მთავრობა აფხაზეთიდან გადმომსვლელთათვის 5 დღიანი კარანტინის შემსუბუქებაზე იმსჯელებს
მთავრობა ოკუპირებული აფხაზეთიდან საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსვლის წესების შემსუბუქების საკითხის განხილვას გეგმავს. ამის შესახებ პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის ნიკოლოზ სამხარაძემ განაცხადა.
“გადასასვლელები დაკეტილია და გალში მცხოვრებ მოქალაქეებს, რეალურად შეზღუდული აქვთ გადმოსვლის უფლება, თუმცა ხუთდღიანი კარანტინის თემაც გასათვალისწინებელია. თავის დროზე ეს პუნქტი გაჩნდა იმიტომ, რომ აფხაზეთში იყო ძალიან რთული ვითარება პანდემიასთან დაკავშირებით. ძალიან ცოტა ტესტი კეთდებოდა 24 საათის განმავლობაში და ამ ტესტებიდან ძალიან მაღალი იყო მაჩვენებელი. ანუ კოვიდვითარება აფხაზეთში ბევრად უფრო მძიმე იყო ვიდრე დანარჩენ საქართველოში. პუნქტი გაჩნდა იმიტომ, რომ იქიდან დამატებით არ შემოსულიყვნენ დაავადებული ადამიანები. გუნდში პირველადი განხილვა იყო ამასთან დაკავშირებით და, ალბათ, ძალიან მალე საკოორდინაციო საბჭოზე დადგება საკითხი, რომ შემსუბუქდეს უფრო ჩვენი აფხაზეთში მცხოვრები მოქალაქეებისთვის დანარჩენ საქართველოში გადმოსვლის წესები”, – განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ
შეგახსენებთ, 7 აპრილს მდინარე ენგურზე ოთხი მოქალაქის ცხედარი იპოვეს. მათგან სამი გალის სოფელ წარჩეს, ერთი კი ჭუბურხინჯის მცხოვრებია.
ნათესავების ინფორმაციით, დაღუპულები ზუგდიდში პროდუქტების საყიდლად ცდილობდნენ გადმოსვლას.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე და 115-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც თავისუფლების უკანონოდ აღკვეთას და თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.