მთავრობა “პირველივე წუთებიდან” ჩართული იყო პროცესში და ადგილზე სრული მობილიზება ჰქონდათ

პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე შოვში სტიქიის შემდეგ მიმდინარე სამძებრო-სამაშველო სამუშაოებზე ისაუბრა და განაცხადა, რომ მთავრობა “პირველივე წუთებიდან” ჩართული იყო პროცესში – მისი თქმით, ადგილზე სრული მობილიზება ჰქონდათ.
“მთავრობა ჩართული იყო პირველივე წუთებიდან, მოგეხსენებათ. ჩვენი გმირი მაშველები, 400-მდე მაშველი იყო ჩართული სამუშაოებში, 210 ჩვენი თანამოქალაქე იქნა გამოყვანილი სტიქიის ზონიდან უვნებელი, ასევე, მინდა გითხრათ, რომ ჩვენი გმირი ჯარისკაცები ჩაერთნენ ამ სამუშაოებში, ეხმარებოდნენ ჩვენს საამაყო, გმირ მაშვლებს.
მობილიზება იყო სრული გაკეთებული ჩვენი მხრიდან, ადგილზე იყვნენ ექიმები, ადგილზე არის მობილიზებული 100-ზე მეტი სპეციალური ტექნიკა, ბატონი ქარსელაძე თავად ხელმძღვანელობდა ამ სამუშაოებს და მინისტრები, რა თქმა უნდა, ვიყავი მობილიზებული ადგილზე”, – განაცხადა ღარიბაშვილმა.
5 აგვისტოს მმართველი პარტიის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ იმ პირობების გათვალისწინებით, რაც ხეობაშია, მთავრობას სრული რესურსი ჰქონდა მობილიზებული. კობახიძემ აღნიშნა ისიც, რომ სტიქიასთან დაკავშირებით “დასკვნების გამოტანა” არ უნდა იჩქარონ. მისი თქმით, ესმის “ემოციური ფონი”, თუმცა “საბოლოო ჯამში”, ყველაფერი გაირკვევა.
მანამდე, პრემიერმინისტრს ჰკითხეს, რატომ არ სთხოვა ხელისუფლებამ დახმარება მეზობელ ქვეყნებს, რაზეც ღარიბაშვილმა თქვა, რომ “ამის საჭიროება არ იყო”.
ამ პერიოდში ადამიანებს მორალი აძლევს საშუალებას, გააკეთონ განცხადებები, რომლის მსგავსიც არ გაუკეთებიათ, დაზარალებული ოჯახის წევრმაც კი გააზიარა ფეიკი – აცხადებს შოვში ჩასული მმართველი პარტიის ერთ-ერთი ლიდერი მამუკა მდინარაძე, რომელიც ხელისუფლების მისამართით გამოთქმული კრიტიკით უკმაყოფილოა და ყველაფერს ფეიკს უწოდებს.
როგორც მდინარაძე ირწმუნება, მმართველმა პარტიამ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ სტიქიის ზონიდან მოსახლეობის დროული ევაკუაცია განხორციელებულიყო.
“ამ პერიოდში ადამიანები ახერხებენ და მორალი აძლევს საშუალებას, რომ დასხდნენ და განცხადებები, რომლის მსგავსიც არ გაუკეთებიათ, ინტერპრეტირება, რომ შეიძლებოდეს ისეთი კი არა, საერთოდ რომ არ გაუკეთებიათ ასეთი განცხადებებს ავრცელებენ. თქვენ წარმოიდგინეთ, დაზარალებული ოჯახის ერთ-ერთმა წევრმაც კი როგორც მეუბნებიან გააზიარა, იმდენად გავრცელებული იყო, იმდენი გაზიარება ჰქონდა ასეთ ფეიკს.
იმ პირობების დროს, ის 4-5 საათი ვერსად ვერანაირი ვერტმფრენი ვერ იმუშავებდა. ასეთი ტექნიკა არ არსებობს. თუკი რაიმე ეჭვი შეიძლება არსებობდეს, ოდნავი მაინც, 1 %-იანი, ვინმეს, რომ სპეკულაციის საშუალება არ მიეცეს, საბოლოო დასკვნამდე წინასწარ, თუნდაც 1%-თან დაკავშირებით რაიმე წინასწარი დასკვნები არ გამოიტანოს ვინმემ, ალბათ სწორია და მათი კომპეტენციაა გამოძიების დაწყება, რომ ბოლომდე გამოძიების ფარგლებშიც ყველა კითხვას საბოლოო, ამომწურავი, დეტალური პასუხი გაეცეს” – ამბობს მდინარაძე
სტიქიის დაწყებიდან უმალვე განხორციელდა ყველა ღონისძიება. სხვა ქვეყნის დახმარება საჭირო რომ ყოფილიყო, არაერთხელ მიგვიმართავს და ამ შემთხვევაშიც ასე იქნებოდა, – ამის შესახებ გარემოს დაცვის მინისტრმა, ოთარ შამუგიამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
ოთარ შამუგიას თქმით, შესაბამისი სამსახურების გადასაწყვეტია, არსებობს თუ არა აუცილებლობა, რომ სამძებრო-სამაშველო პროცესში სხვა ქვეყანას სთხოვო დახმარება.
