მნიშვნელოვანიპოლიტიკასიახლეები

მამუკა ხაზარაძე ინფექციურ საავადმყოფოში გადაიყვანეს

პარტია „ლელოს“ ლიდერი და პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი მამუკა ხაზარაძე, რომელსაც covid-19 დაუდასტურდა, ინფექციურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. ხაზარაძე facebook-ის პირად გვერდზე მოქალაქეებს გამოჩენილი ყურადღებისთვის მადლობას უხდის.

“ამ დროისთვის ვიმყოფები ექიმების დაკვირვების ქვეშ. ეს ადამიანები მართლაც გმირები არიან. დღითიდღე ვრწმუნდები, რომ მხოლოდ მათი ძალისხმევით მოვიგებთ ბრძოლას covid19-თან. გუშინ, გვიან ღამით, შედარებით ცუდად გავხდი, ტემპერატურამ, დაახლოებით, 40 გრადუსამდე ამიწია. მთელი დღე სიმპტომები არ მქონდა, თუმცა მოგვიანებით ვითარება შეიცვალა; აქედან გამომდინარე, ექიმების რეკომენდაციით, გადავედი ინფექციურ საავადმყოფოში. პროფესიონალების დაკვირვების ქვეშ პროცესის მართვა ბევრად უსაფრთხოა. ახლა სხვა პაციენტებთან ერთად ინფექციურ საავადმყოფოში გავდივარ covid19-ის მკურნალობის კურსს“, – აცხადებს მამუკა ხაზარაძე, თუმცა პრემიერობის კანდიდატი, ამბობს, რომ პარტიულ აქტივობებში დისტანციურად არის ჩართული.

„საარჩევნო პროცესი რთული სამართავია, თუმცა არაერთხელ მითქვამს, რომ „ლელო“ ერთი ლიდერის პარტია არასდროს ყოფილა, ჩემი ამოცანა ყოველთვის იყო ძლიერი ადამიანების გუნდთან ერთად მუშაობა და დღეს სწორედ ასეთი ძლიერი ლიდერებისგან შემდგარი გუნდია ჩვენი პარტია. სწორედ ამიტომ, ჩვენი კამპანია ერთი წამითაც არ შეჩერებულა! ხვალ დიდი შეხვედრა გვექნება რუსთავში, მეც დისტანციურად მივიღებ მონაწილეობას… ჩვენი ლიდერები და თანაგუნდელები ველზე არიან და ინტენსიურად მუშაობენ, რა თქმა უნდა, უსაფრთხოების მოთხოვნების ყველა უმაღლესი სტანდარტის დაცვით. “ლელოს” ყველა ლიდერმა გაიკეთა covid19-ის ტესტი. პასუხების 99% უკვე ცნობილია – უარყოფითი. ჩემი ოჯახის წევრებიც, საბედნიეროდ, ჯანმრთელები არიან. ბავშვებსაც და მეუღლესაც ვირუსი არ დაუდასტურდათ. 31 ოქტომბერს ჩვენ, ქართველ ხალხთან ერთად, დავამარცხებთ covid19-ს და “ქართულ ოცნებას“, რომელმაც ამ კატასტროფამდე მიიყვანა ქვეყანა. ჩვენი საერთო ბრძოლა გრძელდება, ბრძოლა გრძელდება – გამარჯვებამდე“, – წერს მამუკა ხაზარაძე.

მსგავსი პოსტები

Back to top button