ხოშტარიას თქმით „ქართული ოცნების“ „პროპაგანდისტული არხების“ წარმომადგენლები ეკითხებიან, რატომ არ ითხოვს კადრების გასაჯაროებას

რატომ არ ითხოვს ელენე ხოშტარია, მისი თანაგუნდელები ან ადვოკატი წინასწარი დაკავების იზოლატორიდან ვიდეოჩანაწერებს. მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ სამი დღე გავიდა მას შემდეგ, რაც ხოშტარია დააკავეს და მან სოციალურ ქსელში სამართალდამცველების მხრიდან არაადამიანურ მოპყრობაზე ისაუბრა.
29 მარტს შინაგან საქმეთა სამინისტრომ განცხადება გაავრცელა რომელშიც ნათქვამია, რომ იზოლატორში მოთავსების პროცედურები აღბეჭდილია ვიდეო-სამეთვალყურეო კამერებზე. დაინტერესების შემთხვევაში, შესაბამის ორგანოებსა და უფლებადამცველს შესაძლებლობა აქვთ გაეცნონ არსებულ ვიდეოჩანაწერებს.
“ქართული ოცნების” შეფასებით, დადასტურდა, რომ ელენე ხოშტარიამ და მისმა მხარდამჭერებმა სიცრუე გაავრცელეს, რაც ვიდეომასალის ნახვის შემდეგ ცხადი გახდებოდა.
“ევროპული სტანდარტია პენიტენციურ სისტემაში განთავსების და ა.შ. აქედან გამომდინარე ყველა ის კანონი და რეგულაცია, რომელიც არის განსაზღვრული კანონმდებლობით, სრულად იყო დაცული. ელენე ხოშტარიასთან და სხვა ნებისმიერი ადამიანის მიმართებაში, ვერც პოლიტიკოსი და ვერც სხვა პროფესიის ადამიანი ვერ დადგება კანონზე მაღლა, ეს არის კანონის უზენაესობის მთავარი პრინციპი.
ამიტომ, თუ ვინმეს აინტერესებს სიმართლე, პირველ რიგში თავად ელენე ხოშტარია უნდა იყოს დაინტერესებული მისი წამების კადრები აყურებინოს მთელ მსოფლიოს იმიტომ, რომ “ნაციონალური მოძრაობის” დროს წამების კადრები ჩვენ ვიხილეთ არაერთხელ და დღეს მტკიცებულებები არსებობს. გამოითხოვოს მისმა ადვოკატმა შესაბამისი ჩანაწერები და ტელევიზიები ბევრი აქვთ, გაუშვან და გვაჩვენონ როგორ აწამებდნენ ელენე ხოშტარიას. თუმცა, ვინც ნახა გათავისუფლებული ელენე ხოშტარია, ნახავდა, რომ მას არანაირი წამების არაფერი ეტყობა.
ელენე ხოშტარია ამბობს, რომ მის მიმართ დაირღვა კანონი – შსს ამბობს, რომ არ დაირღვა. როგორ გავარკვიოთ სიმართლე? მიმართეთ შესაბამის უწყებას, დაიწყება გამოძიება, ამოვიღებთ კამერებს და ვნახავთ, აწამებდნენ თუ არა ელენე ხოშტარიას. შსს წინააღმდეგი ხომ არ არის, გამოძიების დაწყების?! კამერებს და ჩანაწერებს ხომ არ მალავს? მისცეს თანხმობა და გავასაჯაროებთ”, – აცხადებს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ლადო ბოჟაძე.
საკითხთან დაკავშირებით ცოტა ხნის წინ კომენტარი გააკეთა თავად ელენე ხოშტარიამაც – მისი განცხადებით, ის არცერთ ოფიციალურ სტრუქტურასთან არ ითანამშრომლებს.
“ადამიანის ღირსების დამამცირებელი მოპყრობის ფაქტი არ უარყო შინაგან საქმეთა სამინისტრომ საკუთარ განცხადებაში. მათ სცადეს, რომ ეს აეხსნათ რაღაცა ნივთიერების, ჩემი გამოწერილი წამლის სადღაც ექსპერტიზაზე წაღებას. მე კატეგორიულად არ ვთანამშრომლობ და არ ვითანამშრომლებ არც ერთ ოფიციალურ სტრუქტურასთან, არც სასამართლოსთან, არც შინაგან საქმეთა სამინისტროსთან, არც პარლამენტთან, არც კომისიასთან”, – აცხადებს პარტიის “დროას” დამფუძნებელი, “კოალიცია ცვლილებისთვის” ერთ-ერთი ლიდერი ელენე ხოშტარია.
ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ელენე ხოშტარია, რომლის თქმითაც, 29 მარტს, დაკავებისას, დამამცირებელი მოპყრობისა და ძალადობის მსხვერპლი გახდა, აცხადებს, რომ ახლა „ქართული ოცნების“ „პროპაგანდისტული არხების“ წარმომადგენლები ეკითხებიან, რატომ არ ითხოვს კადრების გასაჯაროებას.
„პოლიციაში ძალადობა და დამამცირებელი მოპყრობა არ აკმარეს ქოცებმა. ეხლა მომიქსიეს პროპაგანდისტული არხები, კუდში დამსდევენ და რატომ არ ითხოვ კადრების გასაჯაროვებასო“, – წერს ხოშტარია ფეისბუკზე.
„ანუ მე უნდა მოვითხოვო ჩემი იძულებითი და ძალადობრივი გაშიშვლების კადრების გასაჯაროვება. ანუ ის არ მეყო, ეხლა კიდე უნდა სამყაროს ვაყურებინო. ყოჩაღ, კარგად მოგიფიქრებიათ“, – მიმართავს ის „ქართულ ოცნებას“.
პოლიტიკოსმა რამდენიმე დღის წინ გაასაჯაროვა თავისი დაკავების დეტალები – დროებითი მოთავსების იზოლატორში შესახლების პროცედურის დროს, კერძოდ, ჩხრეკის/პირადი დათვალიერებისას, პოლიციის თანამშრომლებმა მას გაშიშვლება აიძულეს და მეტალოდეტექტორით შეამოწმეს.
უფლებადამცველები მიიჩნევენ, რომ „იძულებითი გაშიშვლების“ პრაქტიკა არის სახელმწიფოს რეპრესიული პოლიტიკის ნაწილი, რომელსაც აქციაზე დაკავებული მოქალაქეების წინააღმდეგ იყენებს.
ელენე ხოშტარიას მიმართ „შემზარავ მოპყრობას“ გამოეხმაურნენ ევროპელი და ამერიკელი პოლიტიკოსები და მომხდარი დაგმეს.
„პოლიციის მხრიდან იძულებითი გაშიშვლების პრაქტიკის დამკვიდრება ემსახურება აქტივისტების დაშინებას, დამცირებასა და დასჯას და მისი არასათანადოდ, პროცედურული გარანტიების გარეშე განხორციელება უკიდურესად პრობლემური და შემაშფოთებელია“, – განაცხადა „სოციალური სამართლიანობის ცენტრმა“.
ხოშტარია ახლა წერს:
„შსს-მ საკუთარ განცხადებაში ფაქტობრივად დაადასტურა ფაქტი და მეტიც, აქეთ გადაწყვიტა ჩირქის მოცხობა და მოიგონა რაღაც წამალი, რითიც გაშიშვლების ახსნა მოუნდათ;
შეიგნეთ და გაიგეთ, არ ვთანამშრომლობ არც შსს-სთან, არც სასამართლოსთან (არცერთზე არ ვყოფილვარ), არც პარლამენტთან, არც რაჟდენთან, არც კომისიებთან და საერთოდ არცერთ რუს არალეგიტიმურ წარმონაქმნთან;
ნუ ფაფხურობთ, მაინც ვერაფერს დამაკლებთ და მაინც დაისჯებით ყველა ფაქტისთვის და ყველა ადამიანის ღირსების შელახვისთვის“.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ 29 მარტს განაცხადა, რომ 28 მარტს, ხოშტარიას ადმინისტრაციული წესით დაკავების შემდეგ
„განხორციელდა შესაბამისი სამართლებრივი ღონისძიებები“;
„თავდაპირველად ის გადაყვანილი იქნა პოლიციის ადმინისტრაციულ შენობაში, შემდგომ კი დროებითი მოთავსების იზოლატორში“;
იზოლატორში მოთავსებამდე მის მიმართ „დაიწყო კანონით დადგენილი პროცედურების განხორციელება, რომელიც საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2016 წლის 2 აგვისტოს №423 ბრძანებით რეგულირდება“.
ესაა ბრძანება შსს-ის „დროებითი მოთავსების იზოლატორების ტიპური დებულებისა და შინაგანაწესის“ შესახებ.
თუმცა „სოციალური სამართლიანობის ცენტრი“ წერს, რომ დაკავებულის პირადი დათვალიერებისას, მის სრულად გაშიშვლებას ეწინააღმდეგება შს მინისტრის ბრძანება, რომელიც დროებითი მოთავსების იზოლატორში პირის შესახლების პროცედურას არეგულირებს.
რადიო თავისუფლება წერდა, რომ „შიშველი ჩხრეკა” ანუ დაკავებულთა სრული გაშიშვლება, რომელიც წლების განმავლობაში მანკიერ პრაქტიკად მიიჩნეოდა, ქალთა პენიტენციურ დაწესებულებებში, წინასწარი დაკავების იზოლატორებში, სახლებსა და პოლიციის სამმართველოებშიც გამოჩნდა.