„ეს საგანგებო სიტუაციების სამსახურის, შესაბამისი სამსახურების გადასაწყვეტი და მათი სამართავი პროცესია. შესაბამისმა სამსახურებმა პროცესში ვერ დაინახეს აუცილებლობა და საჭიროება, ვინმესთვის დახმარება გვეთხოვა. რატომ უნდა ყოფილიყო რაიმე შეფერხება, თუ ამის საჭიროება იდგა? თუ ეს ადამიანებს უშველიდა, რა თქმა უნდა, უსწრაფესად იქნებოდა განხორციელებული. როგორც კი სტიქია მოხდა, მაშველები, ჩვენი სპეციალისტები, ყველა მაქსიმალურად სწრაფად იყვნენ ადგილზე მობილიზებული. შესაბამისმა სამსახურებმა ვერ დაინახეს საჭიროება, რაიმე ტიპის დახმარება ეთხოვათ სხვა ქვეყნისთვის, რომელიც იმ ვითარებაში გამოგვადგებოდა. ვხედავთ, რამდენად თავგანწირვით მუშაობენ ადამიანები უმძიმეს პირობებში. ძალიან მძიმე სურათია და მძიმე პირობებია სამუშაოდ, მაგრამ მაშველები ჯართან ერთად მუშაობენ და ყველაფერს აკეთებენ, რაც მათ შესაძლებლობებშია. სტიქიის დაწყებიდან ძალიან მალე ადგილზე იყვნენ მაშველები, შემდეგ – ვერტმფრენები. უმალვე განხორციელდა ყველა ღონისძიება. შესაბამისად, ყველაფერი გაკეთდა, რაც კი შეიძლებოდა, გაკეთებულიყო. ჩვენი სამაშველო სამსახურების შეფასებით, სხვა ქვეყნის დახმარებით მეტი ვერ გაკეთდებოდა. ამის საჭიროება რომ ყოფილიყო, ჩვენ არაერთხელ მიგვიმართავს. ხანძარი გვქონდა შარშან, მივმართეთ ჩვენს მეზობლებს და მათგან დახმარება მივიღეთ. ამ შემთხვევაშიც, რა თქმა უნდა, ასეც იქნებოდა“, – განაცხადა ოთარ შამუგიამ.
კითხვაზე, რატომ არ აწვიდნენ ოფიციალური პირები საზოგადოებას ინფორმაციას, რატომ არ ტარდებოდა ბრიფინგები, ოთარ შამუგიამ აღნიშნა, რომ შესაბამისი პირების მიერ საზოგადოების ინფორმირება მუდმივ რეჟიმში მიმდინარეობს.
„არ ვიცი, რა ბრიფინგზე საუბრობთ? ადგილზე იყო რამდენიმე მინისტრი. ჩასული იყო პრემიერ-მინისტრი, მან გააკეთა განცხადებები. მუდმივად ხდება ჩართვა სხვადასხვა მინისტრის და საგანგებო სიტუაციების სამსახურის უფროსის. სრული ინფორმირება ხდება მუდმივ რეჟიმში. ადგილზე მობილიზებულია მედია. ჩვენი გეოლოგიის დეპარტამენტის ხელძღვანელი დღეში რამდენიმე კომენტარს აკეთებდა არსებულ პროცესებთან დაკავშირებით, თუ რა მოხდა და როგორ მოხდა. ამ ადამიანებმა შეძლეს, რამდენიმე დღეში პირველადი შეფასება გაეკეთებინათ. ისე ხომ არ არის, რომ ავედით, რაღაც დავათვალიერეთ და დასკვნა დავდეთ. ზოგიერთი ამბობს, ნაჩქარევი დასკვნააო. დღე და ღამ მუშაობდნენ ადამიანები, რათა პირველი პასუხები ჩვენ გვეთქვა. ადამიანები სხვადასხვა სახის ინფორმაციას ავრცელებდნენ, მაგრამ ჩვენ ვართ სახელმწიფო ორგანო და რასაც ვამბობთ, რა განცხადებასაც ვაკეთებთ, პასუხისმგებელი ვართ, ინფორმაციები იყოს დაზუსტებული. სწრაფად და მოკლე ვადებში გაკეთდა პირველი შეფასება, რისთვისაც მინდა, მათ მადლობა გადავუხადო“, – განაცხადა ოთარ შამუგიამ.
გარემოს ეროვნულმა სააგენტომ 3 აგვისტოს მდინარე ბუბისწყლის ხეობაში (მდ. ჭანჭახის აუზი) განვითარებული სტიქიური მოვლენების პირველადი შეფასება გუშინ გამოაქვეყნა.
შეგახსენებთ, რომ კურორტ შოვში მეწყერი 3 აგვისტოს ჩამოწვა. სტიქიას ამ დროის მონაცემებით 18 ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის 14-ის იდენტიფიცირება მოხდა. სამძებრო-სამაშველო სამუშაოები ადგილზე დღესაც გრძელდება. ოფიციალური უწყებების ცნობით, ამ დრომდე 16 ადამიანს ეძებენ, თუმცა ცოტა ხნის წინ გავრცელებული ინფორმაციით, დაკარგულია კიდევ ერთი პირი.
სტიქიიდან მესამე დღეს მმართველი გუნდის ლიდერები ადგილზე გამოჩნდნენ