მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

რუსეთის სახელმწიფო დუმამ ჰომოფობიური კანონპროექტი მიიღო

რუსეთის სახელმწიფო დუმის დეპუტატებმა პირველი მოსმენით მიიღეს კანონპროექტები, რომლებიც მოზრდილებსა და ბავშვებში კრძალავს “არატრადიციული სექსუალური ურთიერთობებისა” და პედოფილიის “პროპაგანდასა და გამართლებას”. არასრულწლოვანთა შორის აიკრძალება ინფორმაციის გავრცელება ჰომოსექსუალებისა და ტრანსგენდერების შესახებ. კენჭისყრა ჩატარდა ხუთშაბათს, 27 ოქტომბერს, დილით. დოკუმენტების თანაავტორად 400-მდე დეპუტატი გამოცხადდა.

სხდომაზე პალატის თავმჯდომარემ, ვიაჩესლავ ვოლოდინმა, განაცხადა, რომ დეპუტატებმა უნდა დაიცვან ბავშვები და ისინი, ვისაც ნორმალურად ცხოვრება სურს. “სხვა ყველაფერი ცოდვაა, სოდომია, სიბნელეა და ჩვენი ქვეყანა ამას ებრძვის”, – მოყვანილია მისი სიტყვები დუმის საიტზე.
კანონპროექტი დუმაში 20 ოქტომბერს შევიდა, რომლის მიხედვითაც სიახლეები შეეხება: ინტერნეტს, მედიას, წიგნებს, აუდიოვიზუალურ სერვისებს, კინოსა და რეკლამას.

ინიციატივების თანაავტორი იყო 390 დეპუტატი, მათ შორის ფრაქციის ყველა ლიდერი და ვიცე-სპიკერი.

“ლგბტ პროპაგანდისთვის” ჯარიმები და იურიდიული პირებისთვის საქმიანობის შეჩერებაც განისაზღვრა.
დემონსტრირება და პროპაგანდა, ასევე ინფორმაცია, რომელსაც, კანონმდებელთა აზრით, შეუძლია ბავშვებს სქესის შეცვლის სურვილი გაუჩინოს, ინტერნეტში ხელმისაწვდომი იქნება მხოლოდ სპეციალური კოდის საშუალებით, რომელიც დაადასტურებს მომხმარებლის ასაკს. ფილმები, რომლებიც ლგბტ თემის პროპაგანდას ეწევიან, ვერ მიიღებენ გაქირავების ლიცენზიას, რაც ნიშნავს, რომ მათი ნახვა ზრდასრულებისთვისაც აკრძალული იქნება კინოთეატრებსა თუ საჯარო ჩვენებებზე.

კანონპროექტებით, აკრძალული ინფორმაციის გავრცელებისთვის დაწესდება ჯარიმები 400 ათასამდე რუბლის ოდენობით ფიზიკური პირებისთვის და 5 მილიონამდე – იურიდიული პირებისთვის (პედოფილიის პროპაგანდისთვის სასჯელი კიდევ უფრო მაღალი იქნება). უცხო ქვეყნების მოქალაქეებს ქვეყნიდან გაძევება დაემუქრებათ. კანონპროექტების მეორე მოსმენისას სასჯელი შეიძლება კიდევ უფრო გაიზარდოს, განაცხადა ვოლოდინმა.

მანამდე საპარლამენტო მოსმენებზე პარტიის “სამართლიანი რუსეთი-სიმართლისთვის” ფრაქციის ხელმძღვანელმა სერგეი მირონოვმა განაცხადა, რომ შემოთავაზებულ კანონებში მხოლოდ ჯარიმებით შემოფარგვლა, უაზრობაა. უფლებადამცველებმა კანონპროექტი ჯერ კიდევ მისი შემუშავების სტადიაში მკვეთრად გააკრიტიკეს და აღნიშნეს, რომ ის არღვევს ლგბტ თემისა და ზოგადად, ადამიანის უფლებებს.

მსგავსი პოსტები

Back to top button