება მაინც გამოვიდა, რაც მიხარია”,- განაცხადა ჩერგოლეიშვილმა.

მსგავსი პოსტები

Back to top button