მნიშვნელოვანირეგიონი

კახეთში ოჯახის ორ წევრს პროკურატურამ არასრულწლოვან გოგონაზე ძალადობის მუხლით ბრალი წაუყენა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენება და ფსიქიატრიული ექსპერტიზა მოითხოვა

ჩვენს მიმართ სისხლის სამართლის საქმის აღძვრამ ყველანაირი კონტროლი წაგვართვა ბავშვზე, დღეების განმავლობაში იკარგება “- კახეთის ერთ- ერთ მუნიციპალიტეტში არასრულწლოვანი გოგონას ოჯახის წევრები დახმარებას ითხოვენ

კახეთის ერთ- ერთ მუნიციპალიტეტში ოჯახის ორ წევრს პროკურატურამ არასრულწლოვან გოგონაზე ძალადობის მუხლით ბრალი წაუყენა და აღკვეთის ღონისძიების სახით, პატიმრობის გამოყენება და ფსიქიატრიული ექსპერტიზა მოითხოვა.

სასამართლომ შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა და მოზარდის დედას და ბებიას გირაო შეუფარდა. ერთ-ერთი ბრალდებული, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირია.

რადიო ჰერეთთან საუბარში, მოზარდის ბებია ადასტურებს, რომ საქმე უკვე სასამართლოში, არსებითი განხილვის ეტაპზეა. რესპოდენტი ამბობს, რომ ოჯახის წევრების მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნის წამოწყებით, არასრულწლოვანზე კონტროლი სრულად დაკარგულია.

” პირველ რიგში მინდა ვთქვა, რომ არავითარი ძალადობა არ ჩაგვიდენია. ღამით ვეძებდით სახლიდან გასულს და უბრალოდ, ემოციური შელაპარაკება გვქონდა. ახლა, რაკი ჩვენ გირაოს ქვეშ ვიმყოფებით, ხმას ვეღარ ვიღებთ, ბავშვი სახლიდან გადის, დღეები იკარგება და ვერაფერს ვაკეთებთ. ამის გარდა, ჩვენ ვითხოვთ, მოიძებნოს სამართლებრივი გზა, მოზარდის იმ წრესთან ჩამოსაცილებლად, რომელთან ერთადაც ის იკარგება და სანამ პოლიციას არ ჩავრთავთ, ვერ ვპოულობთ. გაარკვიონ, სად მიდის და რა ხდება. მე ეჭვი მაქვს, რომ ის არის გარკვეული შანტაჟის მსხვერპლი. ეს ყველაფერი უნდა დადგინდეს”- განაცხადა მოზარდის ოჯახის წევრმა.

ადვოკატი, რომელიც საქმეშია ჩართული, რადიო ჰერეთთან ამბობს, რომ სისხლის სამართლის საქმე მოზარდის ოჯახის წევრების მიმართ, საერთოდ არ უნდა დაწყებულიყო.

” ეს საქმე საერთოდ არ უნდა აღძრულიყო. ესენი არიან გირაოს ქვეშ და ნაბიჯს ვერ დგამენ, რომ ბავშვს მიხედონ. ოჯახის წევრების ნებისმიერი მცდელობა, შესაძლოა გირაოს პირობების დარღვევად ჩაითვალოს. ბავშვის საუკეთესო ინტერესის გათვალისწინება სწორედ ის იქნებოდა, რომ მისი ოჯახში მობრუნებაზე ემუშავათ. აქედან გამომდინარე, მოზარდი დარჩა სრულიად უკონტროლო. არის მეორე პრობლემაც, უნდა გაირკვეს, როცა იკარგება, სად მიდის, ვისთან, რა საქმიანობენ, იქნებ დანაშაული ხდება? სოციალურმა სამსახურმა და პოლიციამ ყველაფერი უნდა იღონოს, რომ მოზარდი საერთოდ არ გადავიდეს სწორი გზიდან. მხოლოდ იმის გარკვევა მიდის, იძალადეს თუ არა ბავშვზე, დანარჩენი საკითხები, სრულიად იგნორირებულია “- განაცხადა ადვოკატმა.

სოციალურ სამსახურში მომხდარ ფაქტზე კომენტარს არ აკეთებენ. რადიო ჰერეთისათვის ცნობილი გახდა, რომ მოზარდი რამდენიმე დღით იყო გადაყვანილი ოჯახური ტიპის თავშესაფარში, თუმცა მან დედასთან დაბრუნება ისურვა.

საქმის არსებითი განხილვა სასამართლოში გრძელდება. არასრულწლოვანი მოწმეები, რომლებიც საქმეში არიან ჩართული, სასამართლოს ჯერ არ გამოუკითხავს.

გამოძიება მომხდარ ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 126′ მუხლით მიმდინარეობს.

მსგავსი პოსტები

Back to top